"გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული... ქუჩაში ვერ გამოსულა შიშით, არ იცის, ვინ საიდან ესვრის" - კვირის პალიტრა

"გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული... ქუჩაში ვერ გამოსულა შიშით, არ იცის, ვინ საიდან ესვრის"

"მინდია გოგოჭურმა იცის, რაც უნდა ჩაიდინოს, არ დაისჯება"

6 დეკემბერს გვიან ღამით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მასთან ერთად მყოფი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს. მინდია გოგოჭური დროებიოთი მოტავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის, გიორგი რაზმაძის დაკავება, წარსულში რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება. საქმე ეხება მიმდინარე წელს ჩადენილ ორ დანაშაულს. ერთ შემთხვევაში გიორგი რაზმაძეს ბრალი ადამიანის დაჭრაში ედება, მეორე შემთხვევაში კი - პირის ცემაში.

იმ ბინის მეპატრონის განცხადებით, რომელშიც მინდია გოგოჭური დაკავებამდე ცხოვრობდა, ბინის გაქირავებამდე ის გოგოჭურს არ იცნობდა და მისთვის არც რაიმე საეჭვო შეუმჩნევია.

„მე მეზობლებმა დამირეკეს, იმიტომ, რომ ხმაური იყო, სპეცრაზმი საკმაოდ უხეშად და ხმაურიანად შევარდა, ცოტა ხანი რომ მოეცადათ, სად წავიდოდა ადამიანი, აქ ხომ მეორე და მესამე გასასვლელი არ არის. ჩამოანგრიეს კარი, შემოცვივდნენ. მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს. არ ვიცნობდი, მოვიდა ადამიანი და სახლი მივაქირავე. 1-ელ ნოემბერს რემონტი დავასრულე და 16 ნოემბერს ბინა პირდაპირ მინდია გოგოჭურზე გავაქირავე. რამე რომ შემემჩნია, საკუთარ თავს საფრთხის წინაშე ნამდვილად არ დავიყენებდი. იარაღის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ეს ბინა პოლიციამ უკვე ნახა და გატეხილ კარს ვდარაჯობ. ყველა სამუშაო პოლიციამ ღამით ჩაატარა", - განაცხადა ბინის მპეტრონემ, ია სეხნიაშვილმა.

პრეზიდენტის სიძე არაერთხელ გაეხვია სკანდალში. მისმა გვარმა გაიჟღერა არაერთ სისხლის სამართლის საქმეში. ის შარშანაც გაიმეტეს სასიკვდილოდ. მაშინ სისხლიანი გარჩევა ვაკეში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა - გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი დაჭრეს. ითქვა, რომ მომხდარი შურისძიება იყო, თუმცა ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის.

გოგოჭურის გვარმა გაიჟღერა ბაჩო სირაძის დაჭრის საქმეშიც. ეს შემთხვევა 2013 წელს, სოლოლაკში მოხდა. ბაჩო სირაძე პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო. მაშინ ითქვა, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბა, ვითარების გარკვევა კი მინდია გოგოჭურმა სცადა და საქმის გარჩევისას სირაძე ფეხში დაჭრა...

მინდია გოგოჭური არაერთხელ დაუკითხავთ და ბრალდებულის სტატუსიც არაერთხელ ჰქონია. პირველად 17 წლისას ჰქონდა საქმე სამართალდამცავებთან. 2006 წლის 8 ივლისს ცხრა ძმის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით გიორგი ხელაშვილი დაჭრეს და გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. ეჭვმიტანილი მინდია გოგოჭური იყო. მასაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და დაჭრილთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მკურნალობა სხვა კლინიკაში, პოლიციის მეთვალყურეობით უნდა გაეგრძელებინა, თუმცა, საავადმყოფოდან გაიპარა. მაშინ მისი ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა. ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გოგოჭურს ოფიციალურად ბრალი არ წარსდგენია, რადგან პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. 2007 წელს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

მინდია გოგოჭურის დაკავება

2008 წელს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მინდია გოგოჭური დააკავეს, ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და 2.000 ლარი ჯარიმა გადაახდევინეს, თუმცა მალე ისევ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს და ისევ პირობითი სასჯელი აკმარეს; თან 13.000 ლარის გადახდაც დაეკისრა. იმავე წელს თბილისში, კოჯრის ქუჩაზე გიორგი სიხარულიძე და მისი მგზავრი, ბექარ კვიტაიშვილი მანქანაში დაჭრეს. მაშინაც ეჭვი მინდია გოგოჭურსა და ბექა და გიორგი კრიალაშვილებზე მიიტანეს. გოგოჭური დააკავეს კიდეც, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ითქვა, რომ საქმეში ისევ არ იყო სამხილი. ეს საქმეც დღემდე გაუხსნელია.

2014 წლის 4 იანვარს მინდია გოგოჭური სამართალდამცავებმა ყაზბეგის გამზირზე, ბინაში, კომაში აღმოაჩინეს - მას ბიო ჰქონდა მოხმარებული.

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს 11 ჭრილობა მიაყენეს. ტარყაშვილი დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. ამ საქმეში მონაწილეობას გოგოჭური კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მოკლულის დედა თამილა კოჭლამაზაშვილი ხელს სწორედ მისკენ და მისი მეგობრებისკენ იშვერს და წლებია, მათ დასჯას ითხოვს. დარწმუნებულია, რომ თორნიკე კაჭარავას და მინდია გოგოჭურს დღემდე მფარველობენ. "კვირის პალიტრის" არქივში ინახება მოკლული ზურა ტარყაშვილის დედასთან ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ.

თამილა კოჭლამაზაშვილი, ზურა ტარყაშვილის დედა: - უკვე წლებია, ვითხოვ მინდია გოგოჭურის დაკავებას. მან პირველმა ესროლა ზუკას და ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს. ეს კადრები წარვუდგინეთ პროკურატურას, თუმცა ვერ მივაღწიე, მისთვის ბრალი წაეყენებინათ და პასუხი ეგო ჩემი შვილის სადისტური მკვლელობისთვის. ერთ პერიოდში მთავარ პროკურატურაში გადავიდა საქმე და იმედი გამიჩნდა, მაგრამ რამდენიმე ტომი დაემატა და ისევ უკან, ქალაქის პროკურატურაში დააბრუნეს. არ ვიცით, რა ხდება, ხელს რა მიზეზით აფარებენ? ხომ ხედავთ, გოგოჭურს რამდენი მტერი ჰყავს? იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უკვე მერამდენედ დაჭრეს! მეც ვიცი რამდენიმე საქმე, რომელიც არ გახმაურებულა და გამოძიება არ ჩატარებულა...

- ხომ არ დაასახელებთ ამ ფაქტებს? - ეს ფაქტები იცის პოლიციამ, მაგრამ რეაგირებას არავინ ახდენს. რაც გახმაურებულია, ისიც არ გამოუძიებიათ. ყველა ამბობს, რომ კაჭარავა და გოგოჭური სულ ერთად არიან. ხან კაჭარავა ჭრის ვიღაცას, ხან - გოგოჭური, ხან კი მათ ჭრიან. მათ მოკლეს საბურთალოზე კვარაცხელია. პროკურატურაში ამბობენ, ვიცით, ამ დაჯგუფების ჩადენილია, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო. გოგოჭურს ხომ ჰყავს მფარველი, მაგრამ კაჭარავას უფრო დიდი მფარველები ჰყავს. ბაჩო სირაძეც მათი მეგობარი იყო, მაგრამ ამათ დაჭრეს, რადგან ერთმანეთსაც უსწორდებიან. კვარაცხელიაც მათი მეგობარი იყო და ესროლეს. ისე შეუძლიათ დახოცონ ერთმანეთი, თვალსაც არ დაახამხამებენ. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის სიძის გაგნსტერული თავგადასავალები - რატომ დააკავეს მინდია გოგოჭური?!

იხილეთ ვიდეო - მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის დაკავების კადრები