"დათო და ლექსო აღარ არიან, ორივე მოკლეს..." - ვინ არიან წავკისში მოკლული ახალგაზრდები? - კვირის პალიტრა

"დათო და ლექსო აღარ არიან, ორივე მოკლეს..." - ვინ არიან წავკისში მოკლული ახალგაზრდები?

თბილისში, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოკლულები არიან 26 და 28 წლის ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, რომლებიც ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

დაჭრილია კიდევ 2 პირი, მათგან ერთ-ერთი 35 წლის მამაკაცი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი, ხოლო  მეორე დაჭრილი მამაკაცის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში. შემთხვევას წინ უძღოდა ინციდენტი წავკისში. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები და დაჭრილები ერთმანეთის მეგობრები არიან.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ "ფესიბუკში" პოსტს ავრცელებს მოკლული ახალგაზრდების ახლობელი. "ეს რა ქენით ბიჭებო, მთელი უბანი ფეხზე ვართ და ვტირით, აქ საერთოდ ყველა ტირის, დათო და ლექსო აღარ არიან, ორივე მოკლეს და ჩვენთან აღარ არიან, 26-28 წლის ბიჭები გაცივდნენ, ლექსოს მეუღლე და შვილი ყავს, კიდევ ორი დაჭრილი უბნელი საავდმყოფოშია მძიმედ, რა ღამე და ახალი წელი დამიდგა, დღეიდან მეც გვამი ვარ, უფრო სწორედ, მოსიარულე გვამი..." - წერს ლუკა ფეიქრიშვილი.

(წყარო)

იხილეთ ასევე: "ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან და ხანჯლით დაჩეხა ყველა"