პოლიციამ დავით კირკიტაძის სახლი დატოვა - კვირის პალიტრა

პოლიციამ დავით კირკიტაძის სახლი დატოვა

სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საცხოვრებელი კორპუსი დატოვეს.

როგორც კირკიტაძის სახლთან მისულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისინი კირკიტაძის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, სამართალდამცავები წავიდნენ.

"ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული. მას შემდეგ, რაც ჩვენც მოვედით და მედიაშიც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ეს ხალხი გაიპარა აქედან. მოპარვა უნდოდათ თუ მოტაცება დათო კირკიტაძის სახლიდან, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს რომ მხდალი ხელისუფლების რეფლექსებია, ფაქტია. თუ რამე იყო, ახლა სად არიან? სად წავიდა ეს ხალხი, მობილიზება რომ ჰქონდათ გაკეთებული? არავის არავისი ეშინია. თუ ვინმეა დასაკავებელი და თუ ვინმეს მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ესენი არიან ის კრიმინლები, ვინც ხელისუფლებაში არიან", -განაცხადა ხაბეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. შესაბამისი კომენტარი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას შსს-ში გააკეთეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება", - განმარტეს უწყებაში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც კირკიტაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის პოლიციაში მისვლას თავად აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"