ფეიქრიშვილების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი - რა მოხდა წავკისში? - კვირის პალიტრა

ფეიქრიშვილების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი - რა მოხდა წავკისში?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 დეკემბერს, გვიან საღამოს წავკისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 3 პირი.

წავკისი მომხდარ საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი აბულაძეები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მამა, რომელიც კრიმინალური ტრადიციების მიმდევარია, შვილს წავკისში საქმის გასარჩევად გაჰყვა. შსს-ის ინფრომაციით, მკვლელობაში მონაწილეობა ორივემ მიიღო. კიდევ ერთი დაკავებული პირი, რომელსაც ბრალადა ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, გვარად, ყურაშვილია.

გთავაზობთ შსს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას:

"გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს 1990 წელს დაბადებული დ.ფ.-სა და 1993 წელს დაბადებული ლ.ფ.-ს მკვლელობა. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ კიდევ ორი პირი - 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1991 წელს დაბადებული რ.ზ., რომელთაც ამ დრომდე უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.

შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან გ.ა.-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და 2 ან მეტი პირის მიმართ და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.", - ამბობენ შსს-ში.

იხილეთ ასევე: "ეჭვმიტანილებმა ლექსოს მანქანა დაუზიანეს და იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ, აქეთ დახოცეს ბიჭები"

(სპეციალურად საიტისთვის)