"იოგაზე სიარულის გამო დედამ ფსიქიატრიულში გამომკეტა... ყველასი მეშინოდა,­ ექიმების, დედისაც, რომელმაც ასე გამიმეტა" - კვირის პალიტრა

"იოგაზე სიარულის გამო დედამ ფსიქიატრიულში გამომკეტა... ყველასი მეშინოდა,­ ექიმების, დედისაც, რომელმაც ასე გამიმეტა"

"რაც მან ჩაიდინა, იმას ნორმალური დედა არ გააკეთებდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მკვლელთან ვცხოვრობდი"

"იოგამ სხვა ადამიანად მაქცია. შევიცვალე სულიერად, მენტალურად და დედამ დაასკვნა, რომ შეშლილი ვარ და რამდენჯერმე ფსიქიატრიულში გამამწესა. სამი წელია სარჩელი მაქვს შეტანილი "ფსიქიკური დახმარების შესახებ" კანონის მე-18 მუხლის წინააღმდეგ, რომელიც სახიფათოა ყველასთვის და იძლევა იმის საშუალებას, რომ ჯანმრთელი ადამიანი მოხვდეს ფსიქიატრიულში. ეს სოციალური პრობლემა უფრო მგონია, ვიდრე პირადი. არ მინდა სხვებმაც ის ჯოჯოხეთი გამოიარონ, რაც მე გამოვიარე", - გვიყვება 33 წლის მარიანა.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ვეკუას სახელობის მათემატიკური სკოლა, შემდეგ კი ჯავახიშვილის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. უსამსახუროდ დავრჩი და იოგას შესწავლა გადავწყვიტე. მანამდე ბევრს ვკითხულობდი, ვიცოდი, რომ იოგა სულსა და სხეულს აჯანსაღებს. 2008 წელს დავიწყე იოგაზე სიარული. ერთი წელი ივარჯიშე და ინსტრუქტორის ასისტენტობა შემომთავაზეს. მერე ჯგუფებთან ვიმუშავე, თუმცა, ჩემს თავზე მუშაობა უფრო მაინტერესებდა. ბუდიზმმა დამაინტერესა. მე და დედა ერთად ვცხოვრობდით და ოჯახში მხოლოდ ტრადიციული მიმდინარეობა იყო მისაღები.

- პრობლემებიც აქედან დაიწყო? - მშვიდი, დამჯერი ოჯახის გოგო ვიყავი, მანამდე ყველაფერი დედას გადასაწყვეტი იყო - აღზრდა, განათლება, მეგობრებიც კი. მეც ყოველთვის ჩაკეტილი ვიყავი, კონტაქტებს ვერიდებოდი, იშვიათად მივდიოდი სტუმრად, არარეალიზებულობის გამო ცოტა დეპრესიაც მქონდა. როდესაც დედამ შეამჩნია, რომ დამოუკიდებელი გავხდი და ჩემი ფული გამიჩნდა, არ მოეწონა. მაშინ 23 წლის ვიყავი. შეშინდა, რომ კარგავდა ერთადერთ გოგონას. ბევრს ველაპარაკებოდი, მაგრამ გაგებაც არ უნდოდა, ვერაფერი დავაჯერე... მერე თითქოს შეეგუა ჩემს სამსახურს... კარგად ვიცოდი ინგლისური და მინდოდა აზიის რომელიმე ქვეყანაში მემუშავა, ამიტომ წამოვედი სტუდიიდან და კონტრაქტით ყატარში მოვახერხე წასვლა. იქ ერთ წლამდე დავრჩი, მერე დავბრუნდი და 3 თვე ვიჯექი სახლში, სამსახური ვერ ვიშოვე. ვკითხულობდი, ვვარჯიშობდი - ჩემს თავზე მუშაობას ვცდილობდი, თუმცა შედეგი უცნაური გამომივიდა, ძალიან შემაშინეს.

- რას გულისხმობთ? - ერთი კვირა არაფერი მიჭამია, მხოლოდ ჩაის ვსვამდი, ეს კარგი განტვირთვაა იოგაში... როგორც ჩანს, დედა მისი მეგობრების გავლენის ქვეშ მოექცა, ჩემი დახმარება გადაწყვიტეს და სახლში მოულოდნელად მომიყვანეს ფსიქიატრი. მასთან დალაპარაკებაზე უარი ვთქვი. ფსიქიატრმა დედას ურჩია, თუ ასე გააგრძელა, არსებობს კანონი "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ", რომლის მე-18 მუხლი არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას გულისხმობს, დარეკავთ ფსიქიატრიულ კლინიკაში და იძულებით წაიყვანენო. ერთ დღესაც გამოვდივარ მისაღებ ოთახში და მხვდება ორი პოლიციელი, სამი თეთრხალათიანი ქალი და დედაჩემის ორი ნათესავი. პატრული მეუბნება, ფსიქიატრიულ ცენტრში უნდა წაგიყვანოთო. ვუთხარი, შეცდომაა-მეთქი და არ დავემორჩილე. პოლიციელებმა ხელბორკილი დამადეს, ჩამაგდეს სასწრაფოს მანქანაში და კლინიკაში მიმიყვანეს. ვყვიროდი და წინააღმდეგობას ვუწევდი, ამის გამო დაასკვნეს, რომ აგრესიული ვიყავი. მაშინ საშინელი სტრესი მივიღე. სახლში ის ადგილი ახლაც საშინელებასთან ასოცირდება, მგონია, საპატრულო ეკიპაჟი მელოდება და ბორკილს დამადებენ... პალატაში დამაწვინეს, დამაბეს, ნემსები დამარჭვეს და დამაძინეს.

- ფსიქიატრებმა რა დიაგნოზი დაგისვეს? - იქ 13 დღე დავყავი. დედას მოტივი ასეთი იყო - უხასიათოდაა, არ ჭამს და გახდაო. ფსიქოტროპულებით მთიშავდნენ, მოკლედ, ადამიანი აღარ ვიყავი. ყველასი მეშინოდა, ექიმების, დედისაც, რომელმაც ასე გამიმეტა. ფსიქიატრებს დიაგნოზი არ დაუსვამთ, ისე გამომიშვეს. როცა ვეწერებოდი, ექიმმა მითხრა, არ გაშინებ, მაგრამ აქ ერთხელ თუ მოხვდები, მერე ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ არა ხარ ადეკვატური და ისევ გაგამწესონო.

სასამართლოში შევიტანე საჩივარი იმ დაწყევლილი მე-18 მუხლის წინააღმდეგ, მაგრამ ადვოკატმა შეწყვიტა საქმე - თითქოს ჩემი ნებით გავიტანე საჩივარი. გონზე რომ მოვედი, მოვითხოვე ყველა დოკუმენტი, სამედიცინო ისტორია, სადაც ბევრი სიცრუე ეწერა...

- ამის შემდეგ როგორ ურთიერთობდით დედა-შვილი? - რაც მან ჩაიდინა, იმას ნორმალური დედა არ გააკეთებდა. უცხოეთში მინდოდა გადახვეწა, მაგრამ არც ცალკე მიშვებდა და არც მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მკვლელთან ვცხოვრობდი.

მერე ქონების გაყოფაზე წავიდა საუბარი, ცალკე გასვლა მინდოდა, არც ეს მოეწონა და ერთ დღეს ისევ დარეკა კლინიკაში, არაადეკვატურიაო და ისევ იძულებით წამიყვანეს. მეორედ მომზადებული შევხვდი ამ ამბავს - დავურეკე ადვოკატებს, სახალხო დამცველის აპარატს... დედაჩემმა დაიჟინა და კლინიკაში 11 დღით დამტოვეს. ერთ დღეს პალატაში ვმედიტირებდი და ამის გამო მცემეს, უცნაურად რატომ ზიხარო, ადვოკატს ველაპარაკებოდი და ტელეფონიც წამართვეს. მერე საკვებისა და წამლების მიღებაზე უარი ვთქვი, თუმცა კონტაქტური ვიყავი, რომ არ ეთქვათ, არაადეკვატურიაო. შედგა სასამართლო სხდომა და გამომიშვეს - რატომ უნდა იყოს იქ, თუ სამკურნალო არ არისო. ეს იყო პრეცედენტი, როდესაც ადამიანი იქიდან სასამართლოს გზით გამოვიდა. დამცავი ორდერიც მივიღე.

- დედასაც უჩივლეთ? - არა, სარჩელი მხოლოდ მე-18 მუხლის წინააღმდეგ შევიტანე, ჩემსავით სხვაც რომ არ მოხვდეს ამ დაწესებულებაში. პირველი დამნაშავე ჩემთვის ის ფსიქიატრია, რომელმაც დედაჩემს ასეთი რჩევა მისცა. დედასთან მაინც ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ის 66 წლისაა, მაგრამ ჩემზე ბევრად ძლიერია. მგონი, მას სჭირდება დახმარება - ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი შვილს ასეთ ბოროტებას არ გაუკეთებს. მასთან ურთიერთობა შეუძლებელია და ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს პრობლემაზე საჯაროდ საუბარი.

ნანა ფიცხელაური