"ბრალი რომ წაგვეკითხა ადამიანისთვის, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და გონზე არ იყო, ნორმალური არ იქნებოდა" - რას ამბობს გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"ბრალი რომ წაგვეკითხა ადამიანისთვის, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და გონზე არ იყო, ნორმალური არ იქნებოდა" - რას ამბობს გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილზე?

ბრალი რომ წაგვეკითხა ადამიანისთვის, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და გონზე არ იყო, არ იქნებოდა ნორმალური,- ასე უპასუხა სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ აქვს თემირლან მაჩალიკაშვილს სტატუსი.

გომელაურის თქმით, არაკონტაქტური ადამიანისთვის ლოგინთან ბრალის წაკითხვა ადამიანური თვალსაზრისით, არ იქნებოდა სწორი.

"მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, თუმცა ეს, რომ გაგვეკეთებინა მაშინ, როდესაც ადამიანი არ იყო კონტაქტური, მიჯაჭვული იყო ლოგინზე და წაგვეკითხა ბრალი, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ნორმალური. არ შედის ჩემს კომპეტენციაში ბრალი უნდა წაეკითხათ თუ არ უნდა წაეკითხათ, უბრალოდ, ჩემს აზრს ვამბობ. ადამიანურად ცუდი იქნებოდა. მერე ამას შემოაბრუნებდნენ - ადამიანს, რომელიც გონზე არ არის, ბრალი წაუკითხესო,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, რა მტკიცებულებებია ამ საქმეზე გარდა სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეო-კადრებისა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი ფიგურურებს, გომელაურმა უპასუხა, რომ კადრების გარდა, საქმეში უამრავი მტკიცებულებაა.

"ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ არის უამრავი მასალა, ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ტელეფონის ნომრები და უამრავი მასალაა, რაზეც ახლა ვერ ვსაუბრობ. გამოძიება დამთავრდება და გასაჯაროვდება ალბათ. მე მინდა, რომ გასაჯაროვდეს,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იხილეთ ასევე: "ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი" - რას ამბობს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი პანკისის სპეცოპერაციაზე?

"ინტერპრესნიუსი"