"დივანზე დავვარდი და წიხლებით შემდგა" - ჯარისკაცი მეთაურს სასტიკ ცემაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

"დივანზე დავვარდი და წიხლებით შემდგა" - ჯარისკაცი მეთაურს სასტიკ ცემაში ადანაშაულებს

პირი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს "ალგეთის" ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს. რეკრუტი დავით ბერიშვილი ამბობს, რომ შელაპარაკება მასსა და მეორე რეკრუტს შორის შენიშვნის მიცემის შემდეგ დაიწყო.

ჯარისკაცს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. "ვეუბნებოდი, ნუ ხმაურობთ, გაჩერდით-თქო, თქვენს გამო დაგვსჯიან სერჟანტები, ნუ ყვირიხართ, წყნარად-მეთქი. შენ მე რა უნდა მიმითითოო. ეგრევე მოვითხოვე სერჟანტი და ვკითხე, რა გვარი ხარ-თქო. მითხრა სულუხიაო. სერჟანტმა ორ კაცს დაგვიძახა, მე და სულუხიას და შეგვიყვანა პოლკოვნიკ ბიბინიძესთან. ჯერ იმას დააწყებინა საუბარი, მერე გარეთ გაუშვა და ეგრევე წიხლებით შემდგა. დივანზე დავვარდი და წიხლებით შემდგა. ახსნა-განმარტება დამაწერინეს, რომ რეკრუტთან მოგვივიდა შელაპარაკება, ჭკუა რატომ დაარიგე, შენ ვინ გეკითხებაო", - ამბობს ბერიშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, დაშავებულმა დავით ბერიშვილმა ტელევიზიას საღამოს საათებში თავად მიაკითხა, რის შემდეგაც მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ასევე გამოძახებულია სამხედრო პოლიციაც.