შსს გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

შსს გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 20 დეკემბერს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას, მათ უსაფრთხოებას და მიიღებს მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო ყველა ზომას, - ამის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთი ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად გურჯაანში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქცია დააანონსა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ - აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ მათი ფუნქციონირება. საპროტესტო მსვლელობის და აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"