"სამი წელია, ახალ წელს დედამთილის საფლავზე ვხვდები და პატიებას ვთხოვ..." - კვირის პალიტრა

"სამი წელია, ახალ წელს დედამთილის საფლავზე ვხვდები და პატიებას ვთხოვ..."

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ლუდომანია, ახალგაზრდა ქალბატონი. მისი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, ჰქონდა ყველაფერი, რაზეც უოცნებია, გახდა დედა, მაგრამ როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, სწორედ მაშინ გაება ინტერნეტკაზინოების ქსელში და ყველა და ყველაფერი დაკარგა... მისი თხოვნით, სახელსა და გვარს არ ვამხელთ. არა იმიტომ, რომ საზოგადოების დაპირისპირებას გაურბის - ამ გზით შვილს იცავს...

ირმა მ: "23 წლისა დროში დავიკარგე. ვერც შვილად ვივარგე, ვერც მეუღლედ, ვერც დედად და ვერც ადამიანად. ცხოვრება კოშმარია, როცა იცი, რომ მკვლელი ხარ, როცა ყველა ახლობელი გტოვებს...

შეძლებულ ოჯახში დავიბადე, უდარდელი ცხოვრება მქონდა. საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. მამამ 19 წლისა თავისი კომპანიონის შვილს მიმათხოვა. მშობლებმა დაგეგმეს ქორწილი, გვიყიდეს საქორწინო ტანსაცმელი და ბეჭდები, მაჩუქეს საუკეთესო მზითევი და გაგვიშვეს საქორწინო მოგზაურობაში. მალევე დავფეხმძიმდი. პატარა რომ გაჩნდა, ძიძაც აუყვანეს, მაგრამ თვითონ ვუვლიდი... ბავშვი სამი წლის იყო, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, ქმარი წამალსა და თამაშზე დამოკიდებული გახდა და მამამთილის ბიზნესწილი გაყიდა. ორჯერ სარეაბილიტაციო ცენტრში დავაწვინე. ცოტა ხანს შველოდა, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

დედამთილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ვერ ხედავდა, რა მდგომარეობაში იყო მისი შვილი, ჩემს ნათქვამს კი არ იჯერებდა. მითხრა, ახლობელს ვთხოვე, ყველა კაზინო შემოიარა და არც ერთგან არ არის ნამყოფიო. ვერ დავაჯერე, რომ ონლაინთამაშებიც არსებობს... ამასობაში ჩემი ქმარი ვალებს იღებდა, რომელიც ნარკოტიკებსა და ონლაინკაზინოებში იფლანგებოდა. ბოლოს გაყრა გადავწყვიტე, მაგრამ მამაჩემმა - ქმარია და უნდა ზიდო ეგ ჯვარიო. მოგვიანებით გავიგე, რომ ის"ახლობელი, რომელსაც დედამთილმა კაზინოების შემოვლა სთხოვა, მამაჩემი ყოფილა... რამდენიმე თვეში აღმასრულებელი მოგვადგა... სახლი დავკარგეთ და მეც შვილსა და მეუღლესთან ერთად მამაჩემს მივადექი. მამამ სიმართლე რომ გაიგო, ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა.

როგორც ერთადერთმა მემკვიდრემ, მისი ქონება მე მივიღე. იმის გამო, რომ არც მე და არც დედას მუშაობის გამოცდილება არ გვქონდა, კომპანიის მართვა ჩემმა მულმა იკისრა, ჩემი ქმარი კი თავის "საქმიანობას" აგრძელებდა - ახლა ჩემს ნათესაობასთან დაიდო ვალი. იძულებული გავხდი, ბინა გამეყიდა და შედარებით პატარა ბინაში გადავსულიყავი, ქმარი კი გავაგდე.

მერე ჩემი მული დედასთან წავიდა საცხოვრებლად და კომპანიის მართვა მე დავიწყე. ერთი წელი წყნარად ვიცხოვრეთ... მერე მოულოდნელად კარზე მული და დედამთილი მომადგნენ - საზღვარგარეთ პრობლემები შეგვექმნა და ცოტა ხანს შეგვიფარეო. ერთ საღამოს კი ნათესავი მესტუმრა და საშინელი რამ მითხრა - შენს ქმარს ბინა ბანკში ჩავუდე და ვკარგავო... წესით, განქორწინებული ქმრის შეცდომის გამოსწორებაზე აღარ უნდა მეზრუნა, მაგრამ ხუთი შვილის დედა შემეცოდა...

ერთადერთი, რაც ჩემს სახელზე მქონდა, ბიზნესი იყო და სწორედ მაშინ მივიღე საბედისწერო გადაწყვეტილება - ვიფიქრე, მათემატიკა კარგად ვიცი, გამოთვლა არ მიჭირს, თავს ვერაფერი დამაკარგვინებს-მეთქი და ონლაინკაზინოს ვებგვერდზე დავრეგისტრირდი. პირველ მცდელობაზე 300 დოლარით 5.000 დოლარი მოვიგე. მაშინვე მოვხსენი ანგარიშიდან და ნათესავს მივურბენინე. შევპირდი, ერთი თვე დამაცადე და ჩემი ყოფილი ქმრის ვალს სრულად გადავიხდი-მეთქი, კიდევ 40.000 უნდა მეშოვა. ამ თანხის მოგების იმედით ყველაფერი წავაგე... ვცხოვრობდი ფულის შოვნიდან წაგებამდე და წაგებიდან ფულის შოვნამდე. ამ საზარელმა წრემ ისე შთანთქა ჩემი გონება, რომ ვერაფერს ვამჩნევდი. თამაშით დაქანცული იქვე ვითიშებოდი. ვეღარც ბავშვს ვუვლიდი... გამოვიტანე დედამთილ-მამამთილისა და ჩემი მშობლების ნაჩუქარი ძვირფასი სამკაულები და ლომბარდის კარიც შევაღე... ესეც წავაგე... გავიდა დათქმულ დროზე მეტიც და ნათესავი სახლში მომადგა. დედა შემეხვეწა, სამკაულები გაყიდე და რასაც მოგცემენ, ის მაინც მიეციო. ვერ ვუთხარი, რომ აღარ მქონდა... დედამთილმაც თავისი ნაჩუქარი ძვირფასეულობის დაბრუნება მთხოვა. როცა აღმოაჩინა, რომ ვერაფერს მივცემდი, ნერვიულობით ისიც გარდაიცვალა. დედამ როგორც კი გაიგო, რომ თამაშზე დამოკიდებული გავხდი, ისიც გამომეცალა ხელიდან. დავკარგე ბინაც და ყველაფერი, რაც გამაჩნდა...

ცოტა ხანს მეგობრებმა შემიფარეს. ნათესავები არ მიკარებდნენ - მათთვის მე დედამთილის მკვლელი ვიყავი. ქუჩაში დავრჩი. ერთხელაც სკვერში აღმოვჩნდი ღამის გასათევად და მაშინ გავაცნობიერე ყველაფერი - მოვკალი ჩემი დედამთილი, დავკარგე დედა, შვილიც მამიდას შესციცინებდა, რადგან ის უწევდა დედობას... ქუჩიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოვჩნდი. კლინიკაში გონს რომ მოვედი, სიკვდილი მინდოდა. ვფიქრობდი, რომ კლინიკიდან გასული თავს მოვიკლავდი. სამ თვეში გამომიშვეს, მაგრამ თავის მოკვლა ვერ შევძელი.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. მუშაობა დავიწყე, სარდაფი ვიქირავე სამსახურთან, რომ გზის ფული არ დამეხარჯა და მიზანი გამიჩნდა - შვილისთვის ფული შევაგროვო და სანამ სკოლას დაამთავრებს, ჩემი უპატიებელი შეცდომა ოდნავ მაინც გამოვასწორო. გონზე მოსვლისთანავე მულთან მივედი, დედის გარდაცვალების გამო ბოდიში მოვუხადე, ჩემს შვილზე ზრუნვისთვის კი მადლობა გადავუხადე... სამი წელია, ახალ წელს დედამთილის საფლავზე ვხვდები და პატიებას ვთხოვ. მან იცის, რომ ონლაინკაზინოსთან ყველაფრის შენარჩუნების სურვილმა მიმიყვანა, მაგრამ ყველაფერი სწორედ იქ დავკარგე... ახლა ჩემთვის მთავარია შვილისთვის შევქმნა რაღაც, მოვინანიო მიუტევებელი ცოდვა და ვუთხრა, რომ მისთვის ფეხზე დადგომა შევძელი".

სამი წელია, შრომობს და შვილისთვის მომავალს ქმნის. როცა პატარა ბიჭი დიდი კაცი გახდება, ეცოდინება, რომ დედამ მისთვის ყველაფერი თავიდან დაიწყო...

"ჩემს სარდაფში შუქსაც არ ვანთებ. ვყიდულობ ერთჯერად სუპებს. ვმუშაობ მაღაზიის მენეჯერად. თვეში ერთხელ, დასვენების დღეებში, თურქეთში დავდივარ. ფეხით დამაქვს უზარმაზარი ჩანთები და იქიდან ჩამოტანილ ტანსაცმელს ვყიდი. როცა დრო მრჩება, ბინებს ვალაგებ. გამომუშავებული თანხა კი სრულად ბანკში შემაქვს.

როცა ბინის ყიდვას შევძლებ, შვილის სწავლის ფულის შეგროვებას დავიწყებ. არ მოვკვდები, სანამ დათუჩას ფეხზე არ დავაყენებ, სანამ ჩემს ცოდვებს არ მოვინანიებ. მერე? მერე სადმე, მთაში წავალ და იქ მოვკვდები... მორალისტი მკითხველები არ მადარდებენ - რას იტყვიან ისეთს, რაც საკუთარ თავზე არ მსმენია? მაშ, რატომ არ ვამხელ სახელსა და გვარს? ისევ და ისევ დათუჩასთვის. მისი პატარა, ისედაც დაჩაგრული გული ვერ გაუძლებს დაცინვას. ასე შვილს ვიცავ... ყველა მოთამაშეს კი ვეტყვი, რომ თამაშთან მოგებული არ არსებობს... ყველაზე დიდი აზარტი ის არის, ცხოვრებას მოვუგოთ... იპოვეთ მიზანი და მიზნის მიღწევის სურვილი დაგამარცხებინებთ აზარტს. ნუ იარსებებთ, იცხოვრეთ და თქვენს ცხოვრებისეულ ანგარიშზე ფსონად თამაშზე გამარჯვება დადეთ...

ამბობენ, ყოფილი მოთამაშეები არ არსებობენო... მაგრამ მე დავამარცხე აზარტი! მიიღეთ ჩემი გულახდილი საუბარი აღსარებად."

P.S. არ ითამაშო, იცხოვრე! დაისახე ცხოვრების მიზანი და იბრძოლე მიზნის მისაღწევად. ლუდომანებო, ყველაფერი დაკარგული არ არის! თქვენს მხარეს დრო და ენერგიაა, და კიდევ - ძალა, რომელიც აუცილებლად გათქმევინებთ აზარტზე უარს! არ ითამაშო, იცხოვრე!..

თორნიკე ყაჯრიშვილი