"თაკო სალაყაიას ბიძა-ბიცოლამ მთელი ქონება წაგვართვეს!" - კვირის პალიტრა

"თაკო სალაყაიას ბიძა-ბიცოლამ მთელი ქონება წაგვართვეს!"

ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახლდათ. პრეზიდენტი სააკაშვილი გავლენიანი სტუმრების თანხლებით კახელი ბიზნესმენის ხშირი სტუმარი იყო სოფელ სანიორეში, სანავარდოს პარკში. ნოდარ საქუაშვილი 2007 წელს გარდაიცვალა. მისი მრავალმილიონიანი ქონება კი სასამართლო გარჩევებისა და დანაშაულებრივი ინტრიგების საბაბად იქცა. დავა იმითაც არის საყურადღებო, რომ ამ გარჩევებში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის სახელი ფიგურირებს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნოდარ საქუაშვილის ყოფილ მეუღლე ლია ელიზბარაშვილთან:

- 1980 წელს დავქორწინდით, მე 18 წლის ვიყავი, ნოდარი 19-ის. სამი ქალიშვილი შეგვეძინა. ვიყიდეთ ნაკვეთი და 10 წელი ვაშენებდით  სახლს. ისე მოხდა, რომ ჩვენს სახლში საცხოვრებლად გადმოვიდნენ დედამთილი, მამამთილი და მული თავისი ოჯახით. ჩემი მულის ქმარი თაკო სალაყაიას ბიძა ნუგზარ ჯინჭველაძეა. ჩვენს სახლში თაკო სალაყაია და მერაბიშვილი ხშირი სტუმრები იყვნენ. ჩემი მეუღლე ყველანაირად პატრონობდა დისშვილებს, რადგან მაშინ ძალიან უჭირდათ. მერე ჩემმა ქმარმა რუსეთსა და ყირგიზეთში დაიწყო ფულის შოვნა, მოგვიანებით, როცა საკმარისი კაპიტალი დააგროვა, თელავში დაბრუნდა და ღვინის ქარხანა ააშენა სოფელ სანიორეში.

KvirisPalitra.Ge2000 წელს ოჯახში ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ იძულებული ვიყავი, სახლიდან წამოვსულიყავი, მაგრამ ქმარს ოფიციალურად არ გავშორებულვარ. 2004 წელს სასამართლოდან შეტყობინება მივიღე, რომ ჩემმა მეუღლემ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის, არც სასამართლოში გამოვცხადებულვარ. ახლა კი ირკვევა, რომ განქორწინება ისეა გაკეთებული, რომ განცხადებასა და სხვა დოკუმენტებზე ნოდარის ხელმოწერა გაყალბებულია, არც სასამართლოზე ყოფილა და არც მისი ვითომ ადვოკატის რწმუნება დევს საქმეში, ანუ ეს იყო ყალბი განქორწინება. გაირკვა, ისიც, რომ სასარჩელო განცხადებასა და ყველა სხვა საბუთზე, რომელიც განქორწინების საქმეს უკავშირდებოდა, ნოდარ საქუაშვილის ხელმოწერა არ არის. ეს დაადასტურა ექსპერტის დასკვნამ. გადავამოწმეთ  განქორწინების რეგისტრაცია  მაშინდელ მმაჩის ბიუროში. სამოქალაქო რეესტრიდან ამოვიღეთ სარეგისტრაციო ჟურნალი და იქაც აშკარად ჩანს სიყალბე, განქორწინების რეგისტრაცია სტრიქონებს შორის არის ჩამატებული და ნუმერაციაც შეცვლილია.

ჩემი მეუღლე 2007 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. უცხოეთში ხელოვნური სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

- ხელოვნური სიმსივნე?

- დიახ, სიმსივნის ხელოვნურად გამოწვევის ტექნოლოგიებიც არსებობს თურმე. ოღონდ ამაზე უბრალო ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ. ნოდარის სიკვდილის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. დღეს ნოდარ საქუაშვილის ხუთი შვილი, ფაქტობრივად, ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. ჩემს შვილებს იმ სახლში მისვლის უფლებაც არა აქვთ, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე 10 წელი ვაშენებდით. აუდიტორული დასკვნით მისი ქონება 5 მილიონად შეფასდა, თუმცა რეალურად მისი ქონება 8-9 მილიონი მაინც იქნებოდა.

- პირველი რიგის მემკვიდრეები მშობლები და შვილები არიან და როგორ დარჩნენ თქვენი შვილები მემკვიდრეობის გარეშე?

- გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნოდარმა ბანკიდან ყურძნის შესასყიდად 2-მილიონიანი მიზნობრივი კრედიტი აიღო. მძიმედ იყო ავად, იცოდა, რომ დიდი დღე არ ეწერა და ვიცი, ანდერძიც ჰქონდა დაწერილი, ისიც, როგორ უნდა გადახდილიყო ბანკის 2-მილიონიანი კრედიტი. მაგრამ ანდერძი არსად ჩანს, გააქრეს და საქმე ისე მოაწყვეს, რომ მთელ ქონებას ნუგზარ ჯინჭველაძის ოჯახი დაეპატრონა.

ნოდარის გარდაცვალების შემდეგ ქონება პირველი რიგის მემკვიდრეებს, მის მშობლებსა და ხუთ შვილს შორის უნდა განაწილებულიყო (ორი შვილი ნოდარს სხვა ქალთან ჰყავდა).  შეკრიბეს ჩემი შვილები და უთხრეს, მამათქვენს ბანკის 2-მილიონიანი ვალი აქვს, რასაც ვერ გადაიხდით. ეს ვალი ჩვენ უნდა გადავიხადოთ, თუ არა და მთლიან ქონებას დაკარგავთო. ეს ვალი რომ გადავიხადოთ, ქონების დიდი ნაწილი პაპაზე უნდა გადააფორმოთ, ამიტომ წილის გადანაწილების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოაწეროთ, რომ ქონების დიდ ნაწილს პაპას გადასცემთო. მე ამ დროს უცხოეთში ვიყავი, შვილები გავაფრთხილე, არაფერზე მოეწერათ ხელი, მაგრამ სანამ ჩამოვედი, ყველაფერი დამთავრებული იყო. ბავშვებმა ზეწოლას ვეღარ გაუძლეს. ბავშვებს (რომელთა შორის ერთ-ერთOი არასრულწლოვანი იყო) ხელი მოაწერინეს სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულებაზე, რითაც  ნოდარ საქუაშვილის ქონების უდიდესი ნაწილი მამამისს, კოსტა საქუაშვილს გადაეცა. ბავშვები დააშანტაჟეს, თუ ხელშეკრულებას სასწრაფოდ არ მოაწერთ ხელს, ბანკს მთელი ქონება მიაქვს, მამათქვენს კი საფლავიდან ამოიღებენო.

- საფლავიდან ამოღება რა შუაში იყო?

- ნოდარი  სანავარდოს პარკშია დაკრძალული. სწორედ იქ, სადაც პრეზიდენტს ხშირად ჩაჰყავდა მაღალი რანგის სტუმრები. სანავარდო ბანკშია დაგირავებული და სწორედ ამით დააშანტაჟეს ბავშვები, არადა ბანკისთვის ვალის გადახდა 2011 წლამდე იყო გათვალისწინებული. ერთი სიტყვით, ვალის გადახდა 80 წლის პარალიზებულ მამას დააკისრეს. ერთ თვეში კი კოსტა საქუაშვილმა მთელი ქონება ჩემს მულს, ქეთევან ჯინჭველაძეს "აჩუქა", ვალი კი ვალად დარჩა. ჩემს შვილებს მამის დანატოვარი მრავალმილიონიანი ქონებიდან შპს "ავტოგაზ პირველის" 40%-იანი წილიდან 1/7 შეახვედრეს, მალე კი გავარკვიე, რომ ეს წილიც ამ კრედიტის სანაცვლოდ ყოფილა დაგირავებული ბანკში და იმის გამო, რომ კოსტა საქუაშვილი ბანკის ვალს არ იხდის, "ავტოგაზი" ბანკს მიაქვს ვალში. "შუამთის რესტორნიდანაც" წილის 1/7 არგუნეს ბავშვებს (თითოეულს), მაგრამ თურმე (ესეც სიყალბე) რესტორანი 2011 წლამდე იჯარით ყოფილა გაცემული თვეში 100 ლარად და აქედან ჩემს შვილებს თვეში 14 ლარი ეკუთვნის!  ნოდარ საქუაშვილის მცირეწლოვან შვილს ახლა წამლის ფულიც არა აქვს, რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი აფთიაქში შეხვდა  თავის ნახევარ და-ძმის დედას. ბავშვი ავად ჰყოლია და დედამისმა 12-ლარიანი წამალიც ვერ უყიდა, ეძვირა.

ორი წელია პროკურატურაში დავდივარ, რამდენიმე საჩივარი მაქვს შეტანილი. ხელთა მაქვს ექსპერტის დასკვნები, აშკარა, მამხილებელი დოკუმენტები, რომ უამრავ გაყალბებასა და კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხელს არ ატოკებს არავინ. იმხელა წინააღმდეგობებს ვაწყდები, რომ ვხვდები, აქ ძლიერი ხელის გარეშე არაფერი გამოვა. ის მინდა გავარკვიო, ჯინჭველაძეები მერაბიშვილის სახელს უბრალოდ იყენებენ, თუ მართლა მინისტრის მითითებითა და ბრძანებით ხდება ეს ყველაფერი.

ვანო მერაბიშვილს სამი წერილი  მივწერე, პასუხი კი არც ერთზე მიმიღია. საქმე ის არის, რომ მის ადმინისტრაციაში ქეთევან ჯინჭველაძის შვილი მუშაობს. იცით, რა მაეჭვებს? რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი, პასუხი კი არ მაღირსეს. შეხვედრა რამდენჯერ მოვიწადინე ვანო მერაბიშვილთან, მაგრამ არც ეს გამომივიდა. ახლა მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით  ვკითხო მინისტრს: ბატონო ვანო, მართლა თქვენ გიდგათ ფეხი ხუთი ობლის ცოდვაში? მთელმა საქართველომ იცის, თუკი ვინმე საპატიო სტუმარი ჩამოდიოდა საქართველოში, სანავარდოში ჩამოჰყავდა პრეზიდენტს. პრეზიდენტის თითო ვიზიტი 50.000 ლარი მაინც უჯდებოდა ნოდარ საქუაშვილს, მაგრამ ამას უანგაროდ აკეთებდა. სტუმარი უყვარდა, დღეს კი მისი შვილები ულუკმაპუროდ არიან დარჩენილი.

- პრეზიდენტისთვის არ მიგიწერიათ წერილი?

- კი, მის რეზიდენციაშიც ჩავაგდე წერილი. პასუხიც მივიღეთ, მოსწერეს პროკურატურას, მიხედეთ ამ საქმესო, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი! წერილობანა კარგად ეხერხებათ. მეორედ მივედი, დავდექი შესასვლელში და განვაცხადე, ვინმე დამელაპარაკოს, თორემ აქედან ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი. ვიღაც ბიჭი გამოვიდა, რაშია საქმეო? ვუთხარი,  წერილი გამოგიგზავნეთ, გამაგებინეთ, წერილები პრეზიდენტამდე თუ მიდის-მეთქი? აბა, თქვენ როგორ გგონიათო? რომ მიდიოდეს, დავიჯერო, პრეზიდენტი ასე გულცივად მოექცეოდა ნოდარ საქუაშვილის ობლებს-მეთქი? ისევ ჩავაგდე ის წერილი, მაგრამ ისევ არანაირი შედეგი.