მამუკა გოგოჭური: "არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი "ბულკია" - კვირის პალიტრა

მამუკა გოგოჭური: "არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი "ბულკია"

"მინდიას ვუთხარი, დაცვა ავიყვანოთ-მეთქი, სირცხვილია, დაცვით რომ ვიაროო. ქუჩაში რომ გადიოდა, სულ დაძაბული ვიყავი, თავდასხმების მერე მანქანის ნომრებს ცვლიდა, ერთი მანქანიდან მეორეში ჯდებოდა"

მინდია გოგოჭურზე დიდი ხანია ბრალდებები გაისმის, მას არაერთ კრიმინალურ საქმეს უკავშირებენ. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბევრჯერ გაეხვია ამის გამო სკანდალში - სიძისა და მისი მეგობრების მფარველობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კი სამართალდამცავებმა მას "სიურპრიზი" მოუწყვეს - ჩატარდა სპეცოპერაცია, ამაშუკელის ქუჩაზე ნაქირავები ბინიდან ხელბორკილით გამოიყვანეს მინდია გოგოჭური და მასთან ერთად ბინაში მყოფი ძებნილი გიორგი რაზმაძე. როგორც გაირკვა, რაზმაძე სხეულის დაზიანებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა.

თავდაპირველად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, მოგვიანებით ბრალი დაუმძიმდა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენასაც ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა ბინის აივნიდან გადაყარეს დაშლილი იარაღები, რომლებიც, როგორც ნივთმტკიცება, სამართალდამცავებმა ამოიღეს. გოგოჭურისთვის წარდგენილი ბრალდება 8-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იარაღებს ექსპერტიზა უკვე უტარდება, მეტიც, ერთ-ერთი მოქალაქის დაჭრის საქმეში ფიგურირებს.

"მე ვარ მინდია გოგოჭური, დაბადებული 1989 წელს. არ ვცნობ თავს დამნაშავედ... ჩემთვის არ იყო ახალი, რომ მდევნიდნენ, მემუქრებოდნენ დაჭერით. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ ჩემზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი... ჩემს მეგობრებს ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, მაშინაც ამ ფაქტს ვაპროტესტებდი. არაერთხელ შემომითვალეს პოლიციელებმა, რომ არ მომეშვებოდნენ... დაკავებამდე 2 დღით ადრე ჩემს ადვოკატს ვწერდი მესიჯებს, რომ საფრთხეში ვიყავი... თავიდან რომ დამაკავეს, მეუბნებოდნენ, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკს ჩამიდებდნენ ბინაში, რომ იქ დიდი რაოდენობით "სირეცი" იყო და მერე ეს ნარკოტიკი შეიცვალა იარაღით. ახლა ამას მედავებიან, ეს ჩემთვის არ იყო ახალი, ამას ველოდი" - განაცხადა სასამართლო სხდომაზე მინდია გოგოჭურმა.

"გოგოჭურს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს ვედავებით. მან გიორგი რაზმაძესთან ერთად შეიძინა "ბერეტასა" და ემ-ცე სისტემის იარაღები, 31 ცალი საბრძოლო ვაზნა და მათ ბინაში ინახავდა. ვედავებით დანაშაულის დაფარვასაც, მან დაფარა ძებნილი რაზმაძე. გასათვალისწინებელია ფაქტობრივი გარემოებებიც - კერძოდ, ბინის კარს დიდხანს არ აღებდნენ, სცადეს მტკიცებულებების განადგურება, აივნიდან გადაყარეს იარაღები. არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც და ამიტომ ვითხოვთ მათ პატიმრობას", - განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ გოგოჭური რამდენჯერმე ნასამართლევია.

გოგოჭურის ადვოკატი კი საპირისპიროს ამტკიცებს: "გოგოჭური დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდან, ალტერნატივად გთავაზობთ გირაოს. ის არ არის ნასამართლევი, 10.000 ლარი არის გარანტია იმისა, რომ არ დაემალება გამოძიებას. მას აქვს ამერიკის 10-წლიანი ვიზა და მზად ვართ, პასპორტიც ჩავაბაროთ. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრში აქვს 280.000 დოლარად შეფასებული ბინა და შეიძლება ისიც ჩაიდოს გარანტიად, რომ არ დაემალება გამოძიებას".

მოსამართლემ გოგოჭურს პატიმრობა შეუფარდა... ჩვენ ვესაუბრეთ მინდიას მამას, მამუკა გოგოჭურს:

- იმ ბინაში არც იარაღი ყოფილა და არც სხვა უკანონო ნივთი. 6 საათზე მეტხანს ჩხრეკდნენ და არაფერი უპოვიათ. ამბობენ, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ იარაღიო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი იარაღებია.

- თქვენი შვილი გამუდმებით პოლიციელთა მუქარაზე ლაპარაკობდა. - ზეწოლა სულ იყო, წარამარა გადმოჰყავდათ მანქანიდან და ჩხრეკდნენ. რამდენიმეჯერ მის მეგობრებს ჩაუდეს წამალი, მაგრამ ისინი გამართლდნენ, დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს ნარკოტიკს უდებდნენ. ამის გამო საპროტესტო აქციებიც გაიმართა დევიზით: "არა ჩადებას". ასეთ პირებს აკვირდებიან და ისინი პოლიციისთვის არასასურველი ადამიანები ხდებიან.

- მინდიასთან ერთად დაკავებული ძებნილია... - ეს ბიჭი 2 თვის წინ გავიცანი.

ახლა გავიგე, რომ ძებნილი ყოფილა, არადა, ჩვეულებრივ დადიოდა ქუჩაში. როცა კაცი ძებნილია, არ დაიმალება? თუ იძებნება, ტელევიზორში ან ქუჩაში ხომ უნდა ყოფილიყო მისი ფოტოები, ან ინფორმაცია, რომ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონოდა.

- თქვენი შვილი რამდენჯერმე ნასამართლევია? - მინდიას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. სამივეჯერ მარიხუანას გამო დააკავეს. ჯერ ჯარიმა გადაახდევინეს, მერე პირობითი ჰქონდა, შემდეგ დაიჭირეს ისევ მარიხუანაზე და გაუცოცხლეს ის პირობითი სასჯელიც.

- ყველაზე მძიმე ტარყაშვილის დედის, თამილა კოჭლამაზაშვილის ბრალდებებია. ის თავისი შვილის მკვლელობის მონაწილედ მინდია გოგოჭურსაც ასახელებს. - აბსურდია. ჩემს შვილს იმ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. იმ დღეს, როცა დანაშაული მოხდა, მინდია თანაკლასელთან ერთად კაფე "ორ ლულაში" იყო.

- თამილა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მინდია გოგოჭურიც ჩანს ვიდეოფირში. - მინდია მოკლული სანდრო გოგბერაშვილის მეგობარი იყო. სანდროს მკვლელობის დროს ესენი ბავშვები იყვნენ. რა თქმა უნდა, აგრესია ჰქონდათ სანდროს მკვლელობის გამო, სამაგიეროს გადახდის სურვილიც, თუმცა გამოძიებამ კარგად იცის, რა და როგორ მოხდა. რაც შეეხება ფირს, იქ მინდია არ ჩანს. ტარყაშვილის დედა ძალიან მეცოდება, ღმერთმა შეუნდოს, რასაც ამბობს, მაგრამ არ შეიძლება ასე ადამიანს ცილი დასწამო.

ფირში ჩანს თავგადაპარსული ადამიანის სილუეტი, რომელიც გარბის, კარგად იციან, ვინ არის ის სინამდვილეში. ბიჭები კაფედან ერთად გამოვიდნენ, ნახეს, რომ რუსთაველი გადაკეტილი იყო, ამიტომ ტაქსით წამოვიდნენ და მაშინ გაიგეს, რომ ვიღაც მოკლეს, მივიდნენ და ნახეს მოკლული.

- მინდიაზე უამრავი ბრალდება გაისმის. - მე რომ თქვენზე ცუდი რამე მოვიგონო და მუდმივად ვაპიარო მედიასაშუალებებით, საზოგადოების ნაწილი დაიჯერებს.

- თქვენ გვითხარით, რას წარმოადგენს თქვენი შვილი. - ჩემს შვილს ინერტული მასალების წარმოების ბიზნესი აქვს, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. 30 კაცი ჰყავს დასაქმებული. დილიდან საღამომდე მუშაობდა. ეს მეგობარი ორი დღეა მასთან იყო. მინდია ფოკას მონასტერში იყო ბოლო დღეებში, ვუთხარი, მარხვაა და თუ გინდა, დარჩი-მეთქი, მაგრამ მშენებლობას ვიწყებთ და უნდა ჩამოვიდეო. ერთ სერიოზულ კომპანიასთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.

- ამბობენ, რომ ნაქირავებ ბინაში ჯავშანჟილეტები იპოვეს, თქვენი შვილი ჯავშანჟილეტითა და შეიარაღებული დადიოდა? - მინდია რამდენჯერმე დაჭრეს. ერთხელ დაჭრეს, ეს საქმე არ გაიხსნა, ამ ზაფხულს მეორედაც დაჭრეს მიხეილ თათარაშვილთან ერთად, ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ძლივს გადარჩა, მაგრამ ვინმემ გამოიძია ეს ფაქტები? ჯავშანჟილეტი ეცვა, რადგან დაუცველი იყო. არ ჩაეცვა? კიდევ რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მაგრამ მაშინ ასცდა ტყვია. ეს არ გახმაურებულა, რაც გახმაურდა, ის გამოიძიეს?

- იცის, ვინ დაჭრა?

- ვფიქრობ, იცის, მაგრამ არ მეტყოდა. რის გამო დაჭრეს, არ ვიცი, ალბათ, გავლენები ჰქონდა ამ ადამიანებზე. ვიღაცამ ვერ გადალახა წინააღმდეგობა და ესროლეს. ვუთხარი, დაცვა ავიყვანოთ-მეთქი, სირცხვილია, დაცვით რომ ვიაროო. ქუჩაში რომ გადიოდა, სულ დაძაბული ვიყავი, თავდასხმების მერე მანქანის ნომრებს ცვლიდა, ერთი მანქანიდან მეორეში ჯდებოდა.

- ვინმესი ეშინია? - დიახ, ეშინია. როგორც გითხარით, ამ ზაფხულს 4 ტყვია ესროლეს, ორი ბარძაყში, ჩამსხვრეული ჰქონდა ფეხები. ეს დანაშაული ვერ გახსნეს და ახლა ასეთი დამძიმებული ბრალი წაუყენეს იმიტომ, რომ გარეთ არ დარჩენილიყო. რომ ამბობენ, ჯგუფურად იარაღი შეიძინესო, რა საფუძველი აქვთ? ასე შექმნეს მონსტრის ბექგრაუნდი.

- რამდენი წლის იყო, პირველად რომ დააკავეს? - 18 წლის, ორ დღეში მისაღები გამოცდები ჰქონდა. მასწავლებელთან მიდიოდა და ჩხუბი მოხდა, თანატოლებმა იჩხუბეს. იმ ბავშვმა 27-30 წლის კაცები მოიყვანა, 30 თუ 40 კაცი მონაწილეობდა ჩხუბში.

მაშინ ორი მამაკაცი დაჭრეს, მინდიაც მძიმედ იყო ნაცემი და იმ ადგილას დააკავეს, სადაც ორი კაცი დაჭრეს. 100 პროცენტით გეტყვით, მინდიას იარაღი არ ჰქონია. 2006 წელია, წარმოიდგინეთ, ისე იყო ნაცემი, ციხემ არ მიიღო და არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ იქ ორი მძიმე ავადმყოფი პატიმარი იწვა და ორივეს ბადრაგი დარაჯობდა. მინდიასაც დაუყენეს დაცვა და ასეთ ნაცემს ორი კაცის დაჭრაში დასდეს ბრალი. ერთ დღეს ბადრაგებს ჩაეძინათ და მინდია გამოიპარა. ძებნილად გამოაცხადეს და მაშინ დატრიალდა შავი პიარი...

მაშინ მეგობრებმა მითხრეს, ვერ დაამტკიცებს სიმართლეს და ჯობია, არ გამოჩნდესო, თუმცა დაჭრილმა თქვა, რომ მინდიას არ დაუჭრია. პროკურატურამ 2007 წელს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმე და მინდია გამართლდა.

- თქვენს შვილს გავლენა რომ აქვს კრიმინალურ სამყაროზე, ეს ხშირად თქმულა. - არ ვამბობ, რომ მინდია "ბულკია". პრინციპული ადამიანია. არასდროს იტყვის ტყუილს. არ მახსოვს, მე ან მეგობრები მოეტყუებინოს. მერე პლანისთვის დააკავეს. ვანში მეზობლის ეზოში გადადიოდნენ პლანზე და მაშინ დაიჭირეს, 7-დან 14 წლამდე ემუქრებოდა, მანამდე 2.000 ლარი გადავიხადე ჯარიმა. ვანში რომ დაიჭირეს, ერთი თვე იჯდა ციხეში, სხვა დროს ციხეში არასოდეს მჯდარა.

- სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ მას და მის მეგობრებს პრეზიდენტი მფარველობდა? - გიორგი მარგველაშვილი არ არის ის ადამიანი, რომ ვინმესთვის ეთხოვა დახმარება. პირიქით, რომ დაიჭირეს, პირობითი ჰქონდა და პირობითი გაუცოცხლეს.

- თქვენს შვილს მტრები ჰყავს? - ბუნებრივია, ჰყავს. სულ სტრესსა და შიშში ვართ. არაერთი სტატია და სიუჟეტი გავიდა, ძალიან მძიმეა, როცა ბრალდებებით იწყება. სამი შვილის მამაა, რეალურად, სულ სხვა ადამიანია, ცუდ ფილმსაც არ უყურებს გასართობად. თავმოყვარეა, ხშირად სამეგობროს გამო გახვეულა შარში. მისი პრობლემების 99 პროცენტი სხვისი პრობლემებია.