"ჩემი შვილი შინიდან მეგობარმა გაიტყუა..." - სად გაუჩინარდნენ მოზარდები? - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი შინიდან მეგობარმა გაიტყუა..." - სად გაუჩინარდნენ მოზარდები?

არასრულწლოვანთა გაუჩინარების შემთხვევები არცთუ იშვიათია. ოჯახები დაკარგულ ბავშვებს წლობით ეძებენ და მათი პოვნის იმედს არ კარგავენ. იმას, რომ გაუჩინარებულები ხშირ შემთხვევაში ოჯახებს არ უბრუნდებიან, ზოგი სამართალდამცველების არაკვალიფიციურობით, ზოგიც კი სამოქალაქო საზოგადოების პასიურობით ხსნის. საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1164 მამაკაცი, 557 - ქალი, არასრულწლოვანი -196, უგზო-უკვლოდ დაკარგულებიდან ცოცხალია ნაპოვნი 1047, გარდაცვლილი - 189 კაცი. 681 გაუჩინარებული მოქალაქის ასავალ-დასავალი გაურკვეველია.

"კვირის პალიტრა" წლების წინ გაუჩინარებული არასრულწლოვნების ოჯახებს დაუკავშირდა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

გიგა ელიზბარაშვილის გაუჩინარებიდან 10 დღეში დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში დაიკარგა 14 წლის ვასილ წიკლაური, რომელიც 2010 წლის 26 სექტემბერს, დღისით, მეგობარ დავით ბურდულთან ერთად გავიდა შინიდან და მას შემდეგ მოზარდი არავის უნახავს. მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მათი შვილის მეგობარმა იცის სიმართლე, მაგრამ მალავს. ჩვენ დაკარგულის მამას, თამაზ წიკლაურს გავესაუბრეთ.

თამაზ წიკლაური:

"ჩემი შვილი 8 წელია, რაც გაუჩინარდა, და ამასობაში გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. დავდივარ, პასუხს ვითხოვ, აივსო პროკურატურა ჩემი განცხადებებით. რახანია ვითხოვ, კარგად დაჰკითხონ მისი მეგობარი დათო, რომელმაც იმ დღეს ვასიკო შინიდან გაიყვანა. გამომძიებლებმა მითხრეს, დავკითხეთ, მაგრამ არაფერს ამბობსო. არადა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იცის და გამტაცებლებმა ჩემი შვილი მას გააყვანინეს... ჩვენი სოფლიდან 7 კილომეტრში აზერბაიჯანის საზღვარია. არც ის არის გამორიცხული, ბავშვი გადაიყვანეს. დათო და ვასიკო 11 საათზე გავიდნენ. დათო ჩვენთან 2 საათზე მოვიდა ვასიკოს ძაღლთან ერთად. ჩემმა ცოლმა გაიხსენა, ბიჭი დაღლილი და სახეაწითლებული იყოო. როცა გამოვკითხე, მითხრა, ვასიკოს ძაღლი უნდა გაეტარებინა და დაბრუნებულიყო, მაგრამ ძაღლი ჩემთან მოვიდა და კარს ფხოჭნიდაო.

ვენი მეძებარი ვასიკოს თავს არ ანებებდა. კინოლოგები რომ მოვიდნენ, ძაღლი ჩვენი სახლიდან კვალზე წავიდა, სამთაწყაროდან გზა ამოდის, იქ მივიდა და მერე უაზროდ დაიწყო სირბილი. გვითხრეს, კვალი აქ იკარგებაო. მას მერე რა არ ვცადეთ, რომ ვასიკოს მეგობარი აგველაპარაკებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მხოლოდ იმას ამბობს, 2 საათი გორაზე ვისხედით, ვასიკომ მითხრა, ძაღლს გავასეირნებ და დავბრუნდებიო.

რა იქნება, ერთი წესიერი გამომძიებელი გამოჩნდეს? ან სიცრუის დეტექტორი გამოიყენონ. პატრონი არ გვყავს და ამიტომაც არ გვაქცევენ ყურადღებას. ოდესმე ხომ უნდა გავიგოთ, ცოცხალია თუ მკვდარი ჩვენი შვილი? ვასიკო ახლა 22 წლის გახდებოდა".

"ზოგმა ისიც გვითხრა, თურქეთში გადაიყვანეს და ცოცხალიაო"…

2013 წლის 7 აგვისტოს აჭარაში, სოფელ ახალშენში, 16 წლის დარეჯან დიასამიძე დაიკარგა. თავის დროზე, ათასი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ისიც, რომ გოგონა მოტყუებით თურქეთში გადაიყვანეს და ის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.

ამირან დიასამიძე, დარეჯანის მამა: "მეექვსე წელიწადი დაიწყო, რაც დარეჯანი გაუჩინარდა. მე თუ არ შევაწუხე, თვითონ არც ინტერესდებიან, არც წესიერად მცემენ პასუხს. ამას წინათ სამმართველოს უფროსმა მითხრა, ყველაფერს გავაკეთებ და 20 დღეში დაგირეკავთო, მაგრამ არც არაფერი... მიწა გასკდა და ჩაიტანა თუ ცამ ჩაყლაპა ბავშვი? არც ეჭვმიტანილი არსებობს, არც მოწმე, არც ამბის მომტანი... დარეჯანი უფროსების დაუკითხავად არსად მიდიოდა. რამდენი ჭორი გავრცელდა, ზოგმა გვითხრა, თურქეთში გადაიყვანეს, ცოცხალია და გამოჩნდებაო.…ძალით თუ წაიყვანეს, როგორ ვერავინ დაინახა?" იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ჩემი გოგოს დაკარგვის შემდეგ ტაქსის მძღოლიც გაქრა"