"აბრახუნებდნენ კარებზე" - რატომ არიან მობილიზებული სამართალდამცველები დავით კირკიტაძის სახლთან - კვირის პალიტრა

"აბრახუნებდნენ კარებზე" - რატომ არიან მობილიზებული სამართალდამცველები დავით კირკიტაძის სახლთან

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც კირკიტაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის აპირებს თავად მივიდეს პოლიციაში.

"ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან. ახლა მე თვითონ ვემზადები და ვაპირებ, რომ გადავიდე პოლიციაში.

დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, ეს არის აგონიაში მყოფი მშიშარა ხელისუფლების მოქმედებები, რომლებიც ცდილობენ ამ მეთოდით ეურთიერთონ ოპოზიციასა და ხალხს," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამართალდამცავები ამ დროისთვის კირკიტაძის კორპუსის მიმდებარედ იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება", - განმარტეს უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"