"ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს და შსს-ში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს და შსს-ში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას"

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროს ვლადიმერ ბოცვაძეს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ განუცხადა, ის და მისი ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნენ. სარალიძის თქმით, დოკუმენტების მოცულობიდან გამომდინარე, სრულად ვერ მოხერხდა საქმის მასალების გაცნობა, თუმცა ხელახალი გამოძიების ფარგლებში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია.

ზაზა სარალიძის განცხადებითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას. "ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. ჩატარებულია რიგი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით ამ მასალებს ბოლომდე ვერ გავეცანით, საქმის ბოლომდე გაცნობის შემდგომ თუკი მექნება დამატებითი კითხვები, აუცილებლად მივმართავ შს სამინისტროს, ამის შემდეგ კი - გენერალურ პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტროში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, კალანდიასი. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში თავიდანვე იყო, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს უწყება. მე კონკრეტულ პირებზე კითხვები არ დამისვამს, ვინაიდან ჯერ ბოლომდე არ გავცნობივარ მასალებს", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სარალიძის უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით ბევრი საგამოძიებო მოქმედება განახორციელა. თუმცა, ადვოკატი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ვინაიდან აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საქმის სრულყოფილად შესწავლა. ლონდარიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არის მზაობა, რომ მოხდეს საქმის სრულყოფილი გამოძიება და იმედოვნებს, რომ უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სრულყოფილად გამოიძიებს.

"ინტერპრესნიუსი"