რას ამბობს იმ ბინის მეპატრონე, რომელშიც პრეზიდენტის სიძე დაკავებამდე ცხოვრობდა - კვირის პალიტრა

რას ამბობს იმ ბინის მეპატრონე, რომელშიც პრეზიდენტის სიძე დაკავებამდე ცხოვრობდა

სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე იმ ბინის მეპატრონემ განუცხადა, რომელშიც მინდია გოგოჭური დაკავებამდე ცხოვრობდა.

ია სეხნიაშვილის თქმით, ბინის გაქირავებამდე ის მინდია გოგოჭურს არ იცნობდა და მისთვის არც რაიმე საეჭვო შეუმჩნევია.

„მე მეზობლებმა დამირეკეს, იმიტომ, რომ ხმაური იყო, სპეცრაზმი საკმაოდ უხეშად და ხმაურიანად შევარდა, ცოტა ხანი რომ მოეცადათ, სად წავიდოდა ადამიანი, აქ ხომ მეორე და მესამე გასასვლელი არ არის. ჩამოანგრიეს კარი, შემოცვივდნენ. მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს. არ ვიცნობდი, მოვიდა ადამიანი და სახლი მივაქირავე. 1-ელ ნოემბერს რემონტი დავასრულე და 16 ნოემბერს ბინა პირდაპირ მინდია გოგოჭურზე გავაქირავე. რამე რომ შემემჩნია, საკუთარ თავს საფრთხის წინაშე ნამდვილად არ დავიყენებდი. იარაღის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ეს ბინა პოლიციამ უკვე ნახა და გატეხილ კარს ვდარაჯობ. ყველა სამუშაო პოლიციამ ღამით ჩაატარა",- აღნიშნა მან.

ამასთან, ბინის მესაკუთრის თქმით, პოლიციამ ის უკვე გამოკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის სიძის გაგნსტერული თავგადასავალები - რატომ დააკავეს მინდია გოგოჭური?!

"ინტერპრესნიუსი"