2018 წელს გასულ წელთან შედარებით, "კანონიერი ქურდობისა“ და "ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 4-ჯერ მეტი პირია დაკავებული - კვირის პალიტრა

2018 წელს გასულ წელთან შედარებით, "კანონიერი ქურდობისა“ და "ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 4-ჯერ მეტი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასულ წელთან შედარებით, "კანონიერი ქურდობისა“ და "ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 4-ჯერ მეტი პირი დააკავა.

უწყებამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით 2018 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა და ამ მიმართულების გაძლიერებისთვის ევროკავშირის დაფინანსებულ ახალ პროექტში ჩაერთო.

ახალი პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზენტაციაზე 2018 წელს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები წარმოადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, "სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა: "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“; "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და "ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“.

უწყების ცნობით, 2018 წელს დაკავებული იქნა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი და "ქურდული სამყაროს" 52 წევრი. დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 19 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა, რომელთა შედეგადაც მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 13 ე.წ. კანონიერი ქურდი.

ტრეფიკინგის ბრალდებით, 2018 წელს დაკავებულია 42 პირი, 66%-ით მეტი, წინა წელთან შედარებით.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მტკიცე ძალისხმევა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო წელს ერთადერთია, რომელმაც პირველ კალათაში ადგილი შეინარჩუნა.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს 40 კიბერდამნაშავე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 117 პირი, ეს ციფრი 2-ჯერ მეტია, წინა წელთან შედარებით. მათ შორის ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი“, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.