თბილისის საკრებულოს წევრს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

თბილისის საკრებულოს წევრს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გორგაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ გორგაძე და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

"წარდგენილი ბრალის თანახმად, თ. გ.-ს ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თ. გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რომელთაც ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლის შესახებ, კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა სურდათ. ბრალდებული თ. გ. ე.ხ.-ს დაპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მის ახლობელს შეიწყალებდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, თ. გ. მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 3 500 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ბრალდებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხა ლიფტის შახტაში ჩააგდო.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ თ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"