"ყოველდღე ავტომატურად ვაღებ დათუნას ოთახის კარს, ჩემს შვილს რომ დავხედო" - კვირის პალიტრა

"ყოველდღე ავტომატურად ვაღებ დათუნას ოთახის კარს, ჩემს შვილს რომ დავხედო"

"ალბათ, ჰქონდა წინათგრძნობა. დათოს დანის შიში ჰქონდა, კარტოფილს მარიამს ათლევინებდა, მერე თვითონ წვავდა..."

ხანგრძლივი გამოძიების მიუხედავად, ზაზა სარალიძეს დღემდე არა აქვს პასუხი კითხვაზე, ვინ მოკლა მისი შვილი. გასული წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის გარჩევას ორი არასრულწლოვნის - დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ დათუნას მკვლელობისთვის ჯერჯერობით პასუხი არავის უგია. როგორც შვილმოკლული მამა ამბობს, მან იცის მკვლელების ვინაობა, სჯერა, სამართალდამცველებსაც აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა მკვლელების გამოსააშკარავებლად და დასასჯელად ხელისუფლების ნებაა საჭირო. ამბობს, რომ მას ბრძოლის ძალას მისი შვილი აძლევს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ზაზა სარალიძე, დათუნას მამა: - ზესტაფონში დავიბადე, ქუთაისში გავიზარდე, იქვე დავოჯახდი და ორი შვილი შემეძინა. წითელ დიპლომზე დავამთავრე ქუთაისის ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ერთხანს ლექციებს ვკითხულობდი, მერე დაცვის პოლიციაში გადავედი. მამაც პოლიტექნიკურში კითხულობდა ლექციებს, დედა დაწყებით კლასებს ასწავლიდა სკოლაში. მშვიდი და წესიერი ოჯახი გვქონდა. ერთი ძმა მყავს, დაოჯახებულია და ორი ვაჟის მამაა. პატიოსანი შრომით მივყვებოდით ცხოვრებას. დათუჩას გამო ქუთაისიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად - ბრონქების პრობლემა, ასთმური შეტევები ჰქონდა. ვინაიდან დასავლეთში ნესტიანი ჰავაა, ექიმებმა თბილისში გადმოსვლა გვირჩიეს... ბევრჯერ მიფიქრია, ეს თუ ელოდა ჩემს შვილს, ნეტავ საერთოდ არ გადმოვსულიყავით თბილისში-მეთქი. მაგრამ ბავშვს ისეთი კრუნჩხვა ემართებოდა, ძლივს გამოგვყავდა მდგომარეობიდან... პატარა დათუნა

დაცვის პოლიციაში 70 ლარი მქონდა ხელფასი, რითაც შეუძლებელი იყო ოჯახის რჩენა, ამიტომ წამოვედი და სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი. ბოლოს მე და ჩემმა მეუღლემ საბითუმო საწყობი ავიღეთ. ვცდილობდი, კანონისთვის არ გადამეხვია, ვინმე რომ არ მომდავებოდა, მაგრამ ამ გზით გამორიცხულია ფულის შოვნა, ამიტომაც გავკოტრდით, ბანკის ვალი დაგვედო და ნათია საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. რასაც ის მიგზავნიდა, იმით ვალებს ვფარავდი, მე აქ ვტაქსაობდი და ჩემი ნაშოვნი ფულით შვილებს ვაჭმევდი.

ჩვენ მარტო მამა-შვილები კი არა, მეგობრებიც ვიყავით... ვგრძნობდი მშობლის დიდ პასუხისმგებლობას და მინდოდა, ბავშვები ჩემთან გულწრფელები ყოფილიყვნენ, მათ ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებდი.

დათუჩა ისეთი ბიჭი იყო, პრობლემებს არ მიქმნიდა, ხელს მიწყობდა, მხიარული ბავშვი იყო, გულღია, სულ მღეროდა და იცინოდა. გული სიამაყით მევსებოდა, ამხელა ვაჟკაცი რომ წამომეზარდა. ხშირად მეუბნებოდა, მამი, მე კაცი-პოზიტივი ვარ და ვინ რა უნდა დამიშავოსო.

დათუჩა ერთხანს ცეკვავდა, მერე სპორტით დაინტერესდა, "ლელოში" თამაშობდა რაგბის და ლიგაშიც გადავიდა. ბოლო დროს წონით 100 კილოგრამს გადააჭარბა.…უყვარდა ჭამა, განსაკუთრებით ხაჭაპური და ცეკვის მასწავლებელმა""ხაჭაპურა" შეარქვა. დათუჩა თვითონ იმზადებდა სადილს, არ უყვარდა "კორპორატიული" ჭამა (ასე ეძახდა უფროსებთან, ხალხთან ერთად ქეიფს), მეგობრებთან ერჩივნა მოლხენა, მაგრამ სწორად ვერ შეურჩევია მეგობრები, მათ გაყიდეს - სიმართლეს არავინ ამბობს.

როდესაც ეს უბედურება მოხდა და ჩემი შვილის მკვლელების დასჯა მოვითხოვე, რა არ გვაკადრეს, რას არ გვაბრალებდნენ. ეს საგანგებოდ კეთდებოდა, ხალხს რომ შევზიზღებოდით. მაგრამ ეს არც მაინტერესებს, ჩემი უმთავრესი მიზანი ჩემი შვილის მკვლელების დასჯაა და აუცილებლად დაისჯებიან, სხვა გზა არ ექნებათ. რა უნდა თქვან, რომ არავის მოუკლავს დათუჩა? ისე გამოდის, რომ მოკლული არის, მკვლელები კი არ არსებობენ.

არც "ნაციონალი" ვყოფილვარ და არც პარტიული ინტერესები მქონია. ერთხანს, როცა სტუდენტი ვიყავი, ბონდო შალიკიანის ავტოგასამართი სადგურის დაცვაში ვმუშაობდი, უფრო სწორად, ყარაული ვიყავი. შევარდნაძის პერიოდი იყო, ჩვენს ოჯახს მწირი შემოსავალი ჰქონდა და ამიტომ სწავლის პარალელურად მუშაობა გადავწყვიტე. ბონდო იმხანად კენჭს იყრიდა "აღორძინებიდან" და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომიწია დამკვირვებლად წასვლამ, ეს იყო და ეს. სხვა დროს არანაირი შეხება არ მქონია პარტიებთან, არც "ნაციონალების" კოორდინატორი ვყოფილვარ და არც პოლიტიკური სიმპათიები მქონია. პატარა დათუნა მშობლებთან ერთად

მე განურჩევლად ყველას მოვუწოდე გვერდში დადგომა. არჩევნებზეც იშვიათად დავდიოდი, თუ არ ჩავთვლით ჩემს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, როცა ჩემი არჩევანი გავაკეთე - სალომე ზურაბიშვილმა ჩემს შვილს უღალატა, როცა საგამოძიებო კომისიის სხდომა დატოვა. ის ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი იყო, მიატოვა ჩემი შვილის საქმე და კენჭი იყარა. სიმართლეს უღალატა და ამიტომ ხმას არ მივცემდი.

იმედია, ჩემი შვილის ორივე მკვლელი დაისჯება, მაგრამ 10-15 წელს არ დავუცდი... ზუსტად ვიცი, ვინ მოკლა ჩემი შვილი, მე ოფიციალური პასუხი მჭირდება ამ კითხვაზე. საჭიროა ვიღაცის კეთილი ნება, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. ის მაგიჟებს, მკვლელებს კბილებით რომ იცავენ. ხელისუფლებას არ უნდა ჩირქი მოეცხოს და ამიტომ არ იჩენს ნებას. ან რად უნდათ ხელისუფლებაში ისეთი პირები, რომლებიც კანონს არღვევენ? დათო მეგობრებმა გაწირეს. მათ შეეძლოთ ჩემთვის მაინც ეთქვათ სიმართლე, ბოლოს მაინც ხომ გაირკვეოდა? მათი ნალაპარაკებიდან მქონდა აკინძული ყველაფერი, ამ ამბავზე ისინი 1-ლ დეკემბერსაც ლაპარაკობდნენ საავადმყოფოში, მეც და ჩემს მეგობრებსაც გვესმოდა მათი საუბრები. ეს საქმე მირზა სუბელიანის ჩართულობით გაყალბდა. 2-3 დეკემბერს ამ ბავშვებმა ცხელ გულზე მისცეს ჩვენება და სიმართლე თქვეს, ვინ დაიწყო ჩხუბი და ვინ რა გამოიყენა. მერე სუბელიანისა და პროკურატურის დავალებით მოზარდების ჩვენებები შეცვალეს.

შოთაძე მართალი რომ ყოფილიყო, კი არ უნდა გადამდგარიყო, პირად პასუხისმგებლობაზე უნდა აეყვანა ეს საქმე და წესიერად გამოეძიებინა. ლაჩრულად მოიქცა...

ამ შემთხვევამდე ჩემს მეგობართან ვმუშაობდი დისტრიბუციაში, სამსახურში ვიყავი, როცა დამრიგებელმა დამირეკა და მითხრა, ინციდენტი მოხდაო. ცუდი არაფერი მიფიქრია. მერე მითხრეს, დათო ფეხშია დაჭრილიო და თანამშრომელმა საავადმყოფოში წამიყვანა. დათო სალარიძე

ფოიეში გავიგე, დათო დაჩეხილია და სასიცოცხლო ნიშნები აღარ აქვსო. ოპერაციის მერე ექიმებს ველაპარაკე, რომლებმაც გადარჩენის იმედი არ მომცეს. მაინც ვინუგეშებდი თავს, რომ დათო იცოცხლებდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ექიმმა მისი ნახვის ნება დამრთო, მითხრა, სხეული გაუთბა და საჩვენოდაა საქმეო... 2-3 საათში დათუჩა გარდაიცვალა. მეუღლე ჩემს მამიდაშვილთან ერთად ისრაელში იყო, იმას ავუხსენი მდგომარეობა და ნათია მოტყუებით ჩამოვიყვანეთ. მეუღლეს აეროპორტში ვუთხარი, დათო რომ აღარ გვყავდა, ჯობდა ჩემგან გაეგო სიმართლე. იმ დღის გახსენება არ მინდა, კოშმარი იყო...

ბრძოლას ბოლომდე მივიყვან. დათო რომ დამნაშავე ყოფილიყო, არც მას დავიცავდი. ამ გაუსაძლის მდგომარეობას ისევ ჩვენით ვუმკლავდებით. რა გადავლახეთო, ვერ ვიტყვი... ნათიას მისი მეგობრები უდგანან მხარში. ჩემს გოგონას, მარიამს ძალიან უჭირს ძმის გარეშე ცხოვრება. 51-ე სკოლიდან სხვა სკოლაში გადავიყვანე, ბავშვი მუდმივად სტრესში რომ არ ყოფილიყო. აღარც მე ვიყავი იქ მიმსვლელი. მარიამი ცდილობს დარდი არ შეიმჩნიოს, მაგრამ მშობელს რა გამოეპარება?..

წინა დღეებში დათოს კლასელებისთვის დაუსვამს კითხვები, რომ მოვკვდები, რამდენი კაცი მოხვალთ და თუ მიტირებთო. ალბათ, ჰქონდა წინათგრძნობა. დათოს დანის შიში ჰქონდა, კარტოფილს მარიამს ათლევინებდა, მერე თვითონ წვავდა... 25 ივლისს 18-ის გახდებოდა, ამბობდა, ან სპორტს გავყვები, ან ექიმი გამოვალო... შეყვარებული იყო, ძალიან უყვარდა თანაკლასელი გოგონა და ხშირად ახსენებდა, ზრუნავდა მასზე. როცა პოლიციამ მისი ნივთები გადმომცა, მათ შორის საღეჭი რეზინის სტიკერებიც იყო, ზედ გულები ეხატა. დათოს შეყვარებულმა გოგონამ მითხრა, ჩემი ნაჩუქარია და არ მეგონა, ამდენ ხანს გულის ჯიბით თუ დაატარებდაო. ზაზა სარალიძე ოჯახთან ერთად პატრიარქთან

ბევრი რამით ეცადა ხელისუფლება ჩემს გაჩერებას, სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრეს ჩემზე, პოლიციელმა იცრუა, თითქოს რკინის ძელი ჩავარტყი თავში. აქამდე სამართალდამცველებთან შეხება არასოდეს მქონია, პროკურატურამ გააჟღერა, თითქოს მე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ვყოფილვარ, არადა, მხოლოდ ავტომანქანის ვიდეოჯარიმებზეა ლაპარაკი. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, თუ დამაპატიმრებენ ან შემაშინებენ, გავჩერდები. პროკურატურას ერთადერთი - ჩემი ლიკვიდაცია აქვს გამოსავალი, რომ წინააღმდეგობა აღარ გავუწიო. კიდეც რომ მომკლან, ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს, ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანოს, ამას ჩემი ყოფნა-არყოფნა არ წყვეტს. თუ სამართალი ვერ ვიპოვე, სტრასბურგში წავალ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებსაც ჩავრთავ.

ყოველდღე ავტომატურად ვაღებ დათუნას ოთახის კარს, ჩემს შვილს რომ დავხედო. იმ პერიოდში, როცა გვიან მიწევდა სამსახურიდან მოსვლა, აუცილებლად უნდა დამეხედა ბავშვებისთვის. ახლა მის კუთხეს ვამოწმებ, სადაც დათუჩას გადიდებული ფოტოები და კანდელია, რამე უსწორმასწოროდ არ იყოს. ამ ტრაგედიის მერე ნათია ჩაიკეტა, შვილის სვიტერს ბალიშის ქვეშ ინახავს და დღემდე მასთან ჩახუტებულს სძინავს...

ადამიანები წლები ემზადებიან აღსარება-ზიარებისთვის, მე კი ამხელა პატივი და წყალობა მხვდა პატრიარქისგან - დიდი მადლობა უწმინდესს, რომელმაც ჩემი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო და ვეცდები გავამართლო მისი ნდობა.