"ვიდრე მანქანები არ მაყიდინეს, იქამდე არ გამომიშვეს ციხიდან..."ნაცმოძრაობის" დაბრუნება და ჩემი დაჭერა თუ დახვრეტა ერთი იქნება" - კვირის პალიტრა

"ვიდრე მანქანები არ მაყიდინეს, იქამდე არ გამომიშვეს ციხიდან..."ნაცმოძრაობის" დაბრუნება და ჩემი დაჭერა თუ დახვრეტა ერთი იქნება"

რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა ბანერები წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას", სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არიან გამოსახული, დამკვეთი წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ბიზნესმენი, ალექსანდრე (სანდრო) მეგუთნიშვილია. რატომ გადაწყვიტა ასეთი ბანერების დამზადება, იყო თუ არა შეთანხმებული აღნიშნული "ქართულ ოცნებასთან" და რაში ადანაშაულებს ბიზნესმენი წინა ხელისუფლებას, საკითხებზე kvirispalitra.ge სანდრო მეგუთნიშვილს ესაუბრა.

- ეგ ბანერები ჩემი ინიციატივით შეიქმნა, რომ ხალხს არ დავიწყებოდა, რა ხდებოდა 2012 წლამდე. სამწუხაროდ, ქართველებს მოკლე მეხსიერება გვაქვს... მტერსაც არ ვუსურვებ იმის გამოცდას, რაც მე შემამთხვია წინა ხელისუფლებამ.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ამბავი, რა შეგემთხვათ და რაში ადანაშაულებთ სააკაშვილის ხელისუფლებას? - 2010 წლის აგვისტოში ვანო მერაბიშვილის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ძმამ, დათო ლორთქიფანიძემ დაგვიბარა კუდ-ში მე და სხვა საწარმოების ხელმძღვანელები და მუქარით და ბრძანებით გამოგვიცხადა, - ვინც დღეს არ მოიტანს 10 000 დოლარს, ნახავენ რას ვუზამთო. თურმე ეს ფული სჭირდებოდათ აფხაზეთის რადიოსთვის, რომელიც მერაბიშვილის ნათესავის, ვინმე კოროხაშვილის ყოფილა. ვუთხარი, რომ მეპატრონე სხვა იყო და მასთან შეთანხმების გარეშე ვერ მივიტანდი ამხელა თანხას. იმ დღესვე მივიტანე 2000 დოლარი, რაზედაც მოგვივიდა კამათი, ფული ეცოტავათ, ვუთხარი, რომ ხვალ და ზეგ, რასაც სხვა საწარმოები გადაიხდიან, იმას ჩვენც გადავიხდით-მეთქი.

ერთ კვირაში მოგვიწყეს პროვოკაცია, ქარხანაში მოვიდნენ, მე და ჩემი ბიძაშვილი დაგვიჭირეს, ვითომ ჩვენ კუდ-ის თანამშრომელს მივაყენეთ შეურაცხყოფა, ვცემეთ და დავუმტვრიეთ მანქანა. წაიყვანეს ექსპერტიზაზე დააწერინეს დასკვნა, რომ ის ვიღაცა დაშავდა. არადა, ყველაფერი ტყუილია, კაცთან ახლოს არავინ მისულა, მანქანა თავისი ხელით დაამტვრიეს, მაშინ შენ სიმართლეს ვის დაუმტკიცებდი და დაგვიჭირეს.

გლდანის ციხეში ვიყავი 5 თვე. ხუთ თვეში ხუთჯერ არ მძინებია. შემოდიოდა ღამის 3 საათზე ციხეში პირადად ლორთქიფანიძე, ავყვადი მუხაძის კაბინეტში და იქ დაიწყეს რვა "პრადოდან" ვაჭრობა, მეუბნებოდდნენ, რომ რვა პრადო უნდა მეყიდა. რვა კამერა შემიცვალეს, ყველაზე მეტ დროს ვატარებდი "ფუქსებში" და კარანტინებში, ცემას ვეღარც ვითვლიდი, მუქარა, გინება, დაშინება იყო ჩემი ოჯახის მიმართ.

იმის მერე მშობლები ნერვიულობით დაავადმყოფდნენ, მე დიაბეტი დამემართა. 5 თვის თავზე გამომიყვანეს ციხიდან, ვუთხარი, ნუ გაგყავართ რადგან თუ მანქანებს ვერ ვიყიდი, უკან უნდა შემომაბრუნოთ და თუ გავიქცევი, ჩემ ძმას და რძალს დაიჭერთ-მეთქი, ჩემს იქ ჯდომას მაგათთვის აზრი ჰქონდა დაკარგული, გამომიყვანეს და მაყიდინეს მანქანები, საერთო ჯამში 120 000 დოლარამდე დამახარჯინეს, ბიუჯეტში ცალკე შემატანინეს თანხა. ვიდრე მანქანები არ მაყიდინეს, იქამდე სასამართლო არ ტარდებოდა, მომისაჯეს წელიწადნახევარი პირობითი და თანხა შემატანინეს ბიუჯეტში. იმის მერე რომ დამიძახებდნენ და მეტყოდნენ თეთრი შავია? შავს ვამბობდი, ტერორში ვცხოვრობდით მთელი ოჯახი, რასაც უნდოდათ, იმას გვაკეთებინებდნენ მთელი ორი წელი.

2012 წლის პირველი ოქტომბრის მერე, ამ ხელისუფლებას ჯერ ვთხოვე, რომ ბიუჯეტში შეტანილი არ მინდა, სხვა რაც წამართვეს დამიბრუნეთ-მეთქი, არავინ დამლაპარაკებია, მერე დრო ითხოვეს, საბოლოო ჯამში არავინ დამელაპარაკა. ზუსტად არ ვიცი, მაგარმ ამბობენ, რომ ის ლალიაშვილი (კუდ-ის უფროსი) უნგრეთში გაიქცა, ლორთქიფანიძე დააკავეს და ორი თვის მერე გაუშვეს, სასამართლოები მიდოდა, ლალიშვილი მერე ჩამოვიდა, მაგრამ ბაჩო ახალაიაზე ჩვენება მიუცია და გაუშვიათ. მე რა ვქნა, რა დავაშავე, მთელი ხუთი წელი ვიდავე, წელიწადნახევრის წინ მორჩა ჩემი საქმე და მანქანებს დაგიბრუნებთო, 6 წელი პოლიციის ნახმარი მანქანა რად მინდოდა, ფული უნდა მიმეღო, ფული ამოვიღე იმ ხალხისგან, ვინც ჩემს საქმეში მონაწილეობდა, ასეთი 5 კაცი იყო... პროკურატურას გამოძიებით თავი არ მოუკლავს, ერთი ის მითხრეს, მორიგდი თორემ ამას ვერ დავიჭერთ, რადგან "ზურგი აქვსო".

მე განა "ოცნებით" კმაყოფილი ვარ, მაგრამ "ნაცმოძრაობის" მოსვლა და ჩემი დაჭერა თუ დახვრეტა ერთი იქნება. ის ფული, რაც ავიღე, 2016 წლის პირველ სექტემბერს 60 000 ლარი "ქართულ ოცნებას" შევწირე.

- დაისაჯნენ თუ არა ის პირები, ვინც თქვენ საქმეში ფიგურირებდნენ? - ავთო ოთარაშვილი, ვინც მაშინ კუდ-ში მუშაობდა, ვინც დამაბრალა, რომ ვითომ მანქანა დავუმტვრიე, დღესაც სუს-ის თანამშრომელია, არაფერი შეხებია. მეორე პიროვნება, არის ზაზა უზუნაშვილი, ვისთანაც ფული მივიტანე - ის შეწერებული "მაყუთი", დღეს უშიშროებიდან გამოუშვეს, მაგრამ მუშაობა დააწყებინეს გარემოს დაცვის სამინისტროში, დღესაც კარგად გრძნობს თავს. მხოლოდ ორ კაცზე გადაატარეს ეს ამბავი, დანარჩენი სამი კაცი არ დასჯილა. "ოცნებაზე" აქეთ ვარ გამწარებული იმიტომ, რომ ის პიროვნებები, ვინც მაწამებდნენ, ვისთანაც ფული მიმქონდა და გამაუბედურა, არ დაუსჯიათ. ვუჩივლე უზანაშვილს და ოთარაშვილს, მაგრამ პატრონი გამოუჩნდა ორივეს და იმათთან რას გავხდები, მე პატრონი არ მყავს და ჩემით ძალებით ვცდილობ სიმართლის პოვნას.

- ბანერები "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებული არ ყოფილა?

- მორწმუნე კაცი ვარ, ვფიცავარ ადამიანობას, არც "ქართული ოცნების" წევრი ვარ და არც ამათი თანამდებობა მინდა, ერთადერთი მაგათთან დაახლოებული მეგობარი მყავს მირიან ყარაულაშვილი, "ობიექტივის" დამფუძნებელი, ერთად ვმუშაობდით წლების წინ, წარმოშობით თელავიდანაა, ვუთხარი, რომ ვაპირებდი ასეთ რამეს და ვკითხე, ცუდად ხომ არ გამოვიდოდა დღევანდელ მთავრობასთან, მითხრეს, შენ თუ სურვილი გაქვს, პრობლემა არ არისო. სამჯერ ვიყავი კომპანიაში კუნსულტაციაზე, გადავიხადე ბანკში თანხა 51 841 ლარი და გააკეთეს ბანერები. ეგ დიზაინი ჩემი გაკეთებულია, უბრალოდ, ვინც მე მაწამებდა , საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არ არიან და სურათებზე იმიტომ არიან ყოფილი მაღალჩინოსნები გამოსახული.

იხილეთ ასევე: "თუ გინდა, შენი ძმა ცოცხალი დარჩეს, 8 "პრადოს" იყიდი და აი, აქ, ეზოში დააყენებო..."

(სპეციალურად საიტისთვის)