ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში 10-მდე არასრულწლოვანი გამოიკითხა - კვირის პალიტრა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში 10-მდე არასრულწლოვანი გამოიკითხა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში დღეს 10-მდე არასრულწლოვანი გამოიკითხა. მოწმეთა გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

გამოკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი მხოლოდ ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა თამარ აბესაძემ გააკეთა.

ადვოკატს სხვების მსგავსად, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, თუმცა, აღნიშნავს, რომ სამინისტრო მნიშვნელოვან თემაზე მუშაობს.

"განაჩენით რაც არ დადგინდა, შეიძლება დადგინდეს, შეიძლება არ დადგინდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ. მე ძალიან მომეწონა ეს მოფიქრება, რაც მოიფიქრა სამინისტრომ და რაზეც მუშაობენ. მე პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ მხრივ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება ალბათ, დასრულდება", - განაცხადა აბესაძემ.

უწყების ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვის პროცესი.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"