ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, ინფორმცია თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფები მათ მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომას არ დასწრებიან, წარმოადგენს ერთი მხრივ, სიცრუეს, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ადვოკატთა კორპუსის, ასევე სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობასა და უნდობლობას. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომა ბრალდებულთა მონაწილეობით ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ზოგიერთ მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია და ეჭვი, თითქოსდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიები - ოთარ ფარცხალაძე და მიხეილ ჩოხელი მათ მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომას არ დასწრებიან, წარმოადგენს ერთი მხრივ, სიცრუეს, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ადვოკატთა კორპუსის, ასევე სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობასა და უნდობლობას.

ღია და საჯარო სასამართლო სხდომა, სადაც ფარცხალაძის და ჩოხელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, ჩატარდა მათი უშუალო მონაწილეობით, 2018 წლის 5 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის პირველი წარდგენა, რა დროსაც სასამართლო მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ტარდება შემჭიდროვებულ ვადებში, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შუამდგომლობის განხილვის 24-საათიან ვადით. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს წარუდგინა ბრალი და სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლომ კანონით დადგენილ 24-საათიან ვადაში ჩანიშნა სხდომა, რომელიც ჩატარდა ბრალდებულების უშუალო მონაწილეობით.

ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის გარეშე სხდომის ჩატარების შესახებ მედიაში გავრცელებული ვარაუდი, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და მისი მიზანია ერთი მხრივ, ფარცხალაძის დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ, მისი თითქოსდა „გავლენების“ შესახებ უსაფუძვლო წარმოდგენის შექმნა საზოგადოებაში. ასევე, „სკანდალებზე მონადირე “ მედიასაშუალებების გასაკვირად უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად მოსამართლეც და პროცესში მონაწილე სხვა პირები, რის ამსახველ ვიდეომასალასაც დაცვის მხარე წარუდგნეს საზოგადოებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე გამოითხოვს ოთარ ფარცხალაძის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის აუდიო და ვიდეო ჩანაწერს. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, ჩანაწერი გავაცნოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას თუ არასამთავრობო ორგნიზაციას," - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.