"ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა" - კვირის პალიტრა

"ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა"

ინტერვიუ არქივიდან - 27 დეკემბერი 2018 წელი

"სულ მქონდა შეგრძნება, აი, ახლა დამიძახებს, დედა, ამომიყვანეო. ბუტას სულ დავეძებდი, სასაფლაოზე მიწას დავჩერებოდი და კინაღამ მართლა ჩემი ხელით ამოვიყვანე"

მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ გამოტანილ განაჩენს შეიძლება წლის განაჩენი ეწოდოს... 18 დეკემბერს, ექვსწლიანი ძიების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამთავრა ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბრის ღამით წერეთლის პროსპექტზე პატრულ გრიგოლ ბაშალეიშვილის ტყვიამ იმსხვერპლა.

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა: - ბუტა ახლა 33 წლის, დიდი ბიჭი იქნებოდა... 24 აგვისტოს დაიბადა. დედაჩემს ხელი მოაწერინეს - არ ვიცით, დედა-შვილი გადარჩება თუ არაო, თუმცა ჯანმრთელი და ულამაზესი ბიჭი დაიბადა. ექიმები ხუმრობდნენ, რობერ ოსეინი დაიბადაო... ბუტა ყველას ძალიან უყვარდა. მერე უნივერსიტეტში, აუდიტორიაში მთელი წელი ყვავილები ეწყოთ... მეხუთე კლასიდან მე და ბუტა მარტო ვიყავით... ზედმეტს ვერაფერს აკადრებდი, მაგრამ ჩემ მიმართაც მოწიწებული იყო. სპორტზე დადიოდა, სიცოცხლეს ეტრფოდა. ბოლო დღეებში ძალიან დაღონებული იყო, მაგრამ ლაპარაკი არ უყვარდა. მეზობლებიც მეკითხებოდნენ, ასეთი სერიოზული რატომ არისო... არაფერს ვაკლებდი, არ მინდოდა დამჩაგროდა, ვცდილობდი, ცუდი წრისა და სიტუაციებისთვის ამერიდებინა. სკოლის პერიოდი მშვიდად გავიარეთ. ბუტა დედაჩემმა შეარქვა - ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა. არავინ ეძახდა ნამდვილ სახელს...

23 ნოემბერს მთელი დღე შინ იყო. ძალიან ცუდი ამინდი იყო. ბუტას კბილი სტკიოდა და გამაყუჩებლები დალია. არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. წინა დღეებში ცუდ ხასიათზე ვიყავი, სულ მეტირებოდა და ვერაფრით ვხსნიდი. ბუტამაც მკითხა, რა გატირებს, რა მოგივიდაო. იმ საღამოს ბევრმა დაურეკა, გიორგობაა, სადმე დავსხდეთო, მაგრამ ყველას უარი უთხრა, კბილი მტკივაო. გაზეთი ამოიტანა და ბუტა და დედა კროსვორდებს ავსებდნენ. მერე დაურეკეს. ვიღაც ირაკლი ახსენა. თურმე ჯგუფელი ყოფილა. წამებში ჩაიცვა. ელდა მეცა, ამისთანა ამინდში სად მიდიხარ-მეთქი. არ ინერვიულო, არ იცნობ, ამხანაგია და მალე მოვალო. დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი. მათთან ერთად ირაკლი მიქაბერიძე და ირაკლი ბართაია იყვნენ, სხვებს ბუტა არ იცნობდა. ის მაგიჟებს, თან ტელეფონი რომ არ ჰქონდა. ერთი კვირის წინ დაკარგა. დაგვიანება არ სჩვეოდა, არც დალევა უყვარდა. გახდა 1-ლი საათი, ვრეკავ... არავისთანაა... ამ ლოდინში გათენდა. დილით ბიჭებმა დაიწყეს ძებნა. 9 საათი იქნებოდა, ორი ნიღბიანი დაგვადგა თავზე - ტყვიების ჩადება უნდოდათ, ანუ რაც მკვლელობის ადგილზე გააკეთეს, იმის სახლში გაგრძელება ეწადათ. დავდევდით, რამე არ ჩაედოთ. მერე გაიგეს, ვისი შვილი იყო და შეწყვიტეს წრიალი. რომ გადიოდნენ, ვკითხე, ცოცხალია-მეთქი? კი, ექვსმა ბიჭმა პატრულს წინააღმდეგობა გაუწია და ერთია დაჭრილიო. მათი წასვლის შემდეგ სოსოს ნათესავს პროკურატურიდან დაურეკეს, ბუტა დაჭრილია და არამიანცშიაო. ამას რომ მოვკარი ყური, აღარ მახსოვს, როგორ ჩავირბინე კიბე, მაგრამ ცუდს მაინც არ ვფიქრობდი, შვილს დავეძებდი საავადმყოფოში...

როცა გავიგე, მორგშიაო, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. მერე ჩურჩული მესმოდა, ბუტას რა უნდოდა იმ ბანდიტებთანო, თუმცა მე შვილი აღარ მყავდა, მეხი დამეცა და აღარაფერი მაინტერესებდა...

კარგა ხანს შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი, სულ მქონდა შეგრძნება, აი, ახლა დამიძახებს, დედა, ამომიყვანეო. სულ დავეძებდი, მჯეროდა, სასაფლაოზე დამიძახებდა, ამომიყვანეო. მიწას დავჩერებოდი და კინაღამ მართლა ჩემი ხელით ამოვიყვანე... ბუტას ბაბუა დადიოდა და არკვევდა ყველაფერს. დაადგინა, ბიჭები უდანაშაულოები რომ იყვნენ. ბუტას მეგობრები მეუბნებოდნენ, არაფერი დაგვიშავებია, იარაღი არ გვქონია, ახლა უნდათ, გავიქცეთ, რომ მერე დაგვაბრალონ, დამნაშავეები არიან და გაიქცნენო, ამიტომ ჩვენი ფეხით მივდივართ ციხეშიო. თურმე ამ ბავშვების ლიკვიდაცია ჰქონდათ დაგეგმილი - ვითომ გაქცევისას დახოცეს ბანდიტები. ის პატრულის თანამშრომლები ისევ მუშაობენ, მეტიც - დაწინაურებულები არიან. ია მეტრეველი ამას წინათ ერთი კადრი აჩვენეს, სადაც ბუტა იცინის, კინაღამ გავგიჟდი. ადრე ვნახულობდი სიზმრებში, ახლა - იშვიათად. საოცარი ის არის, თუ ვნახავ, 3-4 წლისას ვნახულობ. ვერ ვხსნი, რატომ. ვფიქრობ, ისეთი სუფთა წავიდა, ალბათ, ანგელოზის სახით მოდის-მეთქი... იმედი არ მქონდა, რომ დამნაშავეები ოდესმე დაისჯებოდნენ. სააკაშვილიც კი, რომელიც ყველა მოკლულ ბიჭს ბანდიტს ეძახდა, ბუტაზე ცუდს ვერ ამბობდა - ერთის გარდაო და ბუტას გულისხმობდა. "ნაცებს" რაც თავიანთი მმართველობის დროს არ გაუბედავთ ჩემთვის, ახლა მასხეს ტალახი. ხან რას იგონებენ, ხან - რას. ჩემთვის ჩალის ფასი აქვს ქონებას. შვილი არ მყავს და ფული რა ჯანდაბად მინდა...

მთელი ეს წლები სასამართლოში ისეთ რაღაცებს ვუძლებდი და ახლაც ისეთი შეურაცხყოფა ისმოდა, წესით, ცოცხალი აღარ უნდა ვიყო. დონაძე, რომელსაც ბევრ ბინძურ საქმეში აქვს ხელი გასვრილი, უნდა დასჯილიყო.

როცა გამცემლიძე მოკლეს, საავადმყოფოში მისულ გიორგის დედას დონაძე დახვდა - სახელმწიფო თუ სადმე უბედურებას სჩადიოდა, ყველგან მაგას უშვებდნენ, საქმე რომ მოეკვარახჭინებინა. ეგ ნაძირალა ნავთლუღში ჩახოცილი იმ სამი ბიჭის გამოც უნდა იჯდეს ციხეში. ავაზაკები არიან ფირცხალავაც, დონაძეც და მიქაძეც. მეგონა, იაშვილი ბოლოს მაინც იტყოდა სიმართლეს და რადგან არ თქვა, იჯდეს ახლა ციხეში. ბაქრაძემ მოინანია დანაშაული და მას ვაპატიე...

როცა მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, ძალიან დაძაბული ვიყავი. პროცესზე ძლივს მივედი, წნევა მქონდა. მეშინოდა, მოსამართლეს დამნაშავეებისთვის მინიმალური სასჯელი არ მიეცა, მაგრამ მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. სამართალმა გვიან, მაგრამ პური ჭამა, ურმით იარა, მაგრამ ჩვენამდე მაინც მოაღწია.

ბაშალეიშვილისთვის სამი წელი და ის მუხლი მინიმალური სასჯელი იყო. მან განზრახ ესროლა ბუტას და ეს პირველ ჩვენებაში თქვა. ამაყობდა, მიჯრით ვესროლეო. მერე შეცვალა ჩვენება და თქვა, გამივარდაო. ბიჭები ჰყვებოდნენ, ბაშალეიშვილი გვაგინებდა, ბუტა მოუტრიალდა, ხომ ვასრულებ, რასაც მეუბნები, რაღას იგინებიო. სწორედ ამ დროს უსვრია... მას იმხელა ცოდვა ადევს, ვერასდროს გაიხარებს.

მინდა ბევრი სიკეთე ვაკეთო, ბუტასთან რომ მიმიშვას უფალმა. მინდა, შევქმნა ბუტას ფონდი და ავადმყოფ და გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმარო. სარალიძე-დადუნაშვილის ამბავი თავზარდამცემი იყო ჩემთვის. ქვეყნის ტრაგედიაა, როცა მოზარდები ასეთ სისასტიკეს სჩადიან, თუმცა ამის მიზეზები სააკაშვილის რეჟიმში უნდა ვეძებოთ - ბავშვები ძალადობრივ გარემოში გაიზარდნენ. როცა ზაზას ტირილი ვნახე ტელევიზიით, ძალიან განვიცადე. მერე მასთან ავანტიურისტი კუპრავა რომ დავინახე, გავოგნდი. რუსთაველზეც ბევრი ხალხი მივიდა და თანაუგრძნო სარალიძეს, მაგრამ როცა იქ მთელი "ნაცბანდა" გამოჩნდა, არ მესიამოვნა. ეს ადამიანი კარგად გამოიყენეს. ეს საქმეები ერთმანეთს არ ჰგავს, რადგან ჩვენ შვილები "ნაციონალების" მთავრობამ დაგვიხვრიტა, სარალიძის შემთხვევაში იყო გარჩევა მოზარდებს შორის. ზაზა ამბობს, რომ მას სისტემა დაუპირისპირდა. დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, დაჭერილია ორი მოზარდი და სასჯელს იხდის, დაიჭირეს სუბელიანი, გადადგა პროკურორი... ჩემი სამართალი მეთხუთმეტე წელს აღსრულდა.

ჩვენს დროს პროკურორი გადადგებოდა?! გარჩევისას მეორე ანგელოზივით ბავშვიც მოკლეს და მის სახელს ახსენებენ "ნაცები"? ლევანის მამა მივიდა აქციაზე და გამოაძევეს. "ნაცებს" ისე ადარდებთ სარალიძე, როგორც მე - ჩინეთის იმპერატორი.

მჯერა, ბუტას საქმის დაგვირგვინების შემდეგ ყველა სხვა საქმესაც გამოიძიებენ და ეს იქნება ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი.

ფოტოები: ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან