"ჯავშანჟილეტი ეცვა, რადგან ორჯერ დაჭრეს... ვინმემ გამოიძია ეს საქმეები?!" - რას ამბობს მინდია გოგოჭურის მამა? - კვირის პალიტრა

"ჯავშანჟილეტი ეცვა, რადგან ორჯერ დაჭრეს... ვინმემ გამოიძია ეს საქმეები?!" - რას ამბობს მინდია გოგოჭურის მამა?

"მე ვარ მინდია გოგოჭური, დაბადებული 1989 წელს. მცხოვრები თბილისში. არ ვცნობ წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ. მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, თუ მომცემთ ამის უფლებას. ჩემთვის არ იყო ახალი, რომ მე მდევნიდნენ, მემუქრებოდნენ დაჭერით. ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ ჩემზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი... ჩემ მეგობრებს ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, გამოვდიოდი მაშინაც და ამ ფაქტს ვაპროტესტებდი. არაერთხელ შემომითვალეს პოლიციელებმა, რომ არ მომეშვებოდნენ, რომ პრობლემები შემექმნებოდა. დაკავებამდე 2 დღით ადრე ჩემს ადვოკატს ვწერდი მესიჯებს და ვუხსნიდი, რომ საფრთხეში ვიყავი... თავიდან რომ დამაკავეს, მეუბნებოდნენ, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკს ჩამიდებდნენ ბინაში, რომ იქ დიდი რაოდენობით "სირეცი" იყო, მერე ეს ნარკოტიკი შეიცვალა იარაღით. ახლა ამას მედავებიან, რაც ჩემთვის ნამდვილად არ იყო ახალი", - ეს სიტყვები თქვა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მინდია გოგოჭურმა, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრალდება აქვს წარდგენილი.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დეკემბერს მისი და მისი მეგობრის, ძებნილი გიორგი რაზმაძის ხმაურიანი დაკავება ამაშუკელის ქუჩაზე მოხდა. დიდხანს ცდილობდნენ ძალოვნები ბინაში შეღწევას, თუმცა ბინის კარს არავინ უღებდა. ბოლოს ისინი ბინიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს .

თავიდან ითქვა, რომ გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა, ამ დანაშაულთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენას ედავებიან. გამოძიება ირწმუნება, რომ ბრალდებულებმა ბინის აივნიდან ქუჩაში გადააგდეს დაშლილი იარაღები, რაც სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს. წარდგენილი ბრალდება 8-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი არ ჰქონია. გამოძიება კი ირწმუნება, რომ შეძლებს მისთვის ბრალის დამტკიცებას. იარაღებს ექსპერტიზები უკვე უტარდება, გამოძიება იმასაც ამბობს, რომ ერთ-ერთი იარაღი სხვა საქმეში ფიგურირებს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ "ემცეს" მოდელის იარაღს, რომელიც ამოღებულია, გარკვეული შემხებლობა აქვს კონკრეტულ საქმესთან. პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა გამოძიება დაწყებული და ამ იარაღიდან გასროლილი ორი მასრა ფიგურირებს იმ სისხლის სამართლის საქმეში. ის ადამიანი დაჭრილია ამ იარაღით. საიდან მოხვდა ამ პირებთან ეს იარაღები, ეს უნდა გაირკვეს", - განაცხადა პროკურორმა. ახლა გამოძიებას იმის გარკვევა მოუწევს, კონკრეტულად რომელ პირს ჰქონდა ეს იარაღი, რომლითაც კაცი დაჭრეს და როგორ აღმოჩნდა მასთან. ამ გამოძიების დასრულების შემდეგ ან რაზმაძეს დაუმძიმდება ბრალი, ან გოგოჭურს. პროკურორი ვასილ სამხარაძე

გოგოჭური სასამართლო პროცესზე მარტო მოიყვანეს. რაზმაძე კი პირდაპირ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რადგან დაპატიმრების სანქცია ძებნილ რაზმაძეზე ადრე გაცემული იყო. გიორგი რაზმაძე 117-ე მუხლით არის პასუხისგებაში მიცემული, ასევე იარაღის ტარება შენახვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი და ივლისიდან იძებნება. გამოძიების თქმით, გოგოჭური  რაზმაძეს დამალვაში შეგნებულად ეხმარებოდა და ბინა დაუქირავა. "გოგოჭურს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს ვედავებით. რომ მან გიორგი რაზმაძესთან ერთად შეიძინა "ბერეტას" და "ემცეს" სისტემის იარაღები, 31 ცალი საბრძოლო ვაზნა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ბინაში. დანაშაულის დაფარვის ფაქტსაც ვედავებით, მან დაფარა ძებნილი რაზმაძე. გასათვალისწინებელია ფაქტობრივი გარემოებები, ბინაში დიდხანს კარს არ აღებდნენ, სცადეს გაენადგურებინათ მტკიცებულებები, გავიდნენ აივანზე და იქიდან გადაყარეს იარაღები. მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს და ამიტომ ვითხოვთ პატიმრობას",- განაცხადა პროკურორმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გოგოჭური რამდენჯერმე ნასამართლევია, თუმცა ადვოკატები საპირისპიროს ამბობდნენ, მათი თქმით, ის არ არის ნასამართლევი.

ადვოკატები დიდხანს ცდილობდნენ გოგოჭურის უდანაშაულობა დაემტკიცებინათ. თვლიდნენ, რომ ის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლებულიყო, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ალტერნატივის სახით სასამართლოს 10000 ლარიანი გირაო შესთავაზეს.

ადვოკატის თქმით, ნაქირავებ ბინაში ღამის 3 საათიდან დილის 7 საათამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ბინაში არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ უპოვიათ. ისინი ირწმუნებიან, რომ გამოძიების მოწმეები პოლიციელები არიან და არ შეიძლება ეს ჩვენებები სარწმუნო იყოს.

პოლიციელები თავიანთ ჩვენებებში ამბობენ, რომ ქვევიდან უყურებდნენ როგორ გადააგდო ორმა პირმა იარაღები მეექვსე სართულიდან.

პროცესზე მინდია გოგოჭურმა ისიც განმარტა, თუ რატომ არ გააღეს მალევე ბინის კარი.

"როცა პოლიცია მოვიდა, დავრეკე ჩემს მეუღლესთან და ჩავრთე ვიდეო, მიდიოდა ჩაწერა იმის, რა ხდებოდა რეალურად. ეს სიტუაცია გადაღებული მაქვს მთლიანად აიფონში. მე არანაირი იარაღი არ მქონდა. მეუღლეს ვუთხარი, რომ დაერეკა ჩემი ადვოკატისთვის და ის დროზე მოსულიყო ბინაში. მის მოსვლას ველოდებოდი და ამიტომ ვაჭიანურებდით კარის გაღებას... გორში რომ მაკავებდნენ, 7-8 პოლიციის მანქანა იყო, ახლა 150 კაცით იყვნენ მოსულები, მინდოდა ჩემი უფლებები დამეცვა. ამიტომ ველოდებოდი ადვოკატს. რაც შეეხება პროკურორის ნათქვამს, თითქოს მე არ ვაბარებ დნმ-ის ანალიზს. მე ცოცხალი მაგალითები მაქვს ბევრი ჩემი მეგობრის და ვიცი, როგორ გაუყალბეს დნმ-ის ანალიზი, ამიტომ არ ვენდობი ამ ექსპერტიზას, ამიტომ ვთქვი უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე, თუმცა მზად ვარ ალტერნატიულ ექსპერტიზის ბიუროში, თუნდაც სამხარაულში, ჩავაბარო ჩემი ნიმუშები. მაგრამ რეალურად არც ეს სჭირდებათ მათ, ისედაც აქვთ ჩემი დნმ-ი და შეუძლიათ იმას შეადარონ",- განაცხადა გოგოჭურმა.

მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გოგოჭურს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ მისი მშობლები და ახლობლები. მამუკა გოგოჭური

მამუკა გოგოჭური, მინდია გოგოჭურის მამა: - მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მისი დაკავების საფუძველი, მოველოდი ამ გადაწყვეტილებას. პოლიციელების მხრიდან სულ ხდებოდა მასზე ზეწოლა. წარამარა მანქანიდან გადმოჰყავდათ, სულ აჩერებდნენ, ჩხრეკდნენ...

ის ნამდვილად არ დაემალება გამოძიებას. იმ ბინაში არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი, არადა, 6 საათზე მეტხანს მიდიოდა ბინის ჩხრეკა, არაფერი უპოვიათ. ამბობენ, კორპუსის მიმდებარე ტეროტორიაზე ვიპოვეთ იარაღებიო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მათი იარაღები იყო. არანაირი მტკიცებულება არ არის ამ ეტაპზე.

- ბატონო მამუკა, თქვენს შვილთან ერთად დაკავებული პირი ძებნილია, ფაქტია, ისინი მეგობრები არიან და მინდია ძებნილთან ერთად იყო... - მე ეს ბიჭი გავიცანი დაახლოებით 2 თვეა, სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, ჩვეულებრივი ბიჭია, ახლა გავიგე, რომ ძებნილი იყო. ის თბილისში ცხოვრობდა, ჩვეულებრივ დადიოდა ქუჩაში, გადაადგილდებოდა მანქანით. ადამიანი რომელიც ძებნაშია, არ უნდა იმალებოდეს? ვერ წარმოვიდგენდი ძებნილი თუ იყო.

- მინდია რისთვის არის ნასამართლევი? - ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. სამივეჯერ მარიხუანას გამო იყო ნასამართლევი, ჯერ ჯარიმა გადაახდევინეს, მერე პირობითი ჰქონდა, ამის მერე დაიჭირეს. მესამედ ისევ მარიხუანაზე და გაუცოცხლეს ის პირობითი სასჯელი. ციხეში მხოლოდ ერთი თვე იჯდა.

- ამბობენ, რომ ნაქირავებ ბინაში ჯავშანჟილეტები იპოვეს, თქვენი შვილი ჯავშანჟილეტით და შეიარაღებული დადიოდა? - ალბათ გემახსოვრებათ ისიც, რომ მინდია რამდენჯერმე დაჭრეს. ერთხელ დაჭრეს, ეს საქმე არ გაიხსნა, მერე ამ ზაფხულს მეორედაც დაჭრეს მიხეილ თათარაშვილთან ერთად, ძლივს გადარჩა. მაგრამ ვინმემ გამოიძია ეს ფაქტები? დასაჯა ვინმემ დამნაშავეები? ჯავშანჟილეტი იპოვესო, ეს არ არის დანაშაული, ეს ეცვა, რადგან ორჯერ დაჭრეს, არავინ გამოიძია და დაუცველი იყო, არ ჩაეცვა? არაერთი სტატია და სიუჟეტი გავიდა მის წინააღმდეგ, ძალიან მძიმეა, როცა მისი ბრალდებებით იწყება სიუჟეტები. შავი პიარი აგორდა მის წინააღმდეგ. უხერხულია ახლა მამამისმა მისი დაცვა დავიწყო, თვითონ თქვას თავისი სათქმელი, მაგრამ ჩემი შვილი სულ სხვა ადამიანია. 3 შვილის მამაა, ოღონდ მშვიდად იყოს, სახლში როცაა, ტელევიზორს უყურებს, სულ კარგ ხასიათზეა, სულ სხვანაირია რელური მინდია, ცუდი ფილმის ყურებაც კი არ უნდა...

იხილეთ ასევე: "გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული... ქუჩაში ვერ გამოსულა შიშით, არ იცის, ვინ საიდან ესვრის"

(სპეციალურად საიტისთვის)