რატომ ვერ ხერხდება ძებნილების საქართველოში ექსტრადირება - კვირის პალიტრა

რატომ ვერ ხერხდება ძებნილების საქართველოში ექსტრადირება

"ეს პირები არა მარტო დანაშაულებში არიან მხილებული, შესაძლოა ისინი გარკვეული ფორმითაც მონაწილეობენ ქვეყნის ინტერესების საზიანო საქმიანობაში, საეჭვოა მათი კავშირებიც, რაც დეკლარირებულია"

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნაწილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დატოვა. ახალმა ხელისუფლებამ არაერთ საქმეზე აღძრა სს საქმე და პროკურატურამ მაღალჩინოსნებს დაუსწრებლადაც წაუყენა ბრალი. ბევრ მათგანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, თუმცა გიორგი დგებუაძის ("მასტერა") გარდა, დანაშაულში ბრალდებულების საქართველოში ექსტრადირება არ და ვერ მოხერხდა. საზოგადოება ამას იმით ხსნის, რომ პროკურატურა მყარ მტკიცებულებებს ვერ აწვდის იმ ქვეყნის შესაბამის უწყებას, რომელსაც ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები აფარებენ თავს. საბოლოოდ, ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ მაღალჩინოსანთა უმრავლესობაზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა და მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ თავშესაფარიც მისცა.

დავით კუხალაშვილი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი: - ინტერპოლმა თითქმის ყველა გაქცეული მაღალჩინოსნის ძებნა შეწყვიტა, მაგალითად, ადეიშვილის, კოდუას, უდესიანის, კეზერაშვილის... სოცქსელში ფიქსირდება როგორც ერეკლე კოდუა, ასევე მიხეილ სააკაშვილი. ასე რომ, სპეცსამსახურებს, დიდი ალბათობით, მათი ადგილსამყოფელი დადგენილი აქვთ, მაგრამ იმ სახელმწიფომ თუ ნებართვა არ მოგვცა, ან ერთობლივი ღონისძიება არ გატარდა, ჩვენ მათ ტერიტორიებზე მოქმედების უფლება არა გვაქვს.

ინტერპოლმა რომ ძებნა შეწყვიტა, შეიძლება ჩვენი არაპროფესიონალიზმის ან არასაკმარისი თუ არამყარი მტკიცებულებების ბრალია. პროკურატურაში, საიდანაც იგზავნება მასალები, შემორჩენილი არიან პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ამ საქმეებს კერავდნენ.

ინტერპოლმა ძებნა რომ შეწყვიტა, ჩვენი სახელმწიფო ხომ კომპრომეტირებული გამოდის? მაგრამ თუ ყველა მტკიცებულება მყარია და ინტერპოლმა მაინც შეწყვიტა ძებნა, მაშინ ეს იმ ქვეყნების სადაზვერვო ინტერესებია, რომლებშიც ამ მაღალჩინოსნებს თავშესაფარი მისცეს. ამ შემთხვევაში ის სახელმწიფოა კომპრომეტირებული, გამოდის, ის დამნაშავეს მფარველობს.

ვფიქრობ, ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ პროპაგანდაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რომ უცხო სახელმწიფოები დამნაშავეებს იფარებენ. პროკურატურამ მეტი დამაჯერებლობით უნდა მიაწოდოს მასალები პრესას, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობაც დარწმუნდეს, რომ ვისაც ჩვენი სახელმწიფო ედავება, დამნაშავეები არიან. ეს იქნება მექანიზმი იმისა, რომ უცხო სახელმწიფოებმა ასე მარტივად ვერავის მისცენ თავშესაფარი.

გამორიცხული არ არის, ეს პირები საქართველოში სხვადასხვა მისიით დასაბრუნებლად მოიაზრებიან, შესაძლოა იყოს გარიგებაც, რომ მათ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ეს პირები არა მარტო დანაშაულებში არიან მხილებული, შესაძლოა ისინი გარკვეული ფორმითაც მონაწილეობენ ქვეყნის ინტერესების საზიანო საქმიანობაში, საეჭვოა მათი კავშირებიც, რაც დეკლარირებულია. ამ შემთხვევაში სპეცსამსახურებს აქვთ ასეთი პრაქტიკა:

თუ არის საშუალება, ფარულად მოიტაცონ ისინი და საქართველოში ჩამოიყვანონ სასამართლოს წინაშე წარსადგომად. ასეთი მეთოდოლოგია მიღებულია სადაზვერვო ურთიერთობებში. სხვა რა გამოსავალი გვაქვს?

- ანუ როდესაც ძებნილები დევნილის სტატუსს იღებენ, ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა? - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პირდაპირი კომპრომეტირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო აფიქსირებს, რომ ძებნილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ჩასმულია წითელ ცირკულარში. არადა, მათ ცირკულარიდანაც და ძებნიდანაც ხსნიან და თავშესაფარსაც აძლევენ. ეს ხელსაყრელი პირობაა საერთაშორისო უარყოფითი აზრის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ამას ზუსტად ისინი აკეთებენ, რომლებსაც დესტაბილიზაცია სურთ.

- რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მეგის ქარდავას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა? - უკრაინა საქართველოს ორმაგ თამაშს ეთამაშება. ამ ქვეყნის მეგობრობაში მტრული ელემენტებიც არის. არ არის გამორიცხული, იმ პირთა ნაწილი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა დანაშაულში იყვნენ მხილებული, უკრაინამ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა შეგნებულად გაჯანჯლდეს ეს პროცესი.

ჩემი აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურება შეცდომა იყო. ხალხს უნდა სცოდნოდა, რას და როგორ იწერდნენ და ამის შემდეგ განადგურებულიყო. არადა, იყო ისეთი მასალები, რითაც შეიძლებოდა დღესაც დაშანტაჟებული ჰყოლოდათ საზოგადოების ერთი ნაწილი. ამ მასალების გატანა არა მარტო ქარდავას, ყველა იმ თანამშრომელს შეეძლო, რომლებიც სპეცსამსახურში მუშაობდნენ და მასზე ხელი მიუწვდებოდათ. შესაძლოა ეს მასალები მიაწოდეს იმ ქვეყნების სპეცსამსახურებს, სადაც აფარებენ თავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მნიშვნელოვანი მაკომპრომეტირებელი მასალების შეგროვებაზე სადაზვერვო სამსახურები მილიონობით დოლარს ხარჯავენ (კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფების მანიპულირებისთვის), ვთვლი, რომ ესეც არის თავშესაფრის მიცემის მიზეზი და განსაზღვრული ინფორმაცია მათაც ჰქონოდათ ხელთ. იგულისხმება სრულიად საიდუმლო მასალები. ვფიქრობ, ყველა მათგანს შეეძლო მასალების გატანა და საქართველოს ინტერესების საზიანოდ გამოყენება.

- მასალებს, რომლებიც იმ ქვეყნებში იგზავნება, პროკურატურა უყრის თავს. რა პრობლემას ხედავთ ამ უწყებაში და რას იტყვით პროკურატურაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე? - სახელმწიფოში არის ძალიან ბევრი უკმაყოფილო ოჯახი, რომელთა თავზეც გადაიარა რეპრესიებმა. საბოტაჟი შეიძლება დავარქვათ პროცესს, რომელიც პროკურატურის თანამშრომლების განსაზღვრულ ვალდებულებებზე მიანიშნებს იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც, სულ მცირე, იდეური თანხვედრა დღესაც არის. შედარებით სწრაფი ტემპით უნდა წავიდეს პროცესები და შედეგსაც მივიღებთ - დაიწყება დამნაშავე პირების გასამართლება.

თუ თანამდებობებზე ისევ დარჩებიან ის პირები, რომლებიც იმ რეჟიმის დროსაც მუშაობდნენ, ჩათვალეთ, რომ არავითარი რეფორმა არ გატარდება.

- ექსპრეზიდენტი რევოლუციით იმუქრება და დესტაბილიზაციას გვპირდება. მოვლენების როგორ განვითარებას ელით? - არა მგონია, სააკაშვილის ჩამოსვლის ვინმეს ეშინოდეს, გააჩნია, რა მხარდაჭერა ექნება და თუ სადაზვერვო მხარდაჭერას მოიპოვებს, არ არის გამორიცხული, გადატრიალებაც მოახდინოს.

არც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და არც 2003 წლის რევოლუცია უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა.

ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, მოსალოდნელია პროცესების გამწვავება. სასწაული პრეცედენტია, რომ ყველა სისტემაში დღესაც მისტირიან ყოფილ ხელისუფლებას და არავინ აცნობიერებს იმ დამანგრეველ პროცესებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებზე აისახება.

კატასტროფაა, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი აქამდე თანაუგრძნობს იმ დანაშაულებრივ რეჟიმს. თუ სააკაშვილს ექნება ფინანსური შესაძლებლობა და უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერა, დესტაბილიზაცია გარდაუვალია.

საკადრო ცვლილებები ვახსენე და, ამ საკითხების მოუგვარებლობა კრიზისს უფრო გააღრმავებს. თანამდებობებზე დანიშვნა დაბლიდან მაღლა უნდა ხდებოდეს განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

არ ვამბობ, ყველა უნდა დავიჭიროთ-მეთქი, მაგრამ მასშტაბურ დანაშაულებში მონაწილე პირები კვლავ არ უნდა ჩაებან ისეთ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი იქნება.

სახელმწიფო სტრუქტურები უნდა გამოთავისუფლდეს დანაშაულებში მონაწილე პირებისგან, სისტემებიდან უნდა გამოირიცხონ, ვინაიდან სისტემა შეიცავს მნიშვნელოვან საიდუმლო და გრიფით "საიდუმლო" ინფორმაციას. გამოდის, ის ძალა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციით, ყველა მიმართულებით ფლობს ინფორმაციას. დღეს ებრძვიან ყველა იმ რესურსებს, რომლებიც საქართველოს აქვს. ხელისუფლება რამდენად გაუძლებს ამ წნეხს, მის ქმედუნარიანობაზეა დამოკიდებული.

P.S. ჩვენ მთავარ პროკურატურასაც დავუკავშირდით იმის გასაგებად, რა მიზეზით ვერ ხერხდება ამა თუ იმ მაღალჩინოსნის საქართველოში ექსტრადირება. როგორც უწყების პრესცენტრში გვაცნობეს, თითოეულ საქმეს ინდივიდუალური მიზეზები აქვს და მათი საერთო ჭრილში განხილვა არასწორია. ამასთან, მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნება და წინ ბევრი სიახლე გველის.