ცენტრ "ემპათიის" მიერ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო - კვირის პალიტრა

ცენტრ "ემპათიის" მიერ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

წამების, მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წამების, მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, სარჩელს, რომლითაც "ემპათიამ" ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, თან ახლავს მოცულობითი მტკიცებულება, რომლითაც მტკიცდება, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში წამებით არის მოკლული.

"ევროსასამართლომ სარჩელი მიიღო და რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა, სარჩელი ეხება არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობას და მისი ოჯახის ღირსების ხელყოფას, სარჩელი არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ვინაიდან მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ველოდებით კომუნიკაციის დაწყებას. სარჩელს თან ახლავს 40-მდე მტკიცებულება, დაახლოებით 800 გვერდია. მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული სასამართლო ექსპერტიზის 87- გვერდიანი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"