"ახლა დაიწყეს ნადირობა ბრალდებულის ოჯახის წევრებზე" - მკვლელობა და "სოფლის კანონით" შურისძიების მცდელობა
"ახლა დაიწყეს ნადირობა ბრალდებულის ოჯახის წევრებზე" - მკვლელობა და "სოფლის კანონით" შურისძიების მცდელობა
ფოტო:მკვლელობაში ბრალდებული გალუსტ მკრტიჩიანი სასამართლო სხდომაზე და მისი გადამწვარი სახლი
3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ტრაგედია დატრიალდა - გალუსტ მკრტიჩიანმა ქუჩაში ჩაცხრილა თანაკლასელი 33 წლის ხაჟაკ ტოროსიანი. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ტოროსიანს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან ერთი - თავში. მოკლულის ოჯახი აცხადებს, რომ ეს საკონტროლო გასროლა იყო.

მომხდარს ნინოწმინდაში დიდი არეულობა მოჰყვა. მოკლულის ნათესავებმა მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახზე შურისძიება გადაწყვიტეს და ტრაგედიის ღამეს მკრტიჩიანის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ასევე გადაწვეს მათი კუთვნილი ავტომობილებიც. პოლიციამ მკრტიჩიანების
ქონების გადარჩენა ვერ, მაგრამ, საბედნიეროდ, ბრალდებულის ოჯახის წევრების სახლიდან უსაფრთხო ადგილას გაიყვანა შეძლო.

33 წლის ახალგაზრდის მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. გამოძიების მტკიცებით, 3 დეკემბერს, შურისძიების მოტივით, მკრტიჩიანმა მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ტოროსიანს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 3 დეკემბერსვე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის და იარაღის გამოყენებისთვის 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი?

თავად ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ მკრტიჩიანი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და დანაშული აღიარა.

ავთანდილ თელიაშვილი, გალუსტ მკრტიჩიანის ადვოკატი:
- ჩემი კლიენტი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, დეტალური ჩვენებაც უკვე მისცა. საქმე ისაა, რომ კონფლიქტი დაიწყო ზაფხულში, როდესაც ტოროსიანი თავს დაესხა მკრტიჩიანს და სასტიკად სცემა. ისე იყო ნაცემი, კატასტროფის ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მკრტიჩიანი თბილისში გადაიყვანა. 3 კვირა საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ კი ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და ტოროსიანი 118-ე მუხლით გაასამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დასაცავს სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, ბრალდებული მკაცრად არ დაუსჯიათ. მას ერთი წელი პირობითი სასჯელი და 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა 14 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ. მეც ვთვლი, რომ სასჯელი იყო ლმობიერი. ეჭვი შეგვაქვს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის გაცემულ დასკვნაში. სწორედ ეს დასკვნა იყო განმსაზღვრელი მაშინ ტოროსიანის სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციის. იქ ეწერა, რომ მკრტიჩიანს ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენეს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, მას ამ ცემის შემდეგ ცალ თვალში მხედველობა სანახევროდ დაკარგული აქვს, თავის ქალის ძვლები ჩამტვრეული ჰქონდა და ფსიქიკურადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია...

- ამას რა მნიშვნელობა აქვს ახლა, როდესაც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა ადამიანი მოკლა... მოტივად რას ასახელებს?
- იმის მიუხედავად, რომ სათანადოდ არ დასჯილა, მაინც აგრძელებდა ჩემს დასაცავზე ზეწოლას. განაწყენებული და გაბოროტებული იყო იმის გამო, რომ ჯარიმა 3000 ლარი გადაახდევინეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, - არ უშვებდა მომენტს რომ არ დავემცირებინე, შეურაცხყოფა არ მოეყენებინა და არ გამოვეწვიეო. არც პოლიციას მიუღია არანაირი ზომები, კონფლიქტები რომ არ მომხდარიყო. პატარა სოფელია და ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმ დღესაც ჩემი დასაცავი ბავშვის გამოსაყვანად საბავშვო ბაღში მიდიოდა, გზად მაღაზიაში შევიდა, იქიდან გამოსულს კი ტოროსიანი შეხვდა და ისევ მიაყენა შეურაცხყოფა. ბაღთან და მაღაზიასთან ახლოს არის მისი სახლი. მოკლედ, ვიდრე მივიდოდა ბაღში შვილის გამოსაყვანად, ისევ მოხდა ინციდენტი. ჩემი დასაცავი განმარტავს, ამ დროს დავკარგე კონტროლი, წავედი სახლში, ავიღე იარაღი და ვესროლეო...
მკრტიჩიანების გადამწვარი სახლი. წყარო:  'სამხრეთის კარიბჭე'
დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში ბრალდებულმა თვითონ დარეკა პოლიციაში, მამამისმა ჩაისვა მანქანაში და მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, ასევე ჩააბარა დანაშაულის იარაღიც... თუმცა დღეს ძალოვნები ამ რეალობას არ აღნიშნავენ და ამბობენ, რომ თითქოს თვითონ დააკავეს. ეს არის სიცრუე. თავდამსხმელი სინამდვილეში დაზარალებული და გარემოებათა მსხვერპლი იყო.

- მან ახალგაზრდა კაცი მოკლა, ისიც ფაქტია, მოკლულის მხარეს დგას მთელი სოფელი და მკვლელს სახლები და მანქანები დაუწვეს.
- მართალია ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია და მკვლელობის უფლება არავის აქვს, მაგრამ ისიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ისე სასტიკად სცემეს. ვწუხვარ ტრაგედიის გამო, მაგრამ ის გახადეს დამნაშავე. მკრტიჩიანი მშომელი ადამიანია, ცხვარს მწყემსავს.
გადამწვარი მკრტიჩიანების მანქანა, წყარო:  'სამხრეთის კარიბჭე'
რაც შეეხება იმას, რომ მთელი სოფელი დადგა მათ მხარეს, არ მინდა, ზედმეტი ვთქვა, მაგრამ ეს გაბუქებულია იმ სამართალდამცავების მხრიდან, რომლებმაც ვერ დაიცვეს ბრალდებულის ოჯახი. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა გადაეწვათ ქონება, მაგრამ ვერ უზრუნველყვეს ოჯახის დაცვა და ახლა ამ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ თავიანთ უფროსებთან თავი იმართლონ, რომ თითქოს სახლ-კარის გადაწვაში მთელმა სოფელმა მიიღო გადაწყვეტილება...
ორი საცხოვრებელი, 4 მანქანა, საძოვრების სადგომები ყველაფერი განადგურდა, ახლა დაიწყეს ნადირობა ბრალდებულის ოჯახის წევრებზე.

- რას გულისხმობთ? მოკლულის მამა აცხადებს, რომ ოჯახს არ შეეხებიან. ის დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს...

- ოჯახის გახიზვნა შეძლო პოლიციამ. ბრალდებულს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს - 6 წლის და რამდენიმე თვის. ისინი ნათესავების სახლს აფარებდნენ თავს ახალქალაქში და იქაც მიაგნეს. ამიტომ პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით. კანონი იცავს როგორც დაზარალებულს, ასევე ბრალდებულს, გალუსტ მკრტიჩიანმა ჩაიდინა დანაშაული, ის თანახმაა აგოს პასუხი ჩადენილზე, მაგრამ ვითხოვთ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

- მოკლულის ოჯახი კი აცხადებს, რომ პირიქით, თქვენი დასაცავი აქეთ ატერორებდა მოკლულს და შეძლებულები რომ არიან ამიტომ ჩაგრავდა...
- საკუთარი შრომით შექმნეს რაც ჰქონდათ, ეს დანაშაულია? მას დეტალური ჩვენება მიცემული აქვს. რაც ახსოვდა და რაც აღიქვა თქვა, ამ მოქმედების დროს არაადექვატური იყო და ვერ აკონტროლებდა საკუთარ მოქმედებას. ვფიქრობთ, ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა დანაშაული.
არ უარყოფს, რომ თვითონ გაისროლა და განიცდის მომხდარს.

რას ამბობს გარდაცვლილის ოჯახი?

განსხვავებული პოზიცია აქვს მოკლულის ოჯახის წევრებს. ისინი აცხადებენ, რომ პირიქით, მათი მოკლული შვილი იყო მსხვერპლი და ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. გადამწვარ სახლებსა და მანქანებზე თანასოფლელები ამბობენ, რომ: "ეს სოფლის კანონია და ამის შესახებ გადაწყვეტილება ფოკაში მაცხოვრებლებმა ერთად მიიღეს".
"დაახლოებით, 300–მდე კაცი იყო შეკრებილი, მთელი სოფელი ფეხზე დადგა, რადგან უდანაშაულო ბიჭი მოკლეს და მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ცეცხლი წაუკიდა. ძალიან გაგვანადგურა ამ ამბავმა, მკვლელი ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს", - ამბობს ერთ-ერთი თანასოფლელი.

პოლიციამ ამ ფაქტზე სს საქმე აღძრა 187–ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიცია ვერავის დასჯის, რადგან ეს მთელი სოფლის გადაწყვეტილება იყო. ფოკაში მოკლული ხაჟაკ ტოროსიანი დაკრძალეს, მაგრამ ვითარება ისევ მწვავეა და დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ფოკაში რჩება სპეციალური დანიშნულების რაზმი.

"ჩემი შვილი დავკრძალეთ. შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ თანასოფლელს, ის არ იყო კონფლიქტური, ყველა დაპირისპირების ინიციატორი გალუსტ მკრტიჩიანი იყო. ის აქეთ აშანტაჟებდა ჩემს შვილს. ეს იცის მოსახლეობამ. მთელი სოფელი გამწარდა - მან ჩემი უდანაშაულო შვილი მომიკლა. ამიტომ გადაუწვა ხალხმა ქონება. იმედი გვაქვს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს, სხვა შემთხვევაში მოსახლეობა ისევ ჩემს გვერდზე დადგება", - ამბობს მოკლულის მამა, ვაღარშაკ ტოროსიანი. ის ადასტურებს, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი იყო, თუმცა ამაშიც ბრალდებულს ადანაშულებს. "ივლისში დაიწყო კონფლიქტი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მაშინ ნასვამი იყო მკრტიჩიანი და ზეწოლას ახდენდა ჩემს შვილზე, ძალიან მდიდარია და უნდოდა დაეჩაგრა. მაშინ მის ნაცვლად ჩემი შვილი დასაჯეს, მაგრამ მაინც არ ისვენებდა მკვლელი. ერთი ტყვია არ აკმარა, 4 ტყვია ესროლა",- ამბობს მოკლულის მამა.

საქმის გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები