პრეზიდენტის სიძის განგსტერული თავგადასავალები - რატომ დააკავეს მინდია გოგოჭური?! - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის სიძის განგსტერული თავგადასავალები - რატომ დააკავეს მინდია გოგოჭური?!

მას მერე, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ გამუდმებით თან სდევს სიძის, მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას მეუღლის, მინდია გოგოჭურის სკანდალური ამბები. სულ რამდნიმე დღეში მარგველაშვილს ამ უმაღლესი პოსტის დატოვება მოუწევს და როგორც ჩანს, მინდია გოგოჭურის წყალობით კვლავაც ვერ აცდება სკნადალს.

6 დეკემბერს, გვიან ღამით სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე, რომლის დროსაც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგოჭურთან ერთად აყვანილია კიდევ ერთი პირი. ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, საცხოვრებელი ბინა, სადაც პრეზიდენტის სიძე დააკავეს, სწორედ მინდია გოგოჭურს ჰქონდა ნაქირავები. როგორც ჟურნალისტებს ბინის მეპატრონემ განუცხადა, ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა და „არაფერი საეჭვო წყვილს არ ეტყობოდა“.

მინდია გოგოჭურის დაკავებაზე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის

მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.

მინდია გოგოჭური დაკავებისას

ამ ფაქტამდე ბოლოს მარგველაშვილის სიძე ა.წ. 5 ივლისს, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მას სამი ტყვია ფეხში მოხვდა.

გოგოჭურის გვარი მანამდეც არაერთხელ ფიგურირებდა კრიმინალურ საქმეებში. მისი სახელი 2013 წელს მომხდარი დაჭრის ამბავში გამოჩნდა, როდესაც დაპირისპირება გოგოჭურსა და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბა, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი გამოჩნდა, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა, თუმცა ამ საქმეში მონაწილეობას გოგოჭური კატეგორიულად უარყოფს.

2016 წლის ივლისში გიორგი მარგველაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა ხდებოდა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

შსს განმარტავდა, რომ პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

მათივე განმარტებით, მინდია გოგოჭურის სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა.

გოგოჭური 2017 წლის იანვარშიც დაჭრეს. იმჟამინდელი ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძეს დაზიანება მხრის არეში მიაყენეს, მაშინ შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა და გოგოჭურთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს.

იხილეთ ასევე: "გოგოჭურს მფარველები ჰყავს, იცის, რომ არავინ მოსთხოვს პასუხს"