"გვარამიას სააკაშვილს მივმართავ: ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული ნარკომანი ხართ" - ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო - კვირის პალიტრა

"გვარამიას სააკაშვილს მივმართავ: ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული ნარკომანი ხართ" - ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესთან, ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე, გუშინ დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება“, - აცხადებენ შსს-ში.

„რუსთავი 2-მა“ გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. სიუჟეტის თანახმად, კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას და ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

აღნიშნულ სიუჟეტს თავად ლაშა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა გუშინ. მან დაადასტურა, რომ საჭესთან ნასვამი იჯდა, თუმცა მისი თქმით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნაცვლიშვილი შსს-ს მოუწოდებს, ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება.

ლაშა ნაცვლიშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:

"1. ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს - ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.

2. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

3. გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც".