სად იმალებიან ყოფილი მაღალჩინოსნები - კვირის პალიტრა

სად იმალებიან ყოფილი მაღალჩინოსნები

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული:

მიხეილ სააკაშვილს (საქართველოს ექსპრეზიდენტი) საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პროკურატურამ რამდენიმე ბრალი წაუყენა. მათ შორის იყო სახელმწიფოს კუთვნილი 8.837.461 ლარის გაფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა და ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელაშვილის ცემა. მიხეილ სააკაშვილი ექსპრეზიდენტს ასევე ბრალად ედება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქართველოს პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნას ითხოვდა, თუმცა ინტერპოლმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ექსპრეზიდენტის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჰოლანდიაა.

ზურაბ ადეიშვილს (იუსტიციის ყოფილი მინისტრი) კობა დავითაშვილის ცემის, ასევე ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი. ზურაბ ადეიშვილის ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის ძებნა შეწყვიტა და მას უნგრეთმა მისცა თავშესაფარი.

დავით კეზერაშვილს (თავდაცვის ყოფილი მინისტრი) გამოძიება თავდაცვის სამინისტროში შესყიდვებიდან დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება და მას ბრალი ჰქონდა წაყენებული ასევე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედის" წილების უკანონოდ გადაფორმება-განკარგვის საქმეზე. პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსანს თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების გამოძალვასაც ედავება. თავდაცვის ექსმინისტრი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი ძებნაც შეწყდა. კეზერაშვილი დაკავებული იყო საფრანგეთში, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა, საბოლოოდ გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ერეკლე კოდუას (შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი) ბრალი წარუდგინეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თაღლითობაზე (ორი ეპიზოდი), ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედში" შეჭრისა და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე. მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს 2005 წელს პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე წარედგინათ.

დათა ახალაიას (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) საქართველოს სსკ-ს ორი მუხლით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება და მასში ჩართული იყვნენ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ძმა დათა ახალაია. მეგის ქარდავა, დათა ახალაია, იოსებ თოფურიძე გირგვლიანის საქმეზე ბრალი ოთხივე მათგანს აქვს წარდგენილი. გასულ წელს დათა ახალაია საბერძნეთში დააკავეს, თუმცა მისი საქართველოში ექსტრადირება არ მომხდარა. საბერძნეთის სასამართლომ ის პატიმრობისგან გაათავისუფლა.

მეგის ქარდავას (საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი) საქართველოს პროკურატურამ 11 ბრალი წაუყენა, რომელთაგან უმეტესობა წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და წამების ორგანიზებას ეხება. მათ შორისაა სამხედრო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამება, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, მოქალაქე გიორგი გორელაშვილის წამება, გიორგი ჩიკვატიას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რისთვისაც მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. ანალოგიური სასჯელი ქარდავას ე.წ."კასრების საქმეზეც შეეფარდა, როდესაც სამართალდამცველებმა სამეგრელოში იარაღის სამალავები და წამების ამსახველი ვიდეოფირები ამოიღეს. მეგის ქარდავა უკრაინაშია და თავშესაფრის მინიჭების საკითხის გადაწყვეტამდე მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს.

ალექსანდრე მუხაძის (მე-8 პენიტენციარული დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი) წინააღმდეგ აღძრული ყველა ბრალდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება. საგამოძიებო უწყებებს მისთვის რამდენიმე საქმეზე აქვთ ბრალი წაყენებული, მათ შორის არის ე.წ. ფოტორეპორტიორების (ძალადობითა და დაზარალებულების პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე) და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეები, ასევე პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სიკვდილის საქმე, რისთვისაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიორგი უდესიანს (კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე) მთავარმა პროკურატურამ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად ბრალი წაუყენა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ციხეში წამების ორგანიზებასა და მისთვის ქონების იძულებით დათმობაში. გია უდესიანი ამჟამად უკრაინაშია.

იოსებ თოფურიძეს (კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე) ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, წამება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ყოფილ მაღალჩინოსანს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე თავს სტამბოლს აფარებს.

ქართულ მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვთ უკრაინაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ორ ყოფილ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძეს. ლორთქიფანიძეს საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმეზე წაუყენა ბრალი, ხოლო გიგი კალანდაძის წინააღმდეგ სასამართლო განხილვები ელბერ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: რატომ ვერ ხერხდება ძებნილების საქართველოში ექსტრადირება