მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ - კვირის პალიტრა

მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალს დღეს, დღის პირველ ნახევარში წარუდგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოგოჭურის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ განუცხადა, სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს გოგოჭურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გიორგი რაზმაძე 5 დეკემბერს დააკავეს.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გიორგი რაზმაძე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მინდია გოგოჭური კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული... ქუჩაში ვერ გამოსულა შიშით, არ იცის, ვინ საიდან ესვრის"

"ინტერპრესნიუსი"