"პროსტიტუციაში ჩართულ მოზარდთა დაახლოებით 20% შეძლებული ოჯახებიდან არის" - კვირის პალიტრა

"პროსტიტუციაში ჩართულ მოზარდთა დაახლოებით 20% შეძლებული ოჯახებიდან არის"

"რუსთავში არასრულწლოვანთა პროსტიტუციას 30 წლამდე აზერბაიჯანელი მამაკაცი კურირებს"

საქართველოს ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ბოლო დროს არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის შემთხვევები გახშირდა.

- არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვა ერთ-ერთი მწვავე თემაა. ვცდილობთ შევისწავლოთ საქართველოში არსებული ყველა ის წერტილი, სადაც ეს პრობლემა მწვავედ დგას. ბოლო პერიოდში ის წერტილებიც, რომლებიც არ იყო მაინცდამაინც საგანგაშო, გააქტიურდა. ამ ნუსხას ქალაქი რუსთავი შეემატა.

ორი თვეა ინტენსიურად ვიღებთ მოსახლეობისგან ინფორმაციას, რომ არასრულწლოვანი გოგონები ჩართული არიან სექსუალურ მომსახურებაში. მათი კლიენტები, ძირითადად, უცხოური ტრაილერებისა და ავტობუსების მძღოლები არიან. ჩვენი ინფორმაციით, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმოშობის 30 წლამდე მამაკაცი კურირებს ამ საქმეს. კახეთშიც იკვეთება ტრაილერების მძღოლებზე მომსახურება.

თბილისის შემდეგ, ბათუმია მეორე ადგილზე, მესამეზე რუსთავია, რომელსაც თითქმის არ უდებს ტოლს ქუთაისი, ამას მოსდევს კახეთის ერთ-ერთი რაიონი, ხაშური და ა.შ.

ბავშვები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული, დადიან ბოლო მოდელის მობილური ტელეფონებით, არ აკლიათ ჩაცმა-დახურვა, ფული... ეს ყველაფერი სასურველი ხდება მათი თანატოლებისთვისაც, რომელთა უმრავლესობა სოციალურად გაჭირვებული ოჯახების შვილები არიან. თუმცა პროსტიტუციაში ჩართულ მოზარდთა დაახლოებით 20% შეძლებული ოჯახებიდან არის.

- ისინი რა მოტივით ერთვებიან პროსტიტუციაში? - როგორც ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან ამბობენ, ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნას არიდებენ თავს. გასართობ ადგილებში გავიცანით ამ საქმეში ჩართული თანატოლებიო. ასეთი ბავშვები დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან, როდესაც `კეთილისმსურველების~ კლანჭებში აღმოჩნდებიან.

- ოჯახში არ ეკითხებიან, ღამეს სად ათევენ?

- რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ რამდენიმე გოგონას. ერთმა გვითხრა, მშობლებს ჰგონიათ, რომ საკერავ ფაბრიკაში ვმუშაობ, ღამის ცვლაშიო. ერთ-ერთმა, დედაჩემმა იცის, რომ ლესელიძის ქუჩაზე სადღეღამისო კვების ობიექტში ვმუშაობო.

როდესაც პროსტიტუციაში ჩართულ არასრულწლოვნებზე ვსაუბრობთ, აქცენტი უფრო გოგონებზე მაქვს, თუმცა ბიჭებიც არიან ჩართულნი ამ საქმეში. არასრულწლოვნების სექსუალურ მომსახურებაზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებში. ტურისტებად შემოდინებულთა 10-15% სწორედ ამისთვის ჩამოდის საქართველოში.

არაერთი დასკვნა გვაქვს, სადაც ვწერთ, რომ ღამის საათებში თურქეთიდან ინტენსიურად შემოდიან მამაკაცები. უმრავლესობა ბათუმში სექსმომსახურების მისაღებად მოდის და რამდენიმე საათში უკან ბრუნდება. სხვათა შორის, ბათუმელმა ტაქსისტებმა კარგად იციან, სად რა ხდება. ერთ-ერთმა გვიამბო, ერთს არასრულწლოვანთან გართობა უნდოდა და სასტუმროში დავტოვე, მეორეს მამაკაცის სექსუალური მომსახურება სურდა, ის სხვაგან მივიყვანე და მესამე კაზინოსთან ჩამოვსვიო...

ერთ-ერთ სასტუმროში ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი უცხო ქვეყნის მოქალაქე შევუშვით, რომელიც მეპატრონე ქალს სასტუმროს მყიდველად გაეცნო (მეპატრონე წარსულში პროსტიტუციისთვის ფართობის გადაცემის მუხლით იხდიდა სასჯელს და დღესაც ანალოგიურ საქმიანობას ეწევა). მოლაპარაკებისას გამყიდველი ჰპირდებოდა ჩვენს თანამშრომელს, რომ საქმეს დაულაგებდა შსს-ს თანამშრომლებთან, კერძოდ, შსს-სგან მიიღებდა გარანტიას, გააცნობდა პირებს, რომლებიც მფარველობას გაუწევდნენ ამ საქმეში. იმასაც დაჰპირდა, სექსმუშაკ გოგონებს უკლებლივ დაგიტოვებო. მისი თქმით, ამ საქმიანობით დღეში მოგებას 2.000 ლარს ნახავდა. ჩვენმა თანამშრომელმა ჰკითხა: თუ ასეთ მოგებას გიტოვებს ეს სასტუმრო, რატომ ყიდიო? რაზეც უპასუხა, ბანკის ვალი მაქვს, თუ არ გადავიხადე, ქონებას დამიყადაღებენ, ამიტომ ამ ობიექტს გავყიდი, ქალაქის რამდენიმე უბანში რამდენიმე ობიექტი კიდევ მაქვსო.

- სექსუალურ მომსახურებაში არასრულწლოვანი ბიჭებიც არიან ჩართულნიო, ბრძანეთ. ამ მიმართულებით გაქვთ ინფორმაცია? - რამდენიმე თვის წინ აღმაშენებელზე, ერთ-ერთი დაწესებულებიდან ბიჭი შინ ისეთ მდგომარეობაში დაბრუნდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გახდა გამოსაძახებელი. როგორც მეზობლებმა გვიამბეს, ბიჭი რამდენიმე მამაკაცს გაუუპატიურებია.

- რა მიგაჩნიათ პრობლემის მოგვარების გზად? - მშობელმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვს. ბავშვების 95% უჩივის ოჯახურ ძალადობას...

- ბავშვები მერხთან რომ უნდა ისხდნენ, იმ დროს სექსუალურ მომსახურებას ეწევიან. ასეთ დროს სკოლა რა ღონისძიებას მიმართავს? - ეჭვი თუ გაჩნდა, დირექტორი აცნობებს შსს-ს. კანონში შავით თეთრზე წერია, რომ აკრძალულია არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩართვა, რომ საქართველოში პროსტიტუციისთვის ფართობის გადაცემა კანონით ისჯება. ერთეულების გარდა, გინახავთ პროსტიტუციისთვის ფართობის გადაცემაზე დაჭერილი? კანონი დაწერილია, დადგენილებები არსებობს, საჭიროა აღსრულება.

იხილეთ ასევე: "თბილისში ტურისტები ინფორმირებული არიან სად უნდა გაატარონ დრო არასრულწლოვნებთან, სად - მამათმავლებთან"