"მარადისობის კანონი", ანუ სულის დაპატიმრება შეუძლებელია - კვირის პალიტრა

"მარადისობის კანონი", ანუ სულის დაპატიმრება შეუძლებელია

"მას შემდეგ, რაც ჩემი საკანი სენაკად იქცა, თავს პატიმრად აღარ ვთვლი"

"კვირის პალიტრის" რედაქციას ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი ამა კონსტანტინე (კოღუაშვილი) დაუკავშირდა, რომელიც წარსულში კოტ-დ,ივუარის კონსულ ერმილე თორთლაძის სულიერი მოძღვარია. მამა კონსტანტინემ ასეთი რამ გვიამბო:

- ორი თვის წინ კარდიოლოგიურ კლინიკაში მოვხვდი. მეზობელ პალატაში ერთი ახალგაზრდა იწვა, რომელსაც ბადრაგი დარაჯობდა. მსჯავრდადებული წარსულში კოტ-დ,ივუარის კონსული ერმილე თორთლაძე აღმოჩნდა. გავესაუბრე. იუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში ხშირად დადიოდა, რწმენა არ ჰქონდა. ჩვენი საუბარი თავიდან არცთუ სასიამოვნოდ აეწყო, ძალზე სკეპტიკურად იყო განწყობილი სარწმუნოებისადმი. ამ თემაზე საუბარი მეორე დღესაც გავაგრძელეთ. შემდგომ საღამოს მორიგე ექიმი შემოვიდა და მითხრა, ბატონ ერმილეს თქვენი ნახვა უნდაო (თვითონ პალატიდან ვერ გამოდიოდა, ბადრაგი არ უშვებდა).  შევედი და მითხრა, აღსარება მინდა ჩაგაბაროთო. ასეთი გულწრფელი აღსარება ძალზე იშვიათად მომისმენია. მეორე დღეს მარხვა შეინახა და  პალატაში ვაზიარე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს კაცი იმდენად ღრმად მორწმუნე გახდა, რომ თითქმის ყოველდღე აღსარებას მეუბნებოდა. ლოცვების წიგნიც მთხოვა. უამრავ კითხვას მისვამდა, ბიბლიისა და სახარების ეპიზოდების განმარტება აინტერესებდა.

ერმილე თორთლაძე მძიმე ავადმყოფია, გულის ანევრიზმა აქვს. ძვირად ღირებული აპარატი აქვს ჩადგმული კანქვეშ, რომელიც გულის გაჩერებისთანავე ელექტროშოკს არტყამს და გულს ამუშავებს. ექიმებმაც მითხრეს, გვიკვირს, ეს კაცი როგორ ცოცხლობსო.

როდესაც საავადმყოფოდან მოვდიოდი, წინა დღეს მთხოვა, არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ. არ მინდა ამ ქვეყნიდან ცოდვილი წავიდე, მინდა სიცოცხლის ბოლო დღეებში ღვთის სამსახურში ჩავდგე. არც შეწყალებას ვითხოვ, არც სასჯელის შემსუბუქებას, იქნებ ჩემი თხოვნა გადასცეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ბერად მინდა აღვიკვეცოო. პატიმრებს უამრავჯერ შევხვედრივარ, სიკვდილმისჯილებთანაც  ვყოფილვარ და ასე მონანიე მსჯავრდადებული არ მინახავს. მითხრა, მინდა ჩემი საკანი სენაკად ვაქციოო. მეორე დღესვე გადავეცი უწმინდესს ერმილეს წერილი. უწმინდესმა გულთან მიიტანა მისი თხოვნა და ლოცვა-კურთხევა მომცა, რომ ერმილე საბერო მორჩილის შესამოსლით შემემოსა. მეორე დილითვე მივედი საავადმყოფოში. ბადრაგს ისევ პაციენტი ვეგონე (არ იცოდნენ, რომ გავეწერე) და თავისუფლად შემიშვეს პალატაში. ერმილეს უწმინდესის ნება-სურვილი რომ გადავეცი, თვალები გაუბრწყინდა, ძალიან ბედნიერი იყო. ავუხსენი, რას ნიშნავდა საბერო მორჩილის კაბის ტარება, როგორ უნდა მოჰქცეოდა შესამოსელს, როგორ მოქცეულიყო შესამოსლის ტარებისას. პირობა მომცა, რომ ისე მოიქცეოდა, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეჰფერის. ლოცვები წავუკითხე, ვუკურთხე საბერო მორჩილის კაბა და შეიმოსა. მაგრამ დიდი წყალობა და მადლი ისე არ ჩაივლის, რომ ეშმაკის ბრძოლა არ მოჰყვეს.

სანამ საბერო კაბით შევმოსავდი, ერმილე 7 თვე იწვა ამ საავადმყოფოში. მთავრობა იხდიდა მისი მკურნალობის საფასურს, მაგრამ როგორც კი საბერო კაბით შეიმოსა, საავადმყოფოდან დამირეკეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კლინიკაში შემოსასვლელები ჩაკეტეს, ბატონ ერმილეს წაყვანას უპირებენო. საავადმყოფოში გაძლიერებული დაცვა დამხვდა, აღარ შემიშვეს მასთან. მოუთხოვიათ, კაბა გაიხადეო და დამუქრებიან.  ამ ამბავმა დამთრგუნა, პატიმარს ჩემ გამო მდგომარეობა დაუმძიმდა-მეთქი. ნერვიულობისაგან შეუძლოდ გავხდი და იმ ღამის გატარებამ კარდიოლოგიური კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომიწია.

რამდენიმე დღის შემდეგ ეს გულით ავადმყოფი კაცი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენჯერმე ვიყავი მასთან. ისეთ პირობებშია, მე ვერ გავძლებდი, მას კი ჩემზე ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს. ერთკაციან პალატაშია ჩაკეტილი. პატიმრებთან კონტაქტი არა აქვს. მხოლოდ ექიმი თუ შევა. გასეირნების დროსაც სუფთა ჰაერზე კი არ გამოჰყავთ, შეჰყავთ ოთახში, რომელსაც სახურავი არა აქვს. ასეთი პირობები საავადმყოფოში კი არა (თუმც ციხის საავადმყოფო გარედან მშვენივრად გამოიყურება), სიკვდილმისჯილების საკანში თუ იქნება.  ერმილე რომ საბერო სამოსით არ შემოსილიყო, დღესაც კლინიკაში იქნებოდა და ეს უთხრეს კიდეც. უთქვამთ, კლინიკაში დაგტოვებთ, თუ კაბას გაიხდიო, მაგრამ არ გაიხადა. მის ადგილას, ალბათ, შემეშინდებოდა, ვიფიქრებდი, ამათ ხელში ვარ და როგორც უნდა, ისე მომექცევიან-მეთქი, მაგრამ ერმილე არ შეშინდა. ეს კაცი შორს იყო ეკლესიისაგან, ახლა კი ისე მოიქცა სარწმუნოებისკენ, რომ სიცოცხლის ფასადაც არ დათმო შესამოსელი. კლინიკის შესანიშნავი პირობები ციხის საკანზე გაცვალა. ახლაც რომ გაიხადოს კაბა, ისევ დააბრუნებენ კლინიკაში, მაგრამ არ იხდის.

- რა საშიშროებას ხედავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, თუ პატიმარი საბერო მორჩილის სამოსს ატარებს?

- როდესაც შევმოსე, ბატონმა ერმილემ თქვა, დღეიდან პატიმარი აღარა ვარ, უკვე გავთავისუფლდიო. ეს განუცხადა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც და ისინი ამან შეაშფოთა. დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, სხვებმაც რომ მოინდომონ ბერის სამოსით შემოსვა, მერე იტყვიან, ბერები ჰყავთ ციხეშიო. თუკი ციხე მონასტრად იქცევა, საკნები - სენაკებად და სალოცავებად, კაცისმკვლელები, ყაჩაღები და მოძალადეები კი მლოცველ ბერებად, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ვინც რა უნდა, თქვას, რატომ ეშინიათ? მკვლელობის გამო მსჯავრდადებულს რომ მლოცველ ბერად აქცევ, განა პატარა რამეა?

წარსულში ურწმუნო კაცი შემოსვის შემდეგ ბიბლიასა და ლოცვას ისე დაეწაფა, ალბათ, უფალს ჰყვარებია. ეტყობა, ღმერთს არ უნდა ჯოჯოხეთში წაიყვანოს და ამიტომ ინება მისი მოქცევა. სახელიც კი გადაირქვა, არ მინდა ის სახელი ვატარო, რომლითაც აქამდე ვცხოვრობდიო.

- მამა კონსტანტინე, ალბათ, იცით, რომ ერმილე თორთლაძე ნარკოტიკებისა და  იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს.

- თავად წამიკითხა საბრალდებო დასკვნა. კონსულად მუშაობის პერიოდში მას "ტეტეს" სახეობის გადაკეთებული იარაღი უპოვეს სახლში. კაბინეტის სეიფში "სუბუტექსის" აბები, სამუშაო მაგიდის უჯრაში კი მორფის ამპულები. საბრალდებო დასკვნიდან ჩანს, რომ "სუბუტექსს" დაცვის ყოფილ თანამშრომელს რეალიზაციისათვის აძლევდა. ისიც ყიდდა და ფული მოჰქონდა ერმილესთან. ვკითხე, ნუთუ მართლა საწამლავის ბარიგა იყავი-მეთქი? რად მჭირდებოდა ეს საქმე, როდესაც საკმაოდ მაღალი შემოსავალი მქონდა, მორფი კი მართლაც ჩემი იყო. ორჯერ ინფარქტი მაქვს გადატანილი (მესამედ ციხეში დაემართა), ექიმისგან მქონდა დანიშნული და შეტევის დროს ვიკეთებდი. ახლაც მიკეთებენ საავადმყოფოში მორფს დღეში ორჯერო. სხვათა შორის, როდესაც კარდიოლოგიურ კლინიკაში მოვხვდი, მორფი მეც გამიკეთეს. ერმილეს ეჭვი აქვს, რომ "სუბუტექსი" დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა ჩაუდო, რომელიც ხშირად მიდიოდა მასთან სამსახურში. უკვირს, როგორც კი გასაჩხრეკად შემოვიდნენ, პირდაპირ სეიფს მიადგნენ. ვერ გაურკვევია, რად დასჭირდათ ჩემი ციხეში გამოკეტვაო.

"კვირის პალიტრამ" ციხის საავადმყოფოდან ერმილე თორთლაძის წერილი მიიღო: "მოძღვარი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, უფლის განგებით ჩემ გვერდით პალატაში აღმოჩნდა. მამა კონსტანტინესთან საუბარმა დამარწმუნა, რომ ძლიერია ის ადამიანი, რომელსაც უფლისა და წმინდა სამების სწამს.

უფლის განგებით მივიღე გადაწყვეტილება, მთელი დარჩენილი ცხოვრება უფლის სამსახურისთვის მიმეძღვნა. 23 ივნისს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილი ვიყავი საბერო მორჩილის ხარისხში და მომეცა უფლება, ვყოფილიყავი შემოსილი საბერო მორჩილის სამოსში. ეს ჩემი მეორედ დაბადება იყო. სახელად კონსტანტინე დამერქვა. მორჩილება უაღრესად დიდი მადლია და მჯერა, სულ მალე, თუ უფალი ინებებს, ბერად აღვიკვეცები.

ჩემი მოძღვარი ხშირად მნახულობს. ბევრ ისეთ რამეს მასწავლის, რაც ადრე ჩემთვის უხილავი იყო. შეიძლება ითქვას, ჩვილივით სიარულს ვსწავლობ.

ორიოდ სიტყვას გეტყვით ჩემს წარსულზე: თავს უდანაშაულოდ ვთვლიდი და მიმაჩნდა, რომ ხელისუფლებამ და სასამართლომ ჩემ მიმართ არნახული დანაშაული ჩაიდინა. ამიტომაც სამართლიანობისათვის ბრძოლა ევროსასამართლოში გადავიტანე... მაგრამ ახლა, როცა სულიერებაზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, - ჩვენ, ყველანი, ცოდვილები ვართ და თუ ციხეში ვხვდებით, ჩვენი ცოდვების გამოა. მე არ მიმიძღვის ის კონკრეტული ბრალი, რაზეც გასამართლებული ვარ, მაგრამ ბევრი ცოდვა მადევს სულზე და ამის საფასურს ვიხდი. უფლის ნებაა, რამდენ ხანს ვიქნები საპყრობილეში.

მას შემდეგ, რაც ჩემი საკანი სენაკად იქცა, თავს პატიმრად აღარ ვთვლი. სულის დაპატიმრება შეუძლებელია, სული თავისუფალია.

ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც მმტრობდა და პირიქით, მათგან ვითხოვ შენდობას. ვინც მიცნობდა, გაოცებულია ჩემი გადაწყვეტილებით. მაგრამ ყველას ვეტყვი, - ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია.

თქვენი გაზეთის მეშვეობით ყველას ვთხოვ, - გახსოვდეთ ადამიანები, ვინც ციხეში იტანჯებიან. მათ თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა უნდათ. მივმართავ ყველას, ვინც ციხეში მუშაობს, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ქმედებისთვის (იქნება ეს კეთილი თუ ბოროტი) პასუხის გაცემა მოგიწევთ უფლის წინაშე.

მუდმივად ვლოცულობ განსაცდელში მყოფთათვის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და იმ ძალას, რომელიც შეგაძლებინებთ ისეთი ცხოვრებით გეცხოვროთ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეშვენის. Uუფალი გფარავდეთ.

საბერო მორჩილებაში კონსტანტინე (ერმილე თორთლაძე)".

კომენტარისათვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ დიმიტრი შაშკინს დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცა და გვითხრა, - თქვენთვის საინტერესო თემაზე საპატრიარქოს დაუკავშირდითო.

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე: - ერმილე თორთლაძეს კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და როგორც კი გონზე მოვიდა, საბერო კაბით  შემოსვა ითხოვა. მის ექიმებს ვესაუბრე და მითხრეს, ურთულესი მდგომარეობა აქვს, გულის 70% თრომბირებულიაო. ადამიანს, რომელიც სიკვდილის წინ სინანულში იყო და საბერო კაბით შემოსვას ითხოვდა, უარს როგორ ვეტყოდი? ერმილე თორთლაძეს ძალიან მძიმე ბრალდებები აქვს, მაგრამ გავითვალისწინე ავაზაკის მდგომარეობა ჯვარცმის წინ. ერმილე თორთლაძის მდგომარეობა კათოლიკოს-პატრიარქს მოვახსენე და ის უწმინდესის კურთხევით შეიმოსა საბერო მორჩილის სამოსით.