"ნაცემ ადამიანებს მისდევდნენ სადარბაზოებში და უსწორდებოდნენ" - რა გაიხსენა ზვიად ძიძიგურმა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაზე? - კვირის პალიტრა

"ნაცემ ადამიანებს მისდევდნენ სადარბაზოებში და უსწორდებოდნენ" - რა გაიხსენა ზვიად ძიძიგურმა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაზე?

თუ შეიძლება ითქვას, "გამიმართლა", თუკი სადმე რამე დარბევა იყო იმ დღეს, ყველაფერში მოვყევი, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა.

"დილით 11 საათზე ძალიან სასტიკი დარბევა იყო, რომელსაც ახორციელებდნენ ნიღაბში გამოწყობილი ადამიანები, მაგრამ ისინი არ იყვნენ პოლიციელები, ისინი ჯინსებში და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი იყვნენ. იქ მოვყევი ჭყლეტაში, გავიგუდე გაზით და ძლივს მომასულიერეს რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის შენობაში. შემდეგ რიყეზე დარბევაშიც მოვყევი, სადაც მასიური და სასტიკი დარბევა იყო, მომიტინგეებს უსწორდებოდნენ, ნაცემ ადამიანებს მისდევდნენ, მაღაზიებში, სადარბაზოებში და უსწორდებოდნენ.

ბოლოს ტელეკომპანია "იმედში", პოლიტიკურ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, იქაც "იმედს" შემოარტყა სპეცრაზმა ალყა, დეპუტატებიც დაგვაპატიმრეს, ჟურნალისტებიც და ცინიკური, შეურაცხმყოფელი ანგარიშსწორება იყო", - განაცხადა ძიძიგურმა.

დღეს სასამართლოში ჩვენებას ლევან გაჩეჩილაძე და კახა კუკავაც მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"