"ხელისუფლებას აშკარად აკლდა პოლიტიკური ნება ჟვანიას საქმის გამოძიებისთვის" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას აშკარად აკლდა პოლიტიკური ნება ჟვანიას საქმის გამოძიებისთვის"

"თუ საქმე ისე დასრულდება, რომ თითქოს ზურა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, გამოძიების მასალებს გამოვითხოვ და მერე მე ვიცი..."

9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, მას 55 წელი შეუსრულდებოდა. რა ეტაპზეა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება? - ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" ესაუბრა გარდაცვლილი პრემიერის ძმას, გოგლა ჟვანიას, რომელიც "ქართული ოცნების" მოქმედებებით გაწბილებულია, თუმცა ქვეყნის გადარჩენის მიზნით ხმა მაინც სალომე ზურაბიშვილს მისცა.

- მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ამ ვითარებაში ხმა უნდა მიგვეცა ზურაბიშვილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" გარკვეული მოქმედებებით გაწბილებული ვარ. მაგრამ დავდექი არჩევანის წინაშე, რომ შეიძლება "ნაციონალები" დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში...

- ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში დესტაბილიზაციას ელოდებოდით? - ვაშაძე აცხადებდა, თუ გაიმარჯვებდა, დაიწყებდა ისეთ ქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას აუცილებლად გამოიწვევდა - კრიმინალებს გამოუშვებდა ციხიდან და სააკაშვილსაც ჩამოიყვანდა.

- "ოცნება" შედეგებიდან გამომდინარე შეძლებს სწორი დასკვნის გამოტანას? - თუ ვერ შეძლებს, სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება.

- თქვენი ძმის საქმის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, რატომ არ დასრულდა აქამდე? - ვერ გეტყვით, რატომ არ დასრულდა. ამაზე პროკურატურის ახალ ხელმძღვანელობასთან უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატე. უახლოეს მომავალში კიდევ მექნება შეხვედრა და იმედია, საქმე წინ წავა...

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურის მოქმედებებს ვაკვირდებოდი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აშკარად აკლდა პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიებისთვის. იმედი მაქვს, ახლა მაინც შეიცვლება ვითარება.

- წლებია ამბობთ, რომ საჭიროა გვამის ექსჰუმაცია. - ვფიქრობ, ექსჰუმაცია გარდაუვალი აუცილებლობაა!

- ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს დაიწყო... - ფარცხალაძე ძალიან ცოტა ხანი იყო პროკურატურაში. მან რა როლი შეასრულა ამ საქმის გამოძიებაში, არ ვიცი. კბილაშვილის პროკურორობისას პროცესი აქტიურად მიდიოდა, მერე თანდათან შენელდა, შოთაძის დროსაც. ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება გაჩერებულია, მაგრამ იმდენად ნელა მიდის, რომ დროის გაყვანის ტაქტიკას ემსგავსება. არ შეიძლება საქმე მუდმივად ჰაერში იყოს გამოკიდებული.

თუ ისე დასრულდება, რომ თითქოს ჟვანია უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, გამოძიების მასალებს გამოვითხოვ და მერე მე ვიცი.

იხილეთ ასევე: როგორ მიმართა ბუსა ჟვანიამ მამის იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილ სტუმრებს?