"ბავშვი და კაცი ვინც მოკლა, მათი ამოცნობა შემიძლია" - რას ამბობს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი? - კვირის პალიტრა

"ბავშვი და კაცი ვინც მოკლა, მათი ამოცნობა შემიძლია" - რას ამბობს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი?

რაიან სმიტისა და მისი შვილის მკვლელების ამოცნობა შემიძლია, რადგან ისინი დავინახე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის მწყემსმა, მალხაზ კობაურმა განუცხადა.

"ინტერპრესნიუსმა" კობაურს რამდენიმე შეკითხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნა.

როგორც 19 წლის მწყემსი აცხადებს, ის მზად არის, თუკი გამოძიება დაინტერესდება, მის მიერ დამნაშავედ დასახელებული პირის ამოცნობაში მონაწილეობა მიიღოს, მათ შორის, საგამოძიებო უწყებას ფოტორობოტის შექმნაში დაეხმაროს.

"ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე დამაბრალეს. რაც შეეხება იმას, ცხედრების ადგილი საიდან ვიცოდი, ვეძებე და ქალი და ბავშვი ასე ვიპოვე. თავიდან ჩემი ნებით ვეხმარებოდი გამოძიებას, სანამ არ დამიწყეს დაშინება და მუქარები. შემდეგ უკვე, როგორც თვითონ უნდოდათ, ისე აკეთებდნენ ყველაფერს, მე არც კი მეკითხებოდნენ", - აცხადებს მწყემსი.

შეკითხვაზე, სად იმყოფებოდა შემთხვევის დროს, ბრალდებულის თქმით, ჩანჩქერზე ბანაობდა.

"მე ჩანჩქერზე ვბანაობდი. მერე ორი უცხო კაცი მოვიდა და რაიან სმიტთან და მის შვილთან მიმიყვანეს. კაციც და ბავშიც ჩემი თანდასწრებით მოკლეს. ქალი არ ვიცი, სადღაც წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე უცხო პირები იყვნენ და მათგან ორის ამოცნობა შემიძლია, დანარჩენის გამიჭირდება. ბავშვი და კაცი ვინც მოკლა, მათი ამოცნობა შემიძლია. ფოტორობოტის შექმნაშიც შემიძლია დახმარება", - აღნიშნავს ბრალდებული.

"ინტერპრესნიუსი"