მძღოლი, რომელიც 11 წლის გოგონას დაეჯახა, სამხედრო მოსამსახურეა - კვირის პალიტრა

მძღოლი, რომელიც 11 წლის გოგონას დაეჯახა, სამხედრო მოსამსახურეა

თავდაცვის სამინისტრო სამტრედიაში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ბავშვი დაიღუპა, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სამტრედიის მუნიციპალიტეტში, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - უკვე გამოკითხულია მძღოლი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"