"დღეს ბოლო სასამართლო სხდომაა და დაისვენებს ჩემი შვილის სულიც და ალბათ, მეც" - კვირის პალიტრა

"დღეს ბოლო სასამართლო სხდომაა და დაისვენებს ჩემი შვილის სულიც და ალბათ, მეც"

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული, ხმაური იყო.

სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი გაღიზიანება ბრალდებულ ზურაბ მიქაძის დასკვნითმა სიტყვამ გამოიწვია.

"დღეს გამოუცხადეს სასამართლოს და საზოგადოებას, რომ ვითომ მე მოვიტყუე, ბუტა 24 ნოემბერს მოკლეს და მემორიალი 23-ში გავხსენით. აქედან ჩანს რას წარმოადგენენ, რა ტყუილს ბოდავენ და როგორი მართლები არიან. დამნაშავეების სინდისზე, ნამუსზე, ადამიანობაზე უკვე ლაპარაკიც აღარ შეიძლება. თუმცა, დღეს გადააჭარბეს ტყუილში და კიდევ ერთხელ სცადეს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 23 ნოემბერს გაიხსნა მემორიალი იმ ადგილას, სადაც ბუტას წაართვეს სიცოცხლე, რომელიც სააკაშვილის მიერ დახვრეტილ ახალგაზრდებს ეძღვნება. 23 რიცხვში იმიტომ გაიხსნა ეს მემორიალი, რომ 23-ში გავიდა, გიორგობას ჩემი შვილი სახლიდან გიორგობის აღსანიშნავად მეგობრებთან. არ მოუშვეს ჩემი შვილი სახლში ამ მხეცებმა, ვისი სასამართლოც მიმდინარეობს.

უკვე აღარ შემიძლია, 6 წელია ამათ შეურაცხყოფას და სიცრუეს ვუსმენ. გარდა იმისა, რომ ჩემი შვილის ბოლო წუთებს ვუსმენ, დღეს კიდევ ამხელა შეურაცხყოფა მოვისმინე. მართლა გაუსაძლისია. ბოლო სხდომაა და დაისვენებს საზოგადოებაც, რომელიც შევაწუხე ამ სასამართლოებით. დაისვენებს ჩემი შვილის სულიც და მეც ალბათ", - აცხადებს მეტრეველი.

მას მოსამართლისგან სამართლიანი განაჩენის მოლოდინი აქვს.

"მოლოდინი მაქვს, რომ მომსამართლე სამართლიან განაჩენს გამოიტანს, ისიც ადამიანია, მასაც ჰყავს შვილები და 6 წელია ამ არაადამიანების ტყუილებს უსმენს. იმედი მაქვს, სამართლიანად მოიქცევა და ღმერთის შეეშინდება", - აცხადებს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"