ქართული სამართლის ”მარგალიტი” - კვირის პალიტრა

ქართული სამართლის ”მარგალიტი”

ჯერ კიდევ ორი ასეული წლის წინ ტომას ჯეფერსონი ამბობდა, ხელისუფლება მაშინ მართავს ეკონომიკას საუკეთესოდ, როდესაც თითქმის არ მართავსო. ამჯერად საკუთრების ხელყოფის კიდევ ერთი გაუგონარი შემთხვევის შესახებ გვინდა მოგითხროთ.

გამომგონებელი, მცირე მეწარმეთა ასოციაციის თანათავმჯდომარე ოთარ დოლიძე: - ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში გამოკვლევების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ გადაყრილი ნაგვისგან პროდუქციის მიღება შეიძლებოდა. გამოგონება მიზნად ისახავდა ნაყარი წიდების გადამუშავებასა და მისგან ინერტული მასალების მიღებას. წარმოიდგინეთ, ნაგვისგან ფულის გაკეთებაზე იყო ლაპარაკი.

ეს იყო ნარჩენი ნაგავი, რომელსაც მეტალურგიული ქარხნის გარეთ ყრიდნენ და გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმად ყოველწლიურად მილიონ მანეთს იხდიდნენ. რადგან ეს უნიკალური გამოგონება იყო, საკავშირო პატენტი მივიღე. ამასობაში საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" დაიწყო და სახელმწიფომ კოოპერატივების შექმნა დაუშვა. კოოპერატივი "წიდა" 1987 წელს შევქმენი.

1989 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭომ გასცა განკარგულება კოოპერატივ "წიდისთვის" რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიის გარეთ არსებული ნაყარი წიდის გადმოცემისა და გამოყენების შესახებ. "წიდის"  თანხმობის გარეშე  სხვა პირთაგან მისი გადამუშავება და გატანა აიკრძალა, რისი გაკონტროლებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.

1994 წელს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომ ხუთწლიანი ფლობისა და სარგებლობის შემდეგ მოძრავი ნივთი (ასეთი იყო ნაყარი წიდა) მფლობელისა და მოსარგებლის  საკუთრებაში გადადიოდა. საბჭოთა კავშირში პირველი და ყველაზე წარმატებული მეწარმე ვიყავი. მერე აირია ქვეყანა, ქარხნები ჯართად დაჭრეს და უცხოეთში გაზიდეს. მალე ჩემი საწარმოც მოუვიდათ თვალში და დაიწყო ბრძოლა მის ხელში ჩასაგდებად. დაიწყო დაუსრულებელი სასამართლო გარჩევები.

მიუხედავად ამისა, მაინც ვამუშავებდი საწარმოს. პრეზიდენტ შევარდნაძესთანაც მოვახერხე შეხვედრა და მან საქმეში გასარკვევად დარგის სპეციალისტებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნა ბრძანა. ასე, დიდი ბრძოლითა და წვალებით ვაგრძელებდი მუშაობას.

წიდა იყო დანაშაულებრივი საქმიანობის შენიღბვის საუკეთესო საშუალება. ქვეყნიდან ჯართის გატანა აკრძალეს, მხოლოდ წიდისგან მიღებული ჯართის გატანა შეიძლებოდა. იმ პერიოდში საქართველოდან გასული ჯართი წიდისგან მიღებულად ფორმდებოდა. ამას მაშინ მივხვდი, როცა  გადამუშავებული ნარჩენების კლიენტები გამომიჩნდნენ.

თავიდან ვერ ვხვდებოდი, რაში სჭირდებოდათ ეს ნაგავი, თურმე ჯართში ურევდნენ და ისე გაჰქონდათ, როგორც წიდისგან ამოღებული ჯართი. ამ ომსა და ბრძოლაში ჩემს ინტერესებს  მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის იურიდიული ფირმა იცავდა.

ქვეყანაში რომ რევოლუციის სიომ დაჰბერა, გამიხარდა. მეგონა, მეც მეშველებოდა და ქვეყანასაც. მიხეილ სააკაშვილს მე, როგორც მცირე მეწარმეთა ასოციაციის თანათავმჯდომარე, შევხვედრივარ და მისი იდეები აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემთვის (მერე რა დაემართა ამ კაცს, ვერ გეტყვით). მთელი ოჯახი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ვიყავით.

2003 წლის 25 სექტემბერს "წიდის" სათავო ოფისში  ხუთჯვრიანი დროშა ავაფრიალეთ,  ორი თვით ადრე მოვაწყვეთ "რევოლუცია".

მიხაროდა, მოდის ახალი ხელისუფლება და ბოლოს და ბოლოს, დამთავრდება ეს გაუთავებული ბრძოლა-მეთქი. ერთი სიტყვით, "ვარდების რევოლუციამდე" რამდენიმე თვით ადრე, 25 მაისს, უზენაეს სასამართლოში ბოლო სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო.

18 მაისს დათო სააკაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ბიძია ოთარ, ძალიან ცუდად არის საქმეო. ეკონომიკის მინისტრის, ირაკლი ჩუბინიშვილის პირით შემომითვალეს, დოლიძე უნდა ჩაიძიროს, ასე სჭირდება ქვეყანას, შენ კი მაგ საქმეს უნდა ჩამოსცილდეო! რას მერჩიან, ხომ იცი, ცამდე მართალი ვარ, რას შვრება შენი ძმა-მეთქი? ჩემი ძმა არ ერევა ეკონომიკურ საკითხებშიო.

ეს რომ გავიგე, 19 მაისს უზენაესი სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას დეპეშა გავუგზავნე, ჩემთვის სარწმუნო წყაროებისგან ცნობილი გახდა, რომ თქვენ მიიღეთ დავალება, ოთარ დოლიძემ სასამართლო პროცესი უნდა წააგოს და მიიღეთ ზომები-მეთქი. პროცესი ისე დასრულდა, როგორც ველოდი. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნაგავი, რომელიც მე გადმომცეს თავის დროზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკუთრება ყოფილა.

ასე გამომაძევეს ჩემი შექმნილი საწარმოდან. პროცესის შემდეგ ლადო ჭანტურიამ ჩემს ადვოკატს მოუბოდიშა. მითვლიდა, ვერაფერი გავაწყვე, მეც მალე მივდივარ ამ პოსტიდანო. თავის დაცვა სტრასბურგის სასამართლოში გადავწყვიტე და გავგზავნე მასალები. როგორც კი სტრასბურგი ამ საქმით დაინტერესდა, მოულოდნელად, 2005 წელს, მთავრობამ პოზიცია შეიცვალა. უეცრად გამოიტანეს განჩინება და ნება დამრთეს, საწარმოში დავბრუნებულიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა.

განჩინება აღმასრულებელთან მივიტანე, აღმასრულებელმაც კანონის შესაბამისად ყველა გააფრთხილა, რომ საწარმოში უნდა შევსულიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა. ერთი კვირა მამუშავეს და მოულოდნელად ცემა-ტყეპით გამომაძევეს. თავიდან ვერ მივხვდი, რა ფოკუსი იყო ეს, მაგრამ ევროსასამართლომ რომ ჩემი საქმე განუხილველად დატოვა, მაშინ მივხვდი ყველაფერს. მუშაობის გაგრძელების უფლება ევროსასამართლოსთვის თვალის ასახვევად მომცეს.

ევროსასამართლოს მიართვეს განჩინება და უთხრეს, კერძო საკუთრება არავის ხელუყვია. დოლიძის საწარმო დიდი ხანია მუშაობსო. ევროსასამართლომაც განუხილველად დატოვა საქმე. როგორც კი ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, საწარმოდანაც გამომაძევეს და 5 ათასი კაცი უმუშევარი დატოვეს.

უარესი კურიოზი წინ მელოდა! დავიწყე პროკურატურაში ჩივილი, სასამართლოს განჩინება მაქვს, რითაც საწარმოთი სარგებლობის უფლება მომენიჭა, დასაჯეთ ის ხალხი, ვინც ხელს მიშლის, აღძარით სისხლის სამართლის საქმე-მეთქი. სამი წელიწადი ვითხოვდი დამნაშავეების დასჯას. გამომძიებელი მეუბნებოდა, აღვძრავ საქმეს, მაგრამ ჯერ დაკავებული ვარო. ბოლოს გამომიტყდა, რა ვქნა, ქალაქის პროკურორი არ მაძლევს უფლებასო.

ძალიან რომ გაჭიანურდა საქმე და შევძარი ცა და ქვეყანა, პროკურატურისგან წერილი მივიღე, თურმე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიც ყოფილა და შეწყვეტილიც, ოღონდ ჩემ მიმართ. გადავირიე, სისხლის სამართლის საქმე თუ იყო ჩემზე აღძრული, ან რატომ არ დამკითხეს, ან დამიჭირეს-მეთქი? ამნისტია შეგეხოთო! ამნისტირებულიც ვყოფილვარ თურმე!

მე ამათ ვუჩიოდი, პროკურატურას ცალკე ვეჩხუბებოდი, სასამართლოში ვჩიოდი და სამწლიანი ბრძოლის შემდეგ გავიგე, რომ პასუხისგებაშიც ვყოფილვარ მიცემული და ამნისტირებულიც ისე, რომ თავად არაფერი ვიცოდი!

გავგიჟდი კაცი. რატომ არ ვიცოდი ეს, ან დამნაშავე თუ მე ვიყავი, რატომ არ დამიჭირეთ-მეთქი, ვღრიალებდი. მითხრეს, ახლა დაგიჭერთ ხულიგნობაზეო. სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაში? ბიზნესი წამართვეს და უცხოელებს გადაულოცეს, დღემდე ჩემი ტექნოლოგიით მუშაობენ.

- პატენტმფლობელი ხომ თქვენ ხართ?

- პატენტი და სტანდარტმფლობელიც.  მეორე წელია სასამართლოში სარჩელები მაქვს შეტანილი და ერთი პროცესის დანიშვნასაც ვერ მივაღწიე. ჩემი ბიზნესის წართმევისთვის შევარდნაძის განკარგულებაც გააყალბეს. გაგიჟდა კაცი, ასეთი განკარგულებისთვის მას ხელი არ მოუწერია. ეს სიყალბე დადასტურებულია, მასალები პროკურატურაში გადაგზავნილი, სისხლის სამართლის საქმეც აღძრულია, მაგრამ რად გინდა, იძიებს ვინმე?

დიმიტრი გაბუნია, ოთარ დოლიძის ადვოკატი: "წიდებისთვის ომი დიდი ხნის წინ დაიწყო. ის, რაც შევარდნაძის ჩინოვნიკებმა ვერ მოახერხეს, ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა. არადა რევოლუციამდე ხშირად ჩადიოდნენ რუსთავში მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერები და ოთარ დოლიძეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უკანონობის აღკვეთას ჰპირდებოდნენ, პირიქით კი მოხდა. სავარაუდოდ, ამ საქმეს ძალზე გავლენიანი პირები მფარველობენ."