"ბავშვი გულში ჩახუტებული ჰყოლია, ასევე იპოვეს დედა-შვილი" - რამ გამოიწვია ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა - კვირის პალიტრა

"ბავშვი გულში ჩახუტებული ჰყოლია, ასევე იპოვეს დედა-შვილი" - რამ გამოიწვია ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

სიკვდილმა ამჯერად ფონიჭალაში გაჟონა

15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო აატირა. დღის 11 საათი ხდებოდა, როცა მოსახლეობამ საშინელი აფეთქებისა და ნგრევის ხმა გაიგონა და გარეთ გამოსულებს უმძიმესი სურათი დახვდათ - კორპუსის სამი სართული მთლიანად ჩამოშლილიყო. მოსახლეობამ დახმარებისთვის სამაშველო სამსახურში დარეკა და თავადაც ცდილობდა დახმარებას. პირველი, რაც მაშველებმა ოპერატიულად მოახერხეს, ამწეს დახმარებით მეორე სართულიდან სამი მობინადრე ამოიყვანეს, სამივეს ძლიერი დამწვრობა ჰქონდა მიღებული.

აზერბაიჯანელი 44 წლის მამაკაცი, 24 წლის ქალიშვილი და 6 წლის ბავშვი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ ბინა მესამე სართულზე ჰქონდათ ნაქირავები. სავარაუდოდ, სწორედ მათ ბინაში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია ძლიერი აფეთქება და ორი სართული ჩაიტანა. აფეთქების დროს ეზოში იყო იმავე სადარბაზოს პირველი სართულის მობინადრე ლამარა სამხარაძე, რომელიც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მეორე სართულზე მისი მაზლიშვილი თავის პატარასთან ერთად იყო ბინაში. მაშველებმა სასწრაფოდ დაცალეს კორპუსი მობინადრეებისგან. მალე კორპუსთან მივიდნენ დაკარგულების ოჯახის წევრები, რომლებიც შენობაში შესვლას ცდილობდნენ. "ჩემი შვილი მანახეთ, შემიშვით", - ღრიალებდა დაკარგული სოფო ყაველაშვილის მამა. პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა მისმა სიძემ, ხვიჩა ცერცვაძემაც, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ცოლ-შვილი სახლში დატოვა და სამსახურში წავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ჩახუტებული დედა-შვილის ცხედარი ამოიყვანეს. ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები იმ მაშველებისთვისაც, რომლებიც მთელი დღე თავგანწირვით მუშაობდნენ. ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს, ექსპერტიზის შემდეგ სოფო ყაველაშვილი და პატარა ნიკოლოზ ცერცვაძე ჭიათურაში გადაასვენეს.

ხათუნა სამხარაძე, სოფო ყაველაშვილის ნათესავი: - წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ ეს საშინელი ტრაგედია ჩვენს თავს ხდება. სოფო მზრუნველი, კეთილშობილი გოგო იყო, პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა და ძალიან კარგი მეუღლე ჰყავდა, ხვიჩა ცერცვაძე. ოთხი წელი შვილი არ ჰყავდათ და წლის და ორი თვის ნიკოლოზი ოჯახის დიდი სიხარული იყო.

- ამბობენ, რომ იმ კორპუსში ცხოვრობდნენ სოფოს გამზრდელი ბიცოლა, ლამარა სამხარაძე და ბიძა გიგლა ყაველაშვილი. - დიახ, მეორე სართულზე იყო სოფო თავისი ოჯახით, პირველ სართულზე კი ჩემი დის ოჯახი. სოფოს უმცროსი ძმაც იქ ცხოვრობდა. მეც იმ კორპუსში ვცხოვრობ, გვერდით სადარბაზოში. ერთოთახიანი ბინა ჰქონდათ და მისაღებში ედგათ საწოლი, მის გვერდით ბავშვის საწოლი იყო, ბავშვის საწოლი უვნებელია. ეტყობა, მეუღლის წასვლის შემდეგ სოფომ ბავშვი თავის საწოლში გადაიწვინა და გულში ჩახუტებული ჰყოლია, ასევე იპოვეს დედა-შვილი.

- ზედა სართულის მეზობელს ხომ არ იცნობდით? - ბინის მეპატრონეს ვიცნობ. გარემონტებული ბინა ჰქონდა, არა მგონია, გაუმართავი ჰქონოდა გამათბობელი. მიზეზს, ალბათ, გამოძიება დაადგენს.

ამ დრომდე საავადმყოფოშია დაშავებული სამი მობინადრე. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.""სამივეს თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და გარე ტრავმები აქვს - ბაბუას 65% სხეულის თერმული დამწვრობა, შვილს - 55. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია 6 წლის გოგონა. მას მხოლოდ სახე და მტევნები აქვს დამწვარი". ექიმის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა 44 წლის მამაკაცისა და 24 წლის ქალის მდგომარეობა.

სამართალდამცველებსა და მაშველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ინჟინერ-კონსტრუქტორები მუშაობდნენ. ისინი საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობას სწავლობენ. სავარაუდოდ, კორპუსს შეაკეთებენ. მანამდე 28 ოჯახი სასტუმროებში დააბინავეს. დაზიანებულია მეზობელი სადარბაზოს ბინები და ეზოში რამდენიმე ავტომანქანა.

შემთხვევის ადგილზე "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები ცდილობენ ტრაგედიის მიზეზის დადგენას. რამდენიმე მობინადრის თქმით, კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ "ყაზტრანსგაზშიც" დარეკეს, მაგრამ არავინ მივიდა. ჩვენ ეს ინფორმაცია "ყაზტრანსგაზში" გადავამოწმეთ.

"როგორც კი შეტყობინება შედის ცხელ ხაზზე, მაშინვე მიდის სწრაფი რეაგირების ჯგუფი. ინფორმაცია რომ გვქონოდა, რეაგირება უსწრაფესი იქნებოდა. გამოძიებაში ჩართული არიან ჩვენი სამსახურის თანამშრომლები, როგორც კი გვექნება დასკვნა, მაშინვე საზოგადოებას გავაცნობთ" - განგვიმარტა "ყაზტრანსგაზის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

როგორ ავიცილოთ ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევა

ენერგეტიკოსი გია არაბიძე მოსახლეობას ურჩევს ზამთრის სეზონის დაწყებამდე გამათბობლები სპეციალისტებს შეამოწმებინონ.

- ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გავრცელებულ ფირში მხოლოდ წყლის გამაცხელებელი დანადგარი ვნახე, სავარაუდოდ, იქიდან ჟონავდა გაზი. ამ ხელსაწყოს მუშაობის ასეთი სისტემა აქვს: მოუშვებ წყალს, აინთება გაზი და წყლის გათბობა დაიწყება, დაკეტავ წყალს და გაზიც ჩაქრება. თუ ავტომატიკა არ არის გამართული, გაზის წვა აღარ მიმდინარეობს და დაუწვავი გაზი ოთახში გამოდის. გაზს აქვს ასეთი თვისება, თუ დახურულ შენობაში კონცენტრაცია 6-დან 17 პროცენტამდეა, ამას შეიძლება ხანძარი მოჰყვეს, ყველაზე მძიმე სიტუაციაა, როცა კონცენტრაცია 9 პროცენტის ფარგლებშია, ასეთ დროს აფეთქება ხდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა გარეგანმა მიზეზმა, თუნდაც ტელეფონის ზარის ხმამ, კარის გაღებამ, ოთახში შუქის ანთებამ და ა.შ. შეიძლება თვითაფეთქებაც მოხდეს.

- ასეთი სიძლიერის აფეთქებას გამოიწვევდა? - დიახ, ნამდვილად უნდა ყოფილიყო იმ სიძლიერის ნგრევა, რაც ჩვენ იქ ვნახეთ.

ბინის მეპატრონეები დაზარალებულები არიან და ალბათ, მათთან კონტაქტი არ იქნება ადვილი, მაგრამ ბევრი კითხვა გაჩნდა, უპირველესად, რატომ ვერ იგრძნეს ოდორანტის სუნი? არა მგონია, სადმე გაზი ოდორანტის გარეშე იყოს. შეიძლება იგრძნეს სუნი, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. მაგრამ, თუკი 9 პროცენტამდე მივიდა კონცენტრაცია, მიკვირს, როგორ ვერ იგრძნეს.

- ზამთარი მოდის და ეს პრობლემა ისევ დგას, რას ურჩევდით მოსახლეობას? - სანამ დასახმარებლად მოვა ჯგუფი, პირველ რიგში თავად გააღეთ კარ-ფანჯარა. წესად უნდა აქციოთ - გაზქურაზე თუნდაც წყლის ადუღების შემდგომ რამდენიმე წუთით გამოაღოთ ფანჯარა და ოთახი გაანიავოთ. არც იმის გარკვევაა რთული, გროვდება თუ არა ბინაში გაზი: ღრუბელს წაუსვით საპონი, ააქაფეთ და ქაფი წაუსვით იმ ადგილებს, საიდანაც ბუნებრივ აირს რთავთ. თუ ბუშტუკები გაჩნდა, სასწრაფოდ უნდა გადაკეტოთ ცენტრალური მილი. სასწრაფოდ უნდა გააღოთ ყველა ფანჯარა, კარები, გაანიავოთ ოთახები და მაშინვე დარეკოთ ცხელ ხაზზე.

2015-2017 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვით ინტოქსიკაციის თუ სხვა შემთხვევების რაოდენობა 630-დან 730-მდე იყო, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. ამ პრობლემას დეტექტორები მოაგვარებს, ამიტომ ყველას უნდა გვქონდეს შინ დამონტაჟებული. დეტექტორი აკონტროლებს, ბუნებრივი აირი ჟონავს თუ ნამწვი. მოხმარების საფასურის ქვითრებზე ზამთრის პერიოდში მაინც უნდა იყოს მითითებული რეკომენდაცია დიდი ასოებით, ასევე ის ნომერი, რომელიც ასეთ დროს უნდა აკრიფონ.