"რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ" - აფეთქებას ფონიჭალაში დედა-შვილი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ" - აფეთქებას ფონიჭალაში დედა-შვილი ემსხვერპლა

15 ნოემბერს, ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

"44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა - 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ნანრევებში მოყოლი დედა-შვილს კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გარშემო რამდენიმე კორპუსი შეზანზარდა. შემთხვევის თვითმხილველი ტრაგედიის შესახებ გვიამბობს:

- საშინელი ხმა იყო, ზუსტად რა მოხდა, ვერ გეტყვით, ერთ-ერთ მეზობლის თქმით, თითქოს უბედურება გაზის გამათბობელს მოჰყვა, რომელიც დაზიანებული იყო. აფეთქება მესამე სართულზე მოხდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებიც დაანგრია.  ხმა კილომეტრის მანძილზე ისმოდა, - ტრასაზე მიმავალი მანქანებიც კი გაჩერდა. თავდაპირველად ითქვა, რომ არავინ დაიღუპაო, ნეტავ ასე ყოფილიყო... აფეთქების ადგილი ფონიჭალაში

მესამე სართულზე 3 ადამიანი კი დაშავდა, დამწვარ-დასახიჩრებულები გამოიყვანეს, მაგრამ საბედნიეროდ იცოცხლებენ. რაც მთავარია, 4 წლის ბავშვი გადარჩა სრულიად უვნებელი, - პატარა გამოსასვლელი კართან დამალულა და საღსალამათი გამოიყვანეს.

ტრაგედია დატრიალდა მე-2 სართულზე, სადაც  აფეთქების გამო მოგლეჯილი ბეტონის ფილა ჩავარდა, მის ქვეშ კი დედა-შვილი მოჰყვა. მესამე სართულიდან დაშავებულების გამოყვანის  პარალელურად, მაშველები მეორე სართულზეც ცდილობდნენ შესვლას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. გასაღები რომ მოიკითხეს, მეზობლებმა არ იცოდნენ სად შეიძლება ყოფილიყვნენ ოჯახის წევრები ან საერთოდ ვინმე თუ იქნებოდა ბინაში. ბოლოს კარი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ. კარგა ხნის ძებნის შემდეგ იპოვეს გარდაცვლილები, ამისთვის სპეციალური ტექნიკაც კი დასჭირდათ.

გარდაცვლილები არიან სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი. რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ. განადგურებულები ვართ...

(სპეციალურად საიტისთვის)