მკვლელობები, რომლებმაც 2018 წელს ქვეყანა შეძრა - კვირის პალიტრა

მკვლელობები, რომლებმაც 2018 წელს ქვეყანა შეძრა

ხადას ხეობის ტრაგედია

მთელი ქვეყანა შეძრა ივლისში ოჯახის სამი წევრის, 43 წლის რაიანის, 42 წლის ლორასა და მათი 4 წლის ბიჭის სასტიკმა მკვლელობამ. ხადას ხეობაში, სოფელ წკერეს სიახლოვეს სმიტების ოჯახი დასასვენებლად წავიდა, კარავი ჰქონდათ გაშლილი. მათი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სატელეფონო კავშირი გაწყდა. ამერიკელი წყვილი მარნეულში ცხოვრობდა. კალიფორნიაში დაბადებულ რაიანს საქართველოში ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა, მისი მეუღლე ლორა სმიტი კი მოხალისე მასწავლებლის სტატუსით მარნეულის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. წყვილს 2012 წელს საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მწყემსმა კობაურმა შელაპარაკების დროს რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ლორა სმიტი კი გააუპატიურა და შემდეგ მდინარეში ჩააგდო. ჯერ მშობლების ცხედრები იპოვეს, რამდენიმე დღეში კი ზვავში გადამალული ბავშვის ცხედარიც. ამ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კობაური ახალგორიდან დევნილია. მან თავად შეატყობინა პოლიციას, რომ ქალის ცხედარი იპოვა. ორი დღე კობაური მაშველებთან ერთად რაიან და ქეილებ სმიტების ცხედრების ძებნის ოპერაციაში მონაწილეობდა. მერე მასზე მიიტანეს ეჭვი. გამოძიება ირწმუნება, რომ ბავშვის გადამალული გვამი სწორედ მან აჩვენა პოლიციას.

კობაურს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ედავებიან. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თავად მწყემსი თავს არ ცნობს დამნაშავედ. გაცხადდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შოკის მომგვრელი დასკვნა: ლორა სმიტი გაუპატიურებულია და კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოაჩინეს. კიდევ ერთი დეტალი, რაც უმძიმესია, ექსპერტიზის დასკვნით, რაიან და ქეილებ სმიტების მკვლელობის იარაღზე აღმოჩენილია 4 წლის ქეილების გენეტიკური პროფილი. დასკვნით დადგენილია, რომ პატარას მიბჯენით ესროლეს.

20 წლის მალხაზ კობაურსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულს ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოუტანენ.

"უნდა ვიცოცხლო, რომ 20 წლის მერე ეს კაცი მოვკლა..." ანა ნაცვლიშვილი

2018 წლის 22 თებერვალს თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის დასახიჩრებული სხეული პოლიციელებმა მისი სახლიდან ოდნავ მოშორებით, ავტოფარეხებთან იპოვეს. გოგონა ყელგამოღადრული იყო, თავი კი ქვით ჰქონდა გაჩეჩქვილი. მოკლულს სხეულზე 33 ჭრილობა აღმოაჩნდა. ძალოვანებმა გოგონას შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მეორე დღესვე დააკავეს. უმძიმესია მისთვის წაყენებული ბრალი - ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა.

გამოძიებით დადგენილია, რომ იმ ღამით 4 საათამდე ანი ნაცვლიშვილი და მისი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი ერთმანეთს მესიჯებს სწერდნენ. მათ 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა. საქმის მასალების მიხედვით, ეჭვიანობის ნიადაგზე განაწყენებულმა გრიგალაშვილმა ანი სახლიდან გაიხმო და მათი სახლის მიმდებარედ, პატარა სკვერში, ავტოფარეხთან შეხვდა. იქ კი კისრისა და თავის არეში მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ გრიგალაშვილი მიიმალა, გამთენიისას კი მივიდა გოგონას სახლში და მის დას უთხრა, ანი სოციალურ ქსელში არ მპასუხობს და ამიტომ ვეძებო. მაშინ გაირკვა, რომ გოგონა შინ არ იყო. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცხედარს მიაგნო, ეჭვი გრიგალაშვილზე მიიტანა და მისი ბინის, მანქანისა და ავტოფარეხის გაჩხრეკისას მკვლელობის იარაღი ამოიღო.

"დამნაშავეა ეს კაცი, ერთს გთხოვ, ბატონო მოსამართლევ, ამას რომ მიუსაჯოთ 20 წელი, მე იმისთვის უნდა ვიცოცხლო, რომ 20 წლის მერე ეს კაცი მოვკლა... ლოგინში იწვა ბავშვი, გაიყვანა და მომიკლა, ის ციხიდან არ უნდა გამოვიდეს, ციხეში უნდა ჩალპეს", - თქვა პროცესზე შვილმოკლულმა მამამ.

გამოძიების პროცესში გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა და მას სხვა ბრალდებაც წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ლადო გრიგალაშვილი ნაცნობ გოგოს ფულს სძალავდა და ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ გრიგალაშვილი გოგონას თავად მიუთითებდა, რა ვითარებაში უნდა გადაეღო საკუთარი შიშველი სხეულისთვის სურათები. შემდეგ ამ სურათების გასაჯაროების მუქარით ფულს სძალავდა. მიმოწერა გამოძიებამ "ფეისბუკიდან" ამოიღო, სადაც მსხვერპლი გრიგალაშვილს დროს სთხოვს, რომ საკმარისი თანხის შეგროვება მოახერხოს.

21 წლის ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შემზარავი მკვლელობა ბავშვების თვალწინ

13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მკვლელმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. იმ დღეს ბარნოვის ქუჩის ბინადრებს ბავშვების და ქალის განწირული კივილი შემოესმათ, მეზობლები ბინას მისცვივდნენ, მაგრამ კარი არავინ გააღო. მალე დაინახეს, როგორ გადახტა ფანჯრიდან დამნაშავე და გაიქცა. ბინაში შესულებს უმძიმესი სურათი დახვდათ: 3 და 6 წლის შეშინებულ პატარებს ტანზე სისხლის კვალი ეტყობოდათ. ოთახის სიგრძეზე ჩანდა გვამის თრევის კვალი. გამრეკელაშვილის ცხედარს 33 ჭრილობა და მრავალი სისხლნაჟღენთი ჰქონდა. 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულმკერდის არეში, დანარჩენი სხეულის სხვადასხვა ადგილას.

დანაშაულის მეორე დღეს ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე თელეთში, მამიდაშვილის სახლში აიყვანეს.

ვეფხვია ბაქრაძე და ნათელა (ნათია) გობაძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. ოჯახური კონფლიქტის გამო 2014 წელს ბაქრაძე გაასამართლეს, ცოლმა ითხოვა მისი შეწყალება, მისი განცხადება კომისიამ გაითვალისწინა. ციხიდან გამოსული ბაქრაძე ცდილობდა აღედგინა ნათიასთან ურთიერთობა, ქალიშვილი თამარი კი ამას ხელს უშლიდა, ამიტომ გერსა და ვეფხვიას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ხშირი იყო მუქარაც. ტრაგედიამდე 2 საათით ადრე თაკო გამრეკელაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივიდა და მოძალადისგან დაცვა ითხოვა. დამცავი ორდერიც გამოიცა, თუმცა მსხვერპლი ვეღარ დაიცვეს სამართალდამცავებმა. პოლიციიდან გამოსულმა თაკომ ბაღიდან შვილები გამოიყვანა და შინ დაბრუნდა. ბინაში კი ჩასაფრებული მამინაცვალი დახვდა. მკვლელობის შემდეგ ბაქრაძემ კვალის წაშლა სცადა, ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს ბენზინი გადაასხა, თუმცა ცეცხლის წაკიდება ვერ მოასწრო, რადგან ხმაურზე მეზობლები მისცვივდნენ.

სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა შეეფარდა.

მართალია, ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა არ ეთანხმება საქმის კვალიფიკაციას. ირწმუნება, რომ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში არ ჩაუდენია და ბავშვები მკვლელობის დროს მეორე ოთახში ჰყავდა გაყვანილი, მაგრამ ბავშვები აღწერენ, როგორ დაარტყა დედას დანა, როგორ ეხვეწებოდა დედა, არ მომკლაო.

"ნებიერიძე ციხიდან 9 თვის გამოსული იყო" იაგო ნებიერიძე სასტიკმა მკვლელობამ გორელები ქუჩაში გამოიყვანა. ხალხი მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა. 34 წლის იაგო ნებიერიძეს არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და ციხეშია გამოკეტილი.

იმ საბედისწერო დღეს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი ცეკვაზე წავიდა, შინ დროზე რომ არ დაბრუნდა, ოჯახმა განგაში ატეხა. იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე ნანა ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. პატარას თავზე ცელოფანის პარკი ჰქონდა შემოხვეული, ხელები და ფეხები - მავთულით შეკრული. ძალოვანებმა მკვლელობის ადგილსაც მიაგნეს. დადგენილია, რომ გოგონა თავისი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, მეორე ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. იქ იატაკსა და კედელზე ბავშვის სისხლის კვალიც აღმოჩნდა. სწორედ იმ სახლში მუშად მუშაობდა ბრალდებული იაგო ნებიერიძე.

ამ დანაშაულის ჩადენის დროს ის ციხიდან 9 თვის გამოსული იყო. პირველად ციხეში 20 წლის ასაკში მოხვდა. 2004 წელს ბერძნიშვილების სახლში ოჯახის უფროსი ავტოფარეხს აშენებდა და ნებიერიძე ეხმარებოდა. მაშინ მოულოდნელად დაიკარგა ბერძნიშვილების 11 წლის ბიჭი და მის კვალს ვერსად მიაგნეს. მოგვიანებით ოჯახს დაუკავშირდნენ და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 20.000 ლარი მოსთხოვეს, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და გაირკვა, რომ ოჯახს ნებიერიძე სძალავდა ფულს. ის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, ასევე ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაც წაუყენეს. პროკურატურას საქმის მტკიცებულებებით გამყარება გაუჭირდა, ვერც ბავშვის ადგილსამყოფელს მიაგნეს, 11 წლის ბიჭი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ნებიერიძეზე სასამართლომ მხოლოდ გამოძალვის ბრალდებით გაასამართლა და 4 წელი მიუსაჯეს.

გამოძიებამ თაროზე შემოდებული დაკარგული ბავშვის გაუხსნელი საქმე ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შემდეგ ჩამოიღო და ბერძნიშვილის საქმის გამოძიება ამდენი წლის შემდეგ განაახლა. არსებული ინფორმაციით, ნებიერიძემ ძალოვანებთან აღიარა ბერძნიშვილის მკვლელობა და ის ადგილიც მიუთითა, სადაც წლების წინ ბავშვის ცხედარი დამარხა. სამართალდამცავები სპეციალური აპარატურით და სკანერის დახმარებით ცდილობდნენ ცხედრის პოვნას, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნეს. იაგო ნებიერიძე 2008 წელს, მეორედ, ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. ხშირად მისი მსხვერპლები არასრულწლოვნები იყვნენ. სასამართლომ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით მაშინ 17 წელი მიუსაჯა, ამნისტიით შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდგომ კი 17 წლის ნაცვლად, მხოლოდ 9 წელი აკმარეს. ნებიერიძე 2018 წლის თებერვალში ციხიდან გამოვიდა და სულ რამდენიმე თვეში უმძიმეს დანაშაულში ამხილეს. თუ ბერძნიშვილის ცხედარს მიაგნეს, მას უფრო დაუმძიმდება ბრალი.

საქართველოში დანაშაულმა იმატა

2018 წელს ქვეყანაში 5000-ზე მეტი სისხლის სამართლის დანაშაულია რეგისტრირებული, აქედან 1900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებს. მიმდინარე წელს 100-ზე მეტი მკვლელობა მოხდა, აქედან 20 განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებშია ჩადენილი.

ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1500-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 137%-ით მოიმატა ოჯახური ძალადობის ფაქტებმა. 4100-ზე მეტ შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ოჯახური ძალადობის შემთხვევების 61% გახსნილია და პასუხისგებაში მიეცნენ მოძალადეები.

შარშანდელთან შედარებით გაზრდილია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულიც, 88%-ით მოიმატა ქვეყანაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქურდობის შემთხვევებმაც. 80%-ით გაიზარდა გაუპატიურების გამო აღძრულ საქმეთა რიცხვიც.

ნარკოტიკის კონტრაბანდის ფაქტებმა 12%-ით იკლო. სამაგიეროდ, ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონოდ დათესვის ფაქტებმა 206%-ით მოიმატა. სულ 380-ზე მეტი ასეთი შემთხვევა გამოავლინეს და ამ კატეგორიის დანაშაული 91%-ით გახსნილია.

საერთო ჯამში, საქართველოში წინა წელთან შედარებით დანაშაულის რიცხვმა 60%-ით იმატა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი - 35%-ია.