"ბიჭი თავად მივიდა შინ, მშობლებს დაუმალა, რაც მოხდა" - 14 წლის მოზარდი თანატოლებთან დაპირისპირებას ემსხვერპლა?! - კვირის პალიტრა

"ბიჭი თავად მივიდა შინ, მშობლებს დაუმალა, რაც მოხდა" - 14 წლის მოზარდი თანატოლებთან დაპირისპირებას ემსხვერპლა?!

ბოლნისელი 14 წლის ისმაილ ბადალოვი საავადმყოფოში ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრების მტკიცებით, ის მოზარდთა შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა. ისინი გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ბადალოვების მტკიცებით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში, სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა. გარდაცვლილი მოზარდის მამის იდაიფ ბადალოვის განცხადებით, მათთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, პოლიცია კი იმის გამო, რომ არასრულწლოვანია, არ აკავებს. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მოზარდის თანასოფლელები, ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭს თამაშის დროს ხელი კრეს, ის წაიქცა, თუმცა წამოდგა და თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი შეუძლოდ გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. ისმაილ ბადალოვი სოფელ ქვედა ბოლნისის მერვე კლასის მოსწავლე იყო. როგორც სოფელში ამბობენ, ისმაილი აგრესიული არასოდეს ყოფილა.

გვესაუბრება სოფელ ქვემო ბოლნისის მაცხოვრებელი: - ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს სოფელში ჩხუბი და საქმის გარჩევები არ არის, მაგრამ ჯერ არ მახსოვს, 14 წლის ბავშვებს ერთმანეთი დაეხოცოთ. ბიჭი ერთი თვე იყო კომაში, ოჯახმა ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერი უშველეს.

- ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება რა საბაბით მოხდა? როგორც ისმაილის მამა ამბობს, სოფელში ბევრმა დაინახა, ახალგაზრდები რომ ჩხუბობდნენ და ისმაილს დაარტყეს, მაგრამ ამას არავინ აღიარებს. - ძალიან ცუდია, რომ არ აღიარებენ. ისმაილი და კიდევ მისი თანატოლი ბიჭები, რომლებიც სხვა სკოლაში სწავლობენ, იმ დღეს ქორწილში იყვნენ ერთად და იქიდან ბრუნდებოდნენ სახლში. ჩხუბი კი სოფლის მაღაზიის წინ დაიწყეს. იქ მოხდა ყველაფერი. ალბათ ნასვამებიც იყვნენ.

- ნუთუ მაღაზიიდან ვერავინ დაინახა, რომ ახალგაზრდები ასე ჩხუბობდნენ? ისმაილის მამა სწორედ მაგას ამბობს, რომ ხალხმა დაინახა, თუ როგორ გაუსწორდნენ მოზარდს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არავის უნდა.

- ცუდია თუ დაინახეს და არ ამბობენ. როცა დამნაშავე არ ისჯება, მერე ყველგან დანაშაული ხდება. ზოგი ჩვენი სოფლელი გაიძახის, ვითომ ისმაილი წაიქცა, თავი ჟანგიან რკინას დაარტყა, რამაც თავის ქალა დაუზიანა... როგორც ამბობენ, ბიჭს თავზე ღრმა ჭრილობა ჰქონდა.

- მისი საავადმყოფოში გადაყვანა ხომ არ დაგვიანდა?

- ისმაილი თავად მივიდა სახლში და მშობლებს დაუმალა, რაც მოხდა. მათ მხოლოდ ის უთხრა, თავი ძალიან მტკივაო. მშობლებიც ვერაფერს მიხვდნენ, რადგანაც ისმაილს ჭრილობა უკვე თავისი ხელით ჰქონდა მობანილი და სისხლიც აღარ მოსდიოდა. ბიჭი ჯერ ბოლნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მერე კი რუსთავში, სადაც გონზე ერთი დღეც არ მოსულა.

- ისმაილის მამის განცხადებით, დამნაშავეები, რომლებმაც ისმაილი დაჭრეს, პოლიციას არ აუყვანია და გარეთ დადიან. - არა, სავარაუდო დანაშავეები აყვანილი არიან, მაგრამ ამით ისმაილი მაინც ვერ გაცოცხლდება. ისინი არასრულწლოვნები არიან, ამიტომაც სასჯელიც არ ექნებათ ჩადენილის შესაფერისი. არადა, თუ მათ მართლაც დაუმტკიცდათ ეს დანაშაული, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. თუ არ დაისჯებიან, ეს დანაშაული უკანასკნელი არ იქნება…

(სპეციალურად საიტისთვის)