"ჯოჯოხეთი გამოვიარეთ" - ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო - კვირის პალიტრა

"ჯოჯოხეთი გამოვიარეთ" - ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფიტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები უდანაშაულოდ სცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურამ ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წელს მიმართა.

უწყება ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო, გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვდა.

აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურის მიერ ჩატარდა ხელახალი გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები, რომელთა მიმართაც გამოძიება კვლავ გრძელდება.

ამ საქმეზე ფიგურანტები, რომლებმაც იძულებით მიაცემინეს დაზარალებულებს ჩვენება, მსჯავრდებულები არიან. კერძოდ: კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

წარსულში გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა.

"ძალიან დიდი უსამართლობა, სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანთ, რომელსაც ამდენი წელია ველოდებით. რამდენი რამ დაგვაბრალეს და მტკიცებულებაც კი არ დევს საქმეში", - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.

საბოლოო სიტყვით ისარგებლეს დანარჩენმა ფოტორეპორტიორებმაც.

"ემოციების გარეშე ვერ ვუდგები ამ საქმეს და ვერც ერთი წელი ვერ ჩრდილავს იმას, რა ემოციაც და ტრავმაც მივიღე. იმედი მაქვს, მომეცემა იმის საშუალება, ეს მორალური ტრავმა რაც მე მიმაღებინეს, დღევანდელმა დღემ გააბათილოს და ეს 7 წელი და 4 თვე დავიწყებას მიეცეს", - განაცხადა ნათია გედენიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე, მის ვაჟთან ერთად საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

"სოლიდარობა არის ელემენტარული ადამიანური გრძნობა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში. სოლიდარობა თუ არ არის, საზოგადოება ვერ შედგება. დღეს მთავარი ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ დაწყნარდეს, იმისთვის, რომ მშვიდობა განვითარდეს.

ეს არის სიმბოლური დღე. დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"