რაში არ ეთანხმება ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას? - კვირის პალიტრა

რაში არ ეთანხმება ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას?

მინისტრს ვერ დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არის - სრული საფუძველი გააჩნიათ, უნდა ვიღაცის კეთილი ნება, არ ვიცი ეს ვინ არის და ვინ უნდა ინებოს კეთილი ამ საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, დღეს გაჟღერდა სამოხელეო ნაწილზე ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

"რაც შეეხება სამოხელეო ნაწილს, მართლაც სიახლე არის, აქამდეც ანალოგიურს ვითხოვდი. უცნაური აქ არაფერი ყოფილა. უბრალოდ, როგორც ჩანს, ახლა მიხვდნენ და ახლა უნდა გამოძიება დაიწყონ ამ პირებზე, რაც ჩემი აზრით საფუძველი იქნება ამ საქმის ბოლომდე მიყვანის, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც გააყალბა ეს საქმე, იქიდან იყო გამოძიება დასაწყები, როდესაც ხელახალი გამოძიებები დაიწყო.

თავიდან გამოძიება არ დაიწყება. სამოხელეო ნაწილზე ვადასტურებ, რაც მინისტრმაც დაადასტურა. აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ თვლის მიზანშეწონილად. რატომ ელოდება სააპელაციო სასამართლოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები. მე ასე ვთვლი, რომ პროკურატურა და მინისტრი რაღაცაზე არიან შეთანხმებული. რაზე - ვერ გეტყვით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება აღდგენილი. ხელს აფარებენ მიხეილ კალანდიას, მირზა სუბელიანს, მათ ახლობლებს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს პროკურორებს, მიხეილ შაყულაშვილს, ზვიად ფხაკაძეს, ინა გუგუშვილს და სხვებს. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ. დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენი საქმე აქვთ გაყალბებული, ალბათ, მოაღებს პირს და ილაპარაკებს. იგივეს ვიტყვი გაბიტაშვილზე და ფხაკაძეზე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან ასევე ისაუბრა საგამოძიებო კომისის რეკომენდაციებზე. მისი თქმით, კომისიამ იგივე დასკვნა დაწერა, რაზეც თავად საუბრობდა. "საგამოძიებო კომისიამ ზუსტად ის დასკვნა დაწერა, რასაც მე ვსუბრობდი და გამოააშკარავა ყველაფერი, რაზედაც რეაგირება, თავადაც აღნიშნა უკვე მინისტრმა, რომ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ დაიწყება. ეტაპობრივად ყველაფერი გამოაშკარავდა. პოლიტიკურ ნაწილში ვერ განვიხილავ, პოლიტიკურად რა ხედვა არის, არ ვიცი. ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ამ საქმეზე სრულ ჭეშმარიტება არასდროს იქნება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

"ინტერპრესნიუსი"