"გურამიკო მესიზმრა, მეუბნებოდა, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო... მაინც მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო" - კვირის პალიტრა

"გურამიკო მესიზმრა, მეუბნებოდა, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო... მაინც მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო"

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საბერძნეთიდან საქართველოში, დამამძიმებელ გარემოებებში, დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. 49 წლის ნატო კვეზერელს საძილე არტერია გადაჭრილი ჰქონდა. როგორც გაირკვა, ქალი სამზარეულოში მოკლეს და მკვლელმა ის შემდეგ სააბაზანოში შეათრია. სამზარეულოში მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, საჭმელი და სუფთა თეფშები ელაგა, ვახშმობა ვერ მოესწროთ. ნატო კვეზერელის შვილი კი გაუჩინარდა. გურამ კვეზერელის ცხედარი 2016 წლის 20 აპრილს კოჯორში მიწაში ჩაფლული იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2-მა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.

იმავე დღეს, აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის სახლში.

ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მკვლელობაში ბრლადებულები გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე არიან. ეს უკანასკნელი საქართველოში დააკავეს. გიორგი ყუფარაძე კი, საბერძნეთში. გიორგი ყუფარაძე

პროკურატურის ინფორმაციით, ყუფარაძის მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს 2016 წლის 21 აპრილს მიმართა. პარალელურად, უწყებამ, ბერძნულ მხარეს ყუფარაძის წინასწარი დაკავების თხოვნით მიმართა. ბერძენმა სამართალდამცავებმა ბრალდებული საქართველოს და საბერძნეთის სამართალდამცავების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დააკავეს.

ყუფარაძეს ბრალად ედება დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, შეძენა და შენახვა.  პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ყუფარაძე და გოშაძე არაერთ უმძიმეს დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი. გთავაზობთ ამონარიდს "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელიც დედა-შვილის მკვლელობის დეტალებს შეეხება.

ლელა კაშეიშვილი-კვეზერელი, ნატო კვეზერელის ძმისშვილი: - მამიდას მეუღლე ადრე დაეღუპა და გურამიკო მარტომ გაზარდა. ბიზნესი ჰქონდათ... 2 წელი გაურკვევლობაში ვიყავით, არ ვიცოდით, გურამიკო ცოცხალი იყო თუ მკვდარი. გურამიკოს "ჰამერი" ჰყავდა, მერე გაყიდა და ორი მანქანა იყიდა. დედას დაბადების დღისთვის სიურპრიზს ვუკეთებო - ჯიპი უყიდა, უცხოეთიდან ჩამოსვლას ელოდებოდნენ. მე მართვის მოწმობის ასაღებად რუსთავში მივდიოდი და მამიდამ მითხრა, გურამიკოს მანქანით წაგიყვან და თან ჩემი მანქანისთვისაც ნომრებს შევარჩევო. იმ დღეს ვურეკავდი, მაგრამ არ იღებდა ყურმილს. მეორე დღესაც რომ არ აიღო, გამიკვირდა... მერე დამირეკეს და ეს საზარელი ამბავი მითხრეს. სახლში ორი ადამიანისთვის სუფრა იყო გაშლილი. დარწმუნებული ვარ, გურამიკოს ელოდებოდა...

ვრცელდებოდა რამდენიმე ვერსია, ერთი ვერსიით, თითქოს გურამიკომ მოკლა დედა. ალბათ, ამ ჭორებმა აურია პოლიციასაც გზა-კვალი. გურამიკოს კომპიუტერი, საბუთები, ჩიპი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები მამიდას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მტკვრის სანაპიროზე იპოვეს, მკვლელებმა გაითამაშეს ეს სცენა, რათა ყველას ეფიქრა, თითქოს თავი მოიკლა, მაგრამ მყვინთავებმა ცხედარი ვერ იპოვეს. ყველაფერი წინასწარ განზრახული იყო, გაავრცელეს ხმები, მკვლელი შვილიაო... (იხილეთ სრულად)