სპეცოპერაცია, რომლის დროსაც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია, რომლის დროსაც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს

გვიან ღამით სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე, რომლის დროსაც პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგოჭურთან ერთად აყვანილია კიდევ ერთი პირი. მინდია გოგოჭურის დაკავებაზე ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლები გარკვეულ დეტალებს ყვებიან.

მათი თქმით, საცხოვრებელი ბინა, სადაც პრეზიდენტის სიძე დააკავეს, მინდია გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა. როგორც ჟურნალისტებს ბინის მეპატრონემ განუცხადა, მისი საცხოვრებელი ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა.

„არაფერი საეჭვო წყვილს არ ეტყობოდა“, - განაცხადა ბინის მეპატრონემ.

ამასთანავე, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე პირის ინფორმაციით, გოგოჭურს ბინაში იარაღი ჰქონდა, რომელიც პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარა.

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავებაზე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის სიძის განგსტერული თავგადასავლები