"რომელ იარაღზე მესაუბრებით? ბუნებაში ასეთი არ არებობს" - რას ამბობს მინდია გოგოჭურის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"რომელ იარაღზე მესაუბრებით? ბუნებაში ასეთი არ არებობს" - რას ამბობს მინდია გოგოჭურის ადვოკატი?

მინდია გოგოჭურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე ბრალდებას არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა შოთა მანელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაკავებული დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ თავის პოზიციას უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემობების დაფიქსირებით გამოხატავს, ამას ერთობლივად გადაწყვეტენ.

"იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლით სათანადო შედეგს მივაღწევთ და მინდია დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაც არ ყოფილა, ჯერ დაკითხვის ეტაპი არ არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ, ეს დუმილში გამოიხატება, უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემოებების დაფიქსირებაში თუ სხვა რამეში...

მთელი ღამის განმავლობაში, საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა. ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი იყო. თვალსაჩინოებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სახლში ნებისმიერი კუთხე სათანადოდ ყოფილიყო დათვალიერებული. ამიტომაც ვიჩენდით მაღალ სამართლებრივ კულტურას, მოთმინებას. ფაქტორივად, დილის 08:00 საათამდე მორჩილად ველოდებოდით", - განაცხადა მანელიძემ.

იარაღთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბუნებაში არ არსებობს გოგოჭურთან და მის მეგობართან დაკავშირებული "დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი".

"რომელ იარაღზე მესაუბრებით? დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე ერთ კი არა ორ იარაღზეც ყოფილა საუბარი. ცალსახად გეუბნებით, ბუნებაში ასეთი არ არებობს. მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს", - განაცხადა მანელიძემ.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მინდია გოგოჭურისა და გიორგი რაზმაძის დაკავება გიორგი რაზმაძის მიერ მიმდინარე წელს ჩადენილ ორ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შოთა მანელიძემ უპასუხა, რომ აღნიშნული პირების დაკავებას ის არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირებს, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა.

"სანამ დეტალებს არ გავცნობივარ, ჩემი ამოსავალი წერტილი არის და იქნება მინდია გოგოჭურის პოზიცია, რომელიც ყველა ნაწილსა და ბრალდებაში ცალსახად უდანაშაულოა",- აღნიშნა მან.

სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც გოგოჭური და რაზმაძე დააკავეს, წუხელ ჩატარდა. აღნიშნული ბინა გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა. ბინიდან ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სპეცრაზმის გამოჩენისას ბინის აივნიდან გადაყარეს.

იხილეთ ასევე: "გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული... ქუჩაში ვერ გამოსულა შიშით, არ იცის, ვინ საიდან ესვრის"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო