"თვითონვე ამბობდა, მე მოვკალი, მოსაკლავი იყოო" - რატომ გაამართლეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულები - კვირის პალიტრა

"თვითონვე ამბობდა, მე მოვკალი, მოსაკლავი იყოო" - რატომ გაამართლეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები დიდხანს იხილავდნენ გახმაურებული მკვლელობის დეტალებს. მკვლელობა 2018 წლის 4 თებერვალს ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე მოხდა. 37 წლის დავით ქმოსტელს მეგობრის ბინიდან გამოსვლისთანავე ორი სხვადასხვა იარაღიდან 13 ტყვია დაახალეს. საქმეში ავტომატი და გადაჭრილი სანადირო თოფი ფიგურირებდა. მეორე დღესვე დანაშაული გახსნილად გამოცხადდა და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით ლევან ყანდორელაშვილი და მისი მეგობარი გიორგი ჭალელიშვილი დააკავეს. მკვლელობის მოტივად შურისძიება დასახელდა. თავიდან ითქვა, რომ ყანდორელაშვილი დანაშაულს აღიარებდა, თუმცა მისი ადვოკატი აცხადებდა, ლევანი უდანაშაულოა და აღიარება ზეწოლის შედეგიაო. ბრალდებულებმა საქმის განხილვა 12 ნაფიც მსაჯულს ანდეს, მათ კი ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.

"პროკურორი ამტკიცებდა, ეს მაისური ვიდეოში ლურჯი ჩანს, ისე შავიაო"

სულხან კომახიძე, ადვოკატი: - ყანდორელაშვილი ადრე ნარკოტიკის მომხმარებელი იყო. ეს კარგი საბაბი იყო ბრალდებისთვის. ლევანი და მისი მეგობარი გიგა სოფელ აღაიანში, გიგას ბაბუის სახლში დააკავეს. ჩხრეკისას ამოიღეს ხელყუმბარები და გიგასაც ბრალი წაუყენეს. პოლიციის მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუამ ლევანი ნარკოლოგიურში წაიყვანა. ლევანმა თქვა, გზაში ფსიქოტროპულებიც დამალევინეს და პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკიც გამიკეთესო. ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა და პროცესზეც თქვა, ყანდორელაშვილი არ იყო ადეკვატური, ექიმმაც დამიდასტურა, რომ მისი ქცევა ნარკოტიკის ზემოქმედებით იყო გამოწვეულიო. სანამ სახალხო დამცველი არ გამოჩნდა, პოლიციის შენობაში არ შემიშვეს. სასამართლოზე გამომძიებელმა თქვა, მაშინ ის ბრალდებული არ იყო და არ იყო აუცილებელი ადვოკატიო, არადა, სწორედ მაშინ არის ჩაწერილი ე.წ. აღიარება.

ბევრი შეუსაბამობა ადასტურებდა, რომ საქმე შეთითხნილი იყო. დაკავებისას ყანდორელაშვილს მოკლესახელოიანი ლურჯი მაისური და ჟილეტი ეცვა, პოლიციას კი ორი საათის შემდეგ ამოღებული აქვს შავი მაისური, რომელზეც მოკლულის სისხლი აღმოჩნდა. ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ელექტრონულ ვერსიას აკლდა 16 ფოტო. ექსპერტმა განაცხადა, უხარისხო ფოტოები იყო და წავშალეო.

პროკურატურის მტკიცებით, მათ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს ბოთლი, რომელზეც ლევანის დნმ აღმოჩნდა. ლევანი იქვე ცხოვრობს. თუნდაც გადაეგდო ბოთლი, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მან ადამიანი მოკლა?! სასამართლოზე მისმა ძმამ თქვა, მკვლელობის დროს ლევანი სახლში იყოო. გიგა ჭალელიშვილი კი მკვლელობის დროს საბურთალოზე იყო. ის მოკლულს არც იცნობდა... ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში თქვა, რომ ე.წ. აღიარებისას ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და ვიდეოთი აჩვენეს მეჯვრისხევში დაკავებული მისი ძმა, დეიდაშვილი, მამა და დედა - მეუბნებოდნენ, თუ დანაშაულს არ აღიარებ, მათ დავაკავებთო.

37 წლის დავით ქმოსტელს ორი სხვადასხვა იარაღიდან 13 ტყვია დაახალეს...

- მკვლელობის მოტივად რა დასახელდა? - კონფლიქტი. სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, გამოძიების ვერსიით, იყვნენ ოჯახის წევრები, კიდევ ერთი პირი გარეთ იდგა მკვლელობის დროს. მოწმე სურამელაშვილი ამბობს, ერთი პირი შემოვიდა ავტომატით და ისროლა, მაგრამ მე თავი ჩავღუნე და მისი ამოცნობა არ შემიძლიაო. ეს პირი ლევანი რომ ყოფილიყო, უნდა ამოეცნო, რადგან მას კარგად იცნობდა. ისიც გაირკვა, რომ ქმოსტელის ვალი ჰქონია ვიღაც ქალს, რომელმაც ბინა გაუყიდა, მოკლული კი ფულს სთხოვდა, მაგრამ ამ ვერსიაზე არავის უმუშავია. არც მობილური ტელეფონებიდან გასული და შემოსული ზარები შეუსწავლიათ.

- გამოძიების თქმით, ყანდორელაშვილის მაისურზე მოკლულის სისხლი აღმოჩნდა. - იმ მაისურზე ლევანის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა. ვიდეოშიც ჩანს, რომ მას ეცვა ლურჯი მაისური, საქმეში კი შავი მაისური დევს. პროკურორი ამტკიცებდა, ეს მაისური ვიდეოში ლურჯი ჩანსო, არადა, სხვა ნივთებიც ჩანდა ამ კამერაში და ფერები სადავო არ გაუხდიათ...

გიგას სახლიდან ამოიღეს ორი ხელყუმბარა, რომლებზეც გიგას გარდა, კიდევ სამი პირის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა, მაგრამ მისი ოჯახის წევრებისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. ბაბუა ყოფილა უშიშროების თანამშრომელი. ომის დროს მოუტანია სახლში ხელყუმბარები. ბებიამ თქვა, გავახვიე გაზეთში, კარადის თავზე დავალაგე და დამავიწყდაო.

"ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა წარდგენილ მტკიცებულებებს..."

განსხვავებული პოზიცია აქვს პროკურატურას. ჩვენ მათი პასუხი წერილობით მივიღეთ: "ამ გადაწყვეტილებით საზოგადოების წევრებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, დანაშაულის ჩამდენი ორი პირი დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ. ეს იყო საზოგადოების წარმომადგენელთა გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად უსამართლო და უკანონოა, არ გამომდინარეობდა სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.

მტკიცებულებები ადასტურებდა ბრალდებულების მიერ დანაშაულების ჩადენას, კერძოდ, ჩვენ გამოვიკვლიეთ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, სადაც ბრალდებული ლ. ყანდორელაშვილი აღიარებდა დანაშაულს. გამოძიებამ ამოიღო მისი მაისური, რომელიც ეცვა მკვლელობის დროს. ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მასზე იყო გარდაცვლილის სისხლი. სახლის ჭიშკართან, სადაც მკვლელობა მოხდა, ამოღებულია პოლიეთილენის ბოთლი, რომელზეც აღმოჩნდა ყანდორელაშვილის დნმ. ორივე ბრალდებულის ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების ნუსხით კი დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ორივე იყო ერთსა და იმავე ადგილას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი სოფელ აღაიანში, გ. ჭალელიშვილის ნათესავის სახლს შეაფარეს თავი. ლ. ყანდორელაშვილმა იქვე აღიარა დანაშაული...

ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულებს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ყველა ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულებმა ერთად მოკლეს ქმოსტელი... რატომ მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა ასეთი გადაწყვეტილება, მხოლოდ მათ იციან, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა წარდგენილ მტკიცებულებებს..."

"ვერ შევეგუები, რომ დათოს მკვლელები დაუსჯელები დადიოდნენ!"

სამართალს ითხოვს დავით ქმოსტელის დეიდა, რომელიც ცნეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, რადგან გარდაცვლილს მშობლები არ ჰყავდა.

მზია გორგალაჯევი, დავით ქმოსტელის დეიდა: - უდედმამოდ გაიზარდა დათო, მაგრამ არ გაბოროტებულა. 4 თებერვალს ერთი წელი ხდება მისი მკვლელობიდან. პროკურორი გვეუბნებოდა, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ დათოს მკვლელებსო და ისინი გარეთ გამოუშვეს. ვერდიქტი არ საჩივრდებაო. მკვლელები არ უნდა დაისაჯონ? ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ დამნაშავეები ესენი არიან. ყანდორელაშვილი თვითონ ამბობდა, მე მოვკალი, მოსაკლავი იყოო. მისი აღიარებითი ჩვენება მოისმინეს მსაჯულებმაც. დიდ ეკრანზე ვისმენდით, როგორი სიტყვებით, როგორი ღვარძლით იხსენიებდა დათოს. ამბობდა, ამდენჯერ ვესროლე, ჯვარედინად გადავცხრილე, მაგის დედაც, მაგის დამტირებელიც და იმისიც, ვინც მაგის შესანდობარს იტყვისო. ამ საშინელ სიტყვებს მთელი დარბაზი ისმენდა და მაინც გაამართლეს! ორი აღიარებითი ჩვენება იყო. ჩანაწერშიც ამბობდა, სასამართლოზე არ ვაღიარებ და როგორ დამიმტკიცებთ დანაშაულსო. ის ოთხჯერ არის ნასამართლევი. Pპრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალებით გამოვიდა და ისევ უკან შეაბრუნეს. მეორეც ნასამართლევია. ორივეს წინააღმდეგ ახლა კიდევ არის საქმე აღძრული. ვფიქრობ, სიმართლე ყველამ იცის, მაგრამ არ ამბობენ, რადგან რამდენჯერმე ნასამართლევი კაცის ეშინიათ. ყველაფერი უნდა შერჩეთ?! ჩვენ არ ვართ დაცულები, რადგან მკვლელები გარეთ გამოუშვეს! ჩემმა შვილიშვილმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და რა გარანტია გვაქვს, რომ სადმე არ დაგვხვდება? შიშით როდემდე უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ვინ დაგვიცავს?

- ამბობენ, დათოს ვალი ჰქონდათო, შესაძლოა, მკვლელობა ამას უკავშირდებოდეს. - მოსკოვში იყო, ერთ ოჯახში მუშაობდა; მერე მეორადი ავტონაწილების მაღაზიაც ჰქონდა. ძმაკაცის დამ დაურეკა, ჩემთან ერთოთახიანი ბინა იყიდება, იყიდე, ჩემზე გავაფორმებ და მერე შენ გადაიფორმეო. დათომაც გამოუგზავნა ფული და იყიდეს ის ბინა. გაიფორმა ძმაკაცის დამ, მერე კი დაუკითხავად გაყიდა და საბერძნეთში წავიდა. დათო რომ ჩამოვიდა, ბინა გაყიდული დახვდა. ის გოგო 500-500 ევროს უგზავნიდა საბერძნეთიდან; 4.000 დოლარი ჰქონდა გამოგზავნილი, 31.000 გადასახდელი ჰქონდა. ახლა იქით იშვერენ ხელს, იქნებ იმან მოაკვლევინაო, მაგრამ ეს გამორიცხულია. მათ შორის არ იყო დაძაბული ურთიერთობა. ის ფულს უგზავნიდა.

ნახეს ობოლი ბიჭი, რომელსაც არც მშობლები ჰყავდა, არც - ცოლი, არც სახლი ჰქონდა და ხელი შეაწმინდეს. ვერ შევეგუები, რომ დათოს მკვლელები დაუსჯელები დადიოდნენ! მაპოვნინეთ სამართალი!