"თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია. ხელყუმბარა მისი მკვლელობის შემდეგ შემოიტანეს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია. ხელყუმბარა მისი მკვლელობის შემდეგ შემოიტანეს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება

მოვითხოვთ, შეიქმნას სპეციალური კომისია და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე კომისიის მიერ იქნეს გარჩეული. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოთხოვნა. გვსურს, ყველა მტკიცებულება გაიხსნას და მერე მოხდეს მასზე მსჯელობა, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის აღნიშნული პრესკონფერენციით კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუს გამოეხმაურა. კუბლაშვილი მაჩალიკაშვილის მკვლელობის წლისთავზე ამ საქმის დასრულებას ითხოვს.

"თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღიდან, ზუსტად ერთი თვის თავზე, 26 დეკემბრის გამთენიისას, მისი ლიკვიდაცია მოხდა, ეს არის უმძიმესი პერიოდი, მოვითხოვთ, ამ პერიოდისთვის თბილისის პროკურატურამ დაასრულოს გამოძიება, მიიღონ შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ეს არის გახმაურებული დანაშაული, მოვითხოვთ, პასუხი გაეცეს კითხვებს, მოხდა თუ არა, სპეცრაზმელის მიერ მისი უფლებამოსილების გადამეტება, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს, ან შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და გვითხრან, პირდაპირ გამოაცხადონ, რომ დანაშაული არ მომხდარა.

ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, ერთი წლის თავზე მოვითხოვოთ თემირლან მაჩაკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება. დღეს თუ ხვალ, საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს ადამიანის სიცოცხლის უხეში ხელყოფისთვის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის, მისი ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის", - აცხადებს კუბლაშვილი.

ირაკლი ჩიმაკაძის ინტერვიუს გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. როგორც ის აღნიშნავს, თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის მისი სიკვდილის შემდეგ მიიტანეს.

"რაც შეეხება ჩიმაკაძეს, რასაც სუს-ის დანარჩენი თანამშრომლები იძახიან, იმას იძახის ჩიმაკაძეც. თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია. ხელყუმბარა მისი მკვლელობის შემდეგ შემოიტანეს. ჩვენ 4 საათის განმავლობაში მძევლად ვიყავით აყვანილი, ვიდრე იმ ხელყუმბარას მოიტანდნენ. მეორე სართულზე, თემირლანის ოთახში, რომ ამიყვანეს და მითხრეს, თემირლანმა წინააღმდეგობა გაგვიწიაო, ლოგინს, იატაკს რომ შევხედე, მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. იქვე ეგდო თემირლანის ტელეფონი, რომელიც სისხლში იყო ამოსვრლი, ასევე ყურსასმენებიც.

რა ხელყუმბარაზე საუბრობთ-მეთქი, ვკითხე. გახედე, ხელმარცხნივ ხელყუმბარააო, მითხრეს. გავხედე და ერთი წვეთი სისხლი არ იყო იმ ხელყუმბარაზე. შეხედეთ, ამაზე ერთი წვეთი სისხლიც არ არის-მეთქი, ვუპასუხე. თემრილანს ხელში რომ სჭეროდა ხელყუმბარა, ის სისხლში ამოსვრილი უნდა ყოფილიყო.

თემირლანი ადგილზეა მოკლული. მას ისეთი იარაღიდან აქვს მიყენებული ჭრილობა, რომ ის ფაქტობრივად ადგილზევე გარდაიცვალა. როცა სისხლი ცივდება, თითის ანაბეჭდის აღება შეუძლებელია. თემირლანი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ანაბეჭდებსაც აიღებდნენ. ესენი ყველანი ერთნი არიან, მათ ყველას ერთად აქვთ დანაშაული ჩადენილი, ისინი ერთმანეთს ხელს აფარებენ. ნუ ჰგონიათ, რომ ამას გაექცევიან, ისინი ამაზე პასუხს კანონის ფარგლებში გაგვცემენ.

ეს ადამიანები ყველაფერზე მიდიან საზარელი დანაშაულის დასაფარად. თითქმის, მთელმა მსოფლიომ გაიგო დანაშაული, რაც ამათ აქვთ ჩადენილი. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა თვითონ გადადგებოდა. ეს დანაშაული საუკუნის დანაშაულად დაასახელეს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი" - რას ამბობს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი პანკისის სპეცოპერაციაზე?