"არ გამოვრიცხავ, რომ დაკავებული უკრაინელები თბილისში არეულობის სცენარს ამზადებდნენ" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ დაკავებული უკრაინელები თბილისში არეულობის სცენარს ამზადებდნენ"

იგეგმებოდა თუ არა თბილისში არეულობა უკრაინელი მოქალაქეების დახმარებით და რა კავშირი აქვთ ამასთან სააკაშვილსა და ოპოზიციას, ამ კითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს, მანამდე კი შს მინისტრი ამბობს, რომ ეჭვის საფუძველი აქვთ. დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ და შიმშილობენ.

2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. დაკავებულებმა ბრალის წარდგენის ოქმზე ხელმოწერის ნაცვლად Слава Україні! დააწერეს. ადვოკატების თქმით, დაკავებულები საქართველოში ტურისტებად ჩამოვიდნენ და მათ კავშირი არა აქვთ ოპოზიციასთან.

გიორგი როსტომაშვილი, ადვოკატი: - ბიჭები ამბობენ, რომ ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ, ნაწილი - 28 ნოემბერს დილით, მეორე ნაწილი კი საღამოს. როგორც ამბობენ, სააკაშვილს არ იცნობენ და თბილისის აქციასთანაც არა აქვთ კავშირი, დეპუტატ სემენჩენკოს იცნობენ, ამას თავად დეპუტატიც არ უარყოფს. მისი მეუღლე ამ პირებთან ერთად ჩამოვიდა. შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით: "ეჭვი არსებობს მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, მათ შორის დაკითხვების დროსაც და სხვადასხვა აქციაზე. ეს მხოლოდ ეჭვია. სად მიგვიყვანს გამოძიება, ვნახავთ".

ხელისუფლების ეჭვს საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ დაკავებულებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა რადას ოპოზიციონერი დეპუტატი სემიონ სემენჩენკო, რომელიც, არსებული ინფორმაციით, თბილისში გამომგზავრებამდე პოლონეთში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

"არანაირი"მიხომაიდანი" ამ წუთებში საქართველოში არ არის. დაკავებული უკრაინელები არც ერთხელ არ ყოფილან იქ", - დაწერა თავის "ფეისბუკზე" სემენჩენკომ.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია დაკავებულებსა და სააკაშვილს შორის კავშირს არ გამორიცხავს:

- იმის გამო ჩამოვიდნენ, რომ მათმა ხელმძღვანელმა სემენჩენკომ და მიხეილ სააკაშვილმა მოინდომეს ისეთი ტიპის არეულობის მოწყობა, როგორიც შარშან უკრაინაში მოხდა, როდესაც კარვები გაშალეს და ქალაქი პარალიზებული იყო. როგორც დადგინდა, პოროშენკოს ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა. სხვათა შორის, ანალოგიური სცენარი გამოიყენეს მონტენეგროში და ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ, კერძოდ, ნიკოლაი პატრუშევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი. რაც შეეხება ამ ყველაფერთან სააკაშვილის და ოპოზიციის კავშირს, 7 კაცია დაკავებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მეტი იყოს შემოსული. მაგალითად, მონტენეგროში გასამხედროებული დაჯგუფების წევრები შედიოდნენ და ამზადებდნენ ადგილობრივ რადიკალურ ჯგუფებს. თუ პარალელს გავავლებთ კიევის გასული წლის მოვლენებსა და ასევე მონტენეგროს სიტუაციასთან, შეიძლება ითქვას, ეს რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებში შედიოდა.

სააკაშვილი მარგინალური ფიგურაა და ნებისმიერ წინადადებას დათანხმდება, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურებისას.

უკრაინაში კარვების ქალაქსა და საპროტესტო გამოსვლებს დონბასელი სეპარატისტები აფინანსებდნენ და ამაში სააკაშვილის კავშირიც გამოვლინდა. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ დაკავებულ უკრაინელებს ამ ყველაფერთან კავშირი ჰქონდეთ და თბილისშიც იგივე სცენარი მზადდებოდა.